ნარინჯისფერი პრინცესა - კვირის პალიტრა

ნარინჯისფერი პრინცესა

შემოდგომით დახლებზე ძალიან ბევრი ისეთი ბოსტნეულია გამოფენილი, რომელიც გვეხმარება ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებაში. მათ შორის გამოირჩევა სტაფილო.

სტაფილოს წვენი სუფთა სახით კანს აშრობს, რაც ცხიმოვანი კანის მოსავლელად კარგი საშუალებაა. სტაფილოს რბილობის კომპრესი ასწორებს ნაოჭებს.

თმის ძირების გასამაგრებლად 3 ს/კ სტაფილოს წვენს დაამატეთ 20-20 გ ლიმონის წვენი და მცენარეული ზეთი, 1 კვერცხის გული. იხმარეთ, როგორც შამპუნი.

სტაფილოს რბილობს დაამატეთ ზღვის მარილი და გაიწმინდეთ სახე - კანს ბრწყინვალებას შემატებს. სტაფილოს და ლიმონის წვენს დაამატეთ ზეითუნის ზეთი და მშრალი საფუარი (თითო ჩ/კ) და წაისვით სახეზე. ასეთი ნიღაბი სახის კანს ჭიმავს და აუმჯობესებს მის ფერს.

სტაფილოს ნიღაბი აცოცხლებს კანს და ხსნის დაღლილობის კვალს: 1 ს/კ სტაფილოს რბილობს დაამატეთ 1 კვერცხის გული და 1 ს/კ კარტოფილის პიურე. წაისვით სახეზე და 5-7 წუთის შემდეგ (არა უმეტეს!) ჩამოიბანეთ, გაიწმინდეთ ტონიკით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

მხედველობა რომ შეინარჩუნოთ, მთელი წელი სვით სტაფილოს წვენი. ის ასევე შემოდგომითა და ზამთარში დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში, რაც იმის საწინდარია, რომ არ გაცივდებით.

კუჭის შეკრულობის დროს: საუზმეზე მიირთვით გახეხილი სტაფილოს სალათა მცენარეული ზეთით - ნებისმიერ კუჭში გამხსნელ პრეპარატს შეცვლის. გარდა ამისა, ის ნაწლავებში ასტიმულირებს სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის ზრდას და კურნავს დისბაქტერიოზს.

ძლიერი ხველების დროს: სტაფილოს თბილ წვენს დაამატეთ თაფლი (1 ჩ/ჭ წვენი: 2 ჩ/კ თაფლი) და დალიეთ ძილის წინ, ხოლო ბრონქიალური ასთმის დროს სტაფილოს წვენს თაფლის ნაცვლად დაამატეთ თბილი რძე (1:1).

სტაფილოს დიეტა ეფექტიანია წონაში დასაკლებად, გარდა ამისა, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ ქოლესტერინს.

ღვიძლის, თირკმლებისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებებისას, მათი პროფილაქტიკის მიზნით, სასარგებლოა ყოველდღე მიიღოთ სტაფილოს ფრეში - წვენი რბილობით.

გახსოვდეთ! სტაფილოს დიეტა არარეკომენდებულია კუჭის წყლულისა და გასტრიტის (დაბალი მჟავიანობით) დროს. ასევე ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები - შეიცავს დაახლოებით 15%-მდე შაქარს.