ჰიპოთერაპიის გამაოგნებელი შედეგები - კვირის პალიტრა

ჰიპოთერაპიის გამაოგნებელი შედეგები

ცხენით მკურნალობამ, ანუ ჰიპოთერაპიამ ჩვენში გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოაღწია. თუმცა მაშინ მედიცინის ამ დარგის ჯეროვანი გამოყენება ვერ მოხერხდა, ამისთვის სახსრებიც იყო საჭირო და დიდი შრომაც. მაგრამ იყვნენ ენთუზიასტები, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ქართული ჰიპოთერაპიის მიღწევებს. ერთი მათგანი გახლდათ დიმიტრი წვერავა, შესანიშნავი ექიმი და სახელგანთქმული ცხენოსანი.

-  საბედნიეროდ, მედიცინასთან ერთად ცხენსაც კარგად ვიცნობ და აღშფოთებული ვიყავი იმ ზედაპირული სამედიცინო მოსაზრებებით, რომელიც ჩვენში ჰიპოთერაპიის გამოჩენასა და მის მოდად ქცევას მოჰყვა. თუ მისით ვიხელმძღვანელებდით, განკურნების მაგივრად პაციენტს დავაზიანებდით. ჩემმა საზღვარგარეთელმა მეგობრებმაც წამაქეზეს და ცხენით მკურნალობის წესების დამუშავება დავიწყე. ჩვენს წელთაღრიცხვამდელ ჩანაწერებსაც კი გავეცანი. მაგალითად, ნევროზის სამკურნალოდ ავადმყოფს ცხენზე ჯდომას და ცივ შხაპს ურჩევდნენ. მერე ძველ საკავშირო ოლიმპიურ ნაკრებთან სამეცნიერო ჯგუფშიც მიმიწვიეს, სადაც ხელი მიმიწვდა ყველაფერზე, რაც ცხენისა და ადამიანის ურთიერთობას შეეხებოდა. ასე შევქმენი სამედიცინო ნაშრომი ჰიპოთერაპიაზე.

- ნევროზი ახსენეთ. ის ძალზე გავრცელებული დაავადებაა.

- ზოგადად ნევროზი იმიტომ ჩნდება, რომ ადამიანს სჭირდება და სურს, რაიმე გააკეთოს, მაგრამ ამის მიღწევის შესაძლებლობას, ანუ ამ საქმეში გამარჯვების პერსპექტივას ვერ ხედავს და ნერვიულობს. ნელ-ნელა ეს პროცესი ქრონიკულში გადადის და ნევროზი ყალიბდება. მაგრამ როგორც კი ადამიანი ცხენზე ჯდება, მასთან კონტაქტს ამყარებს და მიუთითებს, რა გააკეთოს, საით წავიდეს, ის კი ემორჩილება, ეს გამარჯვების საოცარ შეგრძნებას ბადებს. ცხენით ქროლვაც მეტად სასიამოვნოა. სიამოვნებისა და გამარჯვების ეს შეგრძნება ადამიანს ცხოვრებაზე გადააქვს და ნელ-ნელა უჩნდება რწმენა, რომ გამარჯვება შეუძლია.

- გულის დაავადებებშიც თუ აქვს დადებითი ეფექტი ჰიპოთერაპიას?

- რასაკვირველია. ამ შემთხვევაში თავიდან ეფექტი დაუჯერებელიც კი მეჩვენებოდა - საქმე ის იყო, რომ როცა ცხენზე იშემიური დაავადების მქონე პაციენტებს ვსვამდი, მათი პულსი 130-ზე ადიოდა, მაგრამ ეს არ ეტყობოდათ. არადა, ასეთი ავადმყოფებისთვის დატვირთვის დროს ამგვარი პულსი საშიშია. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდით - პულსი მხოლოდ დადებითი ემოციებისაგან იწევდა მაღლა, ისე, რომ ორგანიზმის კუნთები არ იტვირთებოდა და ამიტომაც არ იყო საშიში. სამაგიეროდ, სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას, ანუ მკურნალობის დადებით ეფექტს იწვევდა.

- ძალიან საინტერესოა ცერებრული დამბლის მქონე ბავშვების მკურნალობის საკითხიც.

- ასეთ ბავშვებს მოტორიკა აქვთ დარღვეული. უპირველესად მათ ცხენზე ჯდომა უნდა ვასწავლოთ, რომ არ გადმოვარდეს, მერე კი ინსტინქტურად მიჰყვებიან ცხენს და სწორედ იმას სწავლობენ, რაც უნდა ისწავლონ, ანუ როგორ ამოძრაონ კიდურები ისე, რომ მიზანს მიაღწიონ.

ჰიპოთერაპიას მართლაც გამაოგნებელი შედეგები აქვს ხერხემლის სკოლიოზით დაავადებულ ბავშვებში. ტრადიციულად დაავადების მკურნალობაში სხვადასხვა პროცესი ცალ-ცალკე ერთვება, მაგალითად, ცალკე მუშაობენ თიაქარზე, ცალკე - ხერხემლის გამრუდებაზე, კუნთების ტონუსზე და ასე შემდეგ. ჰიპოთერაპიისას ერთბაშად იწყება ხერხემლის ყველა პრობლემის მკურნალობა - როცა ადამიანი ცხენზე ჯდება, მისი სიმძიმის ცენტრი უნდა ემთხვეოდეს ცხენის სიმძიმის ცენტრს, ამ დროს ხერხემლის დამჭერი კუნთების ტონუსი იმდენად მაღლა იწევა, რომ ხერხემალს ასწორებს და დაავადებებს ნელ-ნელა უკან ახევინებს. თანაც ეს ყველაფერი დადებითი ემოციების კვალად ხდება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამოჯანმრთელებისთვის. ოღონდ, ისე როგორც მედიცინის სხვა დარგებთან შეხებისას, უნდა გვახსოვდეს, რომ ჰიპოთერაპიას აუცილებლად გამოცდილი სპეციალისტები უნდა უძღვებოდნენ.