"ზარმაცის" მოთვინიერება - კვირის პალიტრა

"ზარმაცის" მოთვინიერება

ზარმაცი ნაწლავების სინდრომით (შეკრულობა) იტანჯება პლანეტის მოსახლეობის 50%. მათი უმეტესობა ტრადიციულად იყენებს გამხსნელ საშუალებებს, რომელთა მოქმედება მხოლოდ ერთ დღეს გრძელდება. მასტიმულირებელი საშუალებების დადებით ეფექტს თან სდევს შებერილობა, სპასტიკური ტკივილები, ტუალეტში მოულოდნელი და ხშირი "სტუმრობის" სურვილი...

თუ დროდადრო მეორდება შეკრულობა, საჭიროა რეჟიმისა და კვების რაციონის შეცვლა. სტატისტიკით, შეკრულობის შემთხვევების 95% დაკავშირებულია არა სერიულ დაავადებებთან ან ნაწლავის მუშაობის დარღვევასთან, არამედ არასწორი ცხოვრების წესსა და საკვებთან. ეს არის ე.წ. ფუნქციონალური შეკრულობა ან "ზარმაცი" ნაწლავები.

გახსოვდეთ, გამხსნელი საშუალება უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგან ნაწლავები ძალიან სწრაფად ეგუებიან ამ სტიმულატორებს და ვეღარ შველიან ადამიანს.

გარდა ამისა, გამხსნელი საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება იწვევს მინერალური მარილების მნიშვნელოვან დანაკარგს. ექიმები გვირჩევენ, არ შევიკავოთ თავი დეფეკაციისგან, რათა არ დაგემართოთ შეკრულობა. უნდა მიიღოთ დღეში არანაკლებ 1,5 ლ წყალი. წყლის უკმარისობის დროს კუჭსა და ნაწლავებში ფერხდება საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფა მსხვილ ნაწლავში და ფორმირდება მკვრივი მასა (ქვები). ასევე უნდა მიიღო ბევრი უჯრედისი, რომელსაც შეიცავს უხეშად დაფქული ხორბლის პური, ბურღულეული, პარკოსანნი, სეზონური ხილი და ბოსტნეული. უჯრედისები, რომლითაც მდიდარია ეს პროდუქტები, უზრუნველყოფენ ნაწლავების რეგულარულ მუშაობას და გაწმენდას.

ქრონიკული შეკრულობა შეიძლება გამოიწვიოს ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესმა, რადგან არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვა აზარმაცებს და ადუნებს კუნთებს... თუ სამსახურში გიწევთ დიდხანს ჯდომა, ყოველ საათში ერთხელ ადექით, დაიხარეთ, მიტრიალ-მოტრიალდით ან უბრალოდ გაიარეთ, დილით გააკეთეთ მარტივი ვარჯიშები, იცურავეთ. ნებისმიერი სპორტის სახეობა ეხმარება ნაწლავებს გამართულად მუშაობაში, ფიზიკური დატვირთვისა და ვარჯიშის დაწყების წინ დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი.

გახსოვდეთ! ერთმანეთისგან უნდა განასხვაოთ მწვავე შეკრულობა და ქრონიკული (ხანგრძლივი) შეკრულობა. მწვავე შეკრულობის (ავადმყოფობის შედეგი) დროს სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, ის შეიძლება რომელიმე დაავადებამ გამოიწვია, ასევე უნდა მიმართოთ ექიმს, როდესაც შეკრულობას თან სდევს რექტალური სისხლდენა, მუცელში ტკივილი, პირღებინება და გულისრევის შეგრძნება.