როცა პატარას კბილი სტკივა - კვირის პალიტრა

როცა პატარას კბილი სტკივა

ერთადერთი მაშველი ექიმი-სტომატოლოგია. თუმცა მანამდე არის უამრავი წესი, რომელთა დაცვა მას ტკივილს ააშორებს. გვესაუბრება ექიმი-სტომატოლოგი ნინო ცხომელიძე:

- პატარების პირის ღრუს დაავადების მიზეზად უპირველესად ორსულობისას დედის კვება სახელდება, ამიტომაც არის აუცილებელი ამ დროს ექიმის რჩევის გათვალისწინება. ზოგადად კი პატარებში (ისე, როგორც დიდებში) ყველაზე გავრცელებული დაავადება კარიესია. ის 2-3 წლის ასაკში უკვე ბავშვების 30%-ს აწუხებს. კარიესი ქრონიკული, ხანგრძლივი პროცესია და თუ მას მივუშვებთ, შეიძლება მთელი ორგანიზმი ჩაითრიოს... მაგალითად, გამოიწვიოს სახსრების დაავადება.

- კბილზე შავი ლაქები აუცილებლად ნიშნავს, რომ კარიესი იწყება?

- არა, ზოგიერთი ბაქტერია გამოიმუშავებს ნივთიერებებს, რომლებიც კბილის ზედაპირზე შავი პიგმენტის სახით ილექება. ასეთი ნადები არც კარიესის და არც პაროდონტის დაავადების განვითარებაზე არ მიუთითებს; კარიესი კი ინდივიდუალურ კბილზე ჩნდება. პატარებში არსებობს კარიესის თავისებური სახეობაც, რომელსაც "ბოთლის კარიესი" ეწოდება. სამწუხაროდ, ის კბილების ამოჭრისთანავე იწყება. დღემდე ამ ტერმინით აღინიშნებოდა სარძევე კბილების კარიესი, რომელიც პატარებს ბოთლის ხანგრძლივი ხმარების გამო უვითარდებოდათ. ბოლო წლებში ტერმინი გავრცელდა ისეთი წარმოშობის კარიესებზე, რომელიც წარმოიშობა კარიესოგენული კვების პროდუქტებისგან (ორცხობილა, შაქარყინული, ღვეზელი და ა.შ.), საბავშვო ვაჟინები, არაფტორირებული კბილის პასტები.

საწყის სტადიაზე ზედა ყბის სარძევე საჭრელი კბილების ზედაპირებზე ჩნდება ცარცისებრი მკვეთრი თეთრი ხაზები. შემდეგ ეს თეთრი კერები აზიანებენ მინანქარს და კბილებს მოყვითალო შეფერილობა უჩნდებათ.

- პატარებში ღრძილების ანთებაც ასევე ხშირად ვითარდება?

- სამწუხაროდ. ღრძილების ანთებას, ანუ გინგივიტს, შორსწასული ფორმების დროს თან ახლავს შეშუპება, რომელიც მთლიანად ფარავს კბილის გვირგვინებს. თუ გვინდა ის ქრონიკულ ფორმაში არ გადავიდეს, სასურველია, მშობელმა ბავშვი სტომატოლოგთან ხშირად მიიყვანოს, - მართალია, ღრძილი ძალიან მგრძნობიარეა, ადვილად ზიანდება და ავადდება, მაგრამ მას აქვს რეგენერაციის უნარი და ყველა დაზიანება მალე ხორცდება. ამიტომაც არის ღრძილების დროული მკურნალობა უალტერნატივო.

- როდის უნდა დაიწყოს პატარამ კბილების გახეხვა?

- უმჯობესია, რაც ადრე დაიწყებს. უკვე ორი წლიდან პატარებს კბილის ჯაგრისს ვაძლევთ და კბილების ხეხვას ვასწავლით. ამ პროცესს ის აიოლებს, რომ პირის ღრუში წყლის გამოვლება და გადმოქცევა ყველა ბავშვს უხარია. თუმცა კბილების სრული გახეხვა ბავშვებს მაინც საკმაოდ დიდხანს უჭირთ, - ხუთი წლის ბავშვი, რომელიც დამოუკიდებლად დადის ტუალეტში და ხელ-პირს იბანს, კბილების სწორად გამოხეხვას ვერ ახერხებს. ამიტომაც ამ დროს მათ გვერდით მშობელი უნდა ედგას, თუმცა არა მკაცრი ზედამხედველივით.

- საინტერესოა ჯაგრისის მოვლის წესი.

- ჯაგრისს მართლაც სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. ის საშუალოდ 3-4 თვე გამოიყენება. მერე კი უნდა გამოვცვალოთ. ამ ხნის მანძილზე ჯაგრისის თავი აუცილებლად უნდა გაირეცხოს. არსებობს ჯაგრისის სარეცხი მრავალი ფხვნილი და ხსნარი, თუმცა ნელთბილი წყლით და ჩვეულებრივი ხელის საპნითაც შეიძლება. მთავარი კი ის არის, რომ ჯაგრისი შევინახოთ არა თავდახურული, არამედ თავდაუხურავი, რადგან ასე მასზე ნაკლებად გროვდება ბაქტერიები.

- პატარებს, კბილების გასასწორებლად ხშირად სჭირდებათ ორთოდონტული მკურნალობა. ამ აპარატების გამოყენებისას არსებობს კბილების მოვლის განსაკუთრებული წესი?

- ორთოდონტული მკურნალობა ხშირად აუცილებელია და კეთილშობილური მიზანიც აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, მას გვერდითი ეფექტებიც აქვს - ზრდის ღრძილების დაავადებების და კარიესის რისკს. ამის თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ კბილებისა და ღრძილების მოვლაზე.