ძლიერი იმუნიტეტი რომ გვქონდეს - კვირის პალიტრა

ძლიერი იმუნიტეტი რომ გვქონდეს

ყოველდღე ორგანიზმში წარმოიქმნება 12 მილიარდი ახალი უჯრედი, მათგან 80 მილიონი - მუტანტი უჯრედია. მათი სწრაფად აღმოჩენა და მოსპობა ევალება იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, ის იძულებულია, მოიგერიოს შინაგანი აგრესორები - ვირუსები, ბაქტერიები და სხვა უცხო აგენტები. განსაკუთრებით დიდი შრომა უწევს მას მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს. ძლიერ იმუნიტეტს შეუძლია გაუმკლავდეს ამ სიძნელეებს, მაგრამ თუ ის დაძაბუნებულია სტრესებით, მავნე ჩვევებით, ქრონიკული დაავადებებით, მისი დამცველი შესაძლებლობებიც მცირდება, სუსტდება.

სისუსტე, სწრაფი დაღლილობა, მეხსიერების დაქვეითება, ცუდი გუნება-განწყობილება - მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემების მიზეზი დაბალი იმუნიტეტია და იწყებენ მის სტიმულირებას წამლებით. თუმცა ექიმები ზოგჯერ თავს იკავებენ ამ ზომებისგან და აი, რატომ.

ერთი, რომ სისუსტე და სხვა სეზონური უგუნებობა ყოველთვის არ არის დაკავშირებული იმუნიტეტის დაქვეითებასთან. მათ შეიძლება იწვევდეს დეპრესია, ქრონიკული ინფექციები და ვიტამინების ბანალური დეფიციტი. ამ მიზეზებს ადგენს თერაპევტი.

მეორე - იმუნომოდულატორების უკონტროლოდ მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები, მაგალითად, აუტოიმუნური დაავადებები (ორგანიზმი იწყებს თავისი ქსოვილის აღქმას, როგორც უცხოსი და გამოიმუშავებს ანტისხეულებს). ამიტომაც იმუნომოდულატორების მიღებას უნდა აკონტროლებდეს ექიმი.

იმუნიტეტის შემოწმების მიზეზს იძლევა ხშირი გაცივება (წელიწადში 5-ჯერ), ხანგრძლივად სუბფებრილური (37-37,5 0ც), ტემპერატურის აწევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა. ამ შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ იმუნოლოგს, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა დონეზეა იმუნიტეტის დამცველი სისტემა და შეარჩევს აუცილებელ პრეპარატებს.

იმუნიტეტს ყველაზე საიმედოდ იცავს არა წამალი, არამედ ჯანმრთელი ცხოვრების წესი. შეეცადეთ, სწორად იკვებოთ (იმუნიტეტისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა A, C და E ვიტამინები, რკინა და თუთია). ბევრი ისეირნეთ ჰაერზე, იმოძრავეთ, გამოიძინეთ, უარი თქვით მავნე ჩვევებზე, თავი აარიდეთ სტრესებს. გაცივების სეზონში შეიძლება მიიღოთ პოლივიტამინები, სხვადასხვა მცენარეებზე დამზადებული საშუალებები (მაგალითად, ელეუთეროკოკის, ლიმონურას, ექინაცეასი). თუმცა, უკეთესია წინასწარ მოეთათბიროთ ექიმს.