ტერფის სოკოს ნუ ეხუმრებით! - კვირის პალიტრა

ტერფის სოკოს ნუ ეხუმრებით!

ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ დერმატოლოგებისაგან. ზოგადად მიკოზი, ანუ სოკოთი დასნებოვნება თითქოს შეუმჩნევლად იწყება და ძალზე საშიში ხდება ორგანიზმისათვის. მიკოზი რამდენიმე სახისაა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ტერფის მიკოზზე ვისაუბრებთ დერმატოლოგ ნელი ხურციძესთან.

სოკო არც ისე მარტივი დაავადებაა. შეიძლება ისეთ სტადიამდე მივიდეს, რომ უჯრედშიდა პარაზიტის ფორმა მიიღოს და მთელი ორგანიზმი დააზიანოს. ამასთანავე, გადამდებიცაა. არსებობს მიკოზის რამდენიმე რთულად მიმდინარე ნაირსახეობა. ტერფის მიკოზი კი ყველაზე ადრე ტერფის თაღსა და თითებს შორის ჩნდება. ადამიანს თავდაპირველად ქავილი აწუხებს, 2-3 დღის შემდეგ ჩნდება ნახეთქი, საიდანაც გამჭვირვალე სითხე იწყებს ჟონვას, მოგვიანებით კი ბუშტუკები ჩნდება, რომლებიც მალევე შრება და ქერქით იფარება. გარკვეული ხნის შემდეგ კი, არ არის გამორიცხული, სოკო უკვე ფრჩხილებსა და ტერფსაც მისწვდეს. ამ დროს ფრჩილზე ჩნდება მოყვითალო ლაქები. თუმცა ფრჩხილის კონფიგურაცია დიდხანს არ იცვლება. წლების მანძილზე კი, ფრჩხილქვეშა კერატოზის ზრდასთან ერთად, ფრჩხილი სქელდება და დეფორმირდება. ტერფის მიკოზის დროს კი კანი ჯერ იქერცლება, ყვითლდება, მერე თანდათან სქელდება და ზედაპირი კვდება. ამ დროს აღინიშნება კანის ქავილი, სიმშრალე და იშვიათად - ტკივილის შეგრძნება.

- მაინც რა აჩენს სოკოს?

- სოკო  შესაძლოა, იოლად გადაგვედოს ინფიცირებული ადამიანისგან. გადამტანად კი ნებისმიერი ნივთი შეიძლება იქცეს, რომელსაც ინფიცირებული ადამიანი მოიხმარს, მაგალითად, ფეხსაცმელი. გარდა საყოფაცხოვრებო საგნებისა, სოკოთი დასნებოვნების ტიპური გზაა: მანიკიურის ინსტრუმენტები, აუზი, აბანო, სპორტდარბაზის, ფიტნესის გასახდელი (ყველა ის ადგილი, სადაც ადამიანები ფეხშიშველი დადიან), ასევე სასტუმროში - პირსახოცი და ხალიჩა. სოკოს სპორები განცხრომით ბინადრობენ იქ, სადაც სითბო და ტენია. ტერფის სოკოს რისკჯგუფში შედიან მეტისმეტად მჭიდრო ფეხსაცმლის მოყვარულები (განსაკუთრებით, რეზინისა); ვისაც ტერფებზე კანი დაზიანებული (დახეთქილი, გაკაწრული) აქვს; ჭარბი ოფლიანობა ან, პირიქით, კანის სიმშრალე აწუხებს. თუმცა სტატისტიკის თანახმად, ტერფის სოკო უფრო ხშირად მამაკაცებს უჩნდებათ. სოკო თავიდან იოლად ემორჩილება მკურნალობას. ასე რომ, თუ ტერფის მიკოზი გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან სოკოვანი დაავადება თავისთავად არ გაივლის; შეიძინეთ ახალი, მსუბუქი და ჰაერგამტარი ფეხსაცმელი, ძველები კი საგანგებოდ დაამუშავეთ: ჩადეთ შიგ 10%-იან ფორმალინში ან ძმარში დასველებული ღრუბელი, შემდეგ ფეხსაცმელი პოლიეთილენის პარკში მოათავსეთ და აივანზე დადეთ. სამი დღის შემდეგ ცელოფანიდან ამოიღეთ და გასანიავებლად რამდენიმე დღით აივანზევე დატოვეთ.

მტკივან ტერფებს აშუშებს კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარის (1:6000, 1:10000) თბილი აბაზანა.

ტერფის სოკოს ასაშორებლად აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ პროფილაქტიკური საშუალებები: ბანაობის შემდეგ გულდასმით უნდა გავიმშრალოთ ტერფები, განსაკუთრებით თითებსშუა არეები; ვერიდოთ სახიფათო ადგილებში ფეხშიშველა სიარულს; არ ვისარგებლოთ სხვისი პირსახოცით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით. ვიხმაროთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ფეხსაცმელი და წინდები...