რას განსაზღვრავს ხასიათი - კვირის პალიტრა

რას განსაზღვრავს ხასიათი

როგორ გავარკვიოთ, როგორი ზნისაა ჩვილი?!

"ინტელექტით ადამიანს ხასიათის ნეგატიური მხარის კონტროლი და მოწესრიგება შეუძლია"

"ჩემი ხასიათი ჩემი მტერია, - მითხრა დიდი ხნის უნახავმა თანაკურსელმა, - ვერც სამსახურში შევეგუე სიტუაციას, ვერც სხვები შეეგუვნენ ჩემს პირდაპირობას. არ შემიძლია თავი მოვთოკო. ზოგს ჩემი აქტიურობა აღიზიანებს, ზოგი ენამწარეობას მწამებს. ასეთი ხასიათი მაქვს და ვერ ვერევი!".

რა არის ხასიათი, რომელსაც შეუძლია პრობლემა შეგიქმნას? - ამ საკითხზე ფსიქოლოგ ნანა მამულაშვილს მივმართეთ:

- ხასიათი კავშირშია ზნესთან... ჩვენ გარკვეული ზნით, ანუ ხასიათით ვიბადებით. როგორც ჩონჩხი არ იცვლება, თუ ჩაქუჩით არ დაამტვრიეს, ისე არ იცვლება ხასიათი. ასე ვთქვათ, "ძვალს ვერ ვცვლით", მაგრამ ძვალზე ზედნაშენის - ხორცის კორექცია, ანუ ემოციის მართვა შესაძლებელია. ახალდაბადებულ ბავშვს უკვე ეტყობა, როგორი ზნისაა, როგორ ტირის, წოვს ძუძუს...

- თუ ჩანასახს უკვე უყალიბდება ხასიათის შტრიხები, დედას შეუძლია,  ხელი შეუწყოს ბავშვის მხიარულ, ოპტიმისტ პიროვნებად დაბადებას?

- ბავშვს ჩანასახშივე აქვს ორივე მშობლის გენი და შესაბამისად, მათი ხასიათის ნაწილიც, ამის შეცვლა შეუძლებელია. მაგრამ არსებობს გენეტიკური მზაობაც - განწყობა, რომლითაც ვიბადებით. გავრცელებული აზრი, ბავშვი რომ ჯანმრთელი დაიბადოს, დედა კარგად უნდა იკვებოს, დადებითი ემოციები მიიღოს - მართალია. დედა თუ მშვიდია, არ ემართება ვირუსული დაავადება, ესეც განსაზღვრავს ბავშვის ხასიათს. შეუძლებელია, ფსიქოპათიური ხასიათის მშობელს ჰყავდეს მშვიდი შვილი...

- ხასიათის ტიპზეც გვითხარით...

- არსებობს უამრავი კლასიფიკაცია... ჰიპოკრატე გამოყოფდა: სანგვინიკ, ქოლერიკ, ფლეგმატურ, მელანქოლიკ ადამიანთა ტიპებს.

სანგვინიკური ტემპერამენტის ადამიანი მგრძნობიარეა, დადებითი ემოციებისკენ მიდრეკილი. ოპტიმისტია, ცხოვრებისგან კარგს მოელის, ადამიანში კარგ მხარეებს ამჩნევს. მისთვის უცხოა გულჩათხრობილობა, დამახასიათებელია გრძნობების გულახდილად გამოხატვა, ხშირად იმპულსური ქმედებები...

ქოლერიკული ტემპერამენტის ადამიანი ადვილად ღიზიანდება, აფექტურია. ცხოვრებასა და ადამიანებში უარყოფით თვისებებს ამჩნევს, მისთვის დამახასიათებელია პესიმისტური ტენდენციები, მაგრამ მტკიცე და ღრმა გრძნობები...

ფლეგმატიკური ტემპერამენტის ადამიანს გულგრილი ხასიათი აქვს. წონასწორობიდან გამოყვანა და მასში ემოციის გამოწვევა ძნელია. აუჩქარებელი, გააზრებული ქმედებები აქვთ. თუმცა ფლეგმატიკი ცხოვრებისგან უფრო დადებითს მოელის, ვიდრე უარყოფითს.  გრძნობები აღმოცენდება ნელა, გვიან, მაგრამ ღრმაა და დიდხანს გრძელდება...

მელანქოლიკური ტემპერამენტის ადამიანი მუდამ ცუდის მოლოდინშია. ნაღვლიანია, ხშირად ცუდ გუნებაზეა, მაგრამ სასოწარკვეთილება იშვიათად იპყრობს, რადგან გრძნობების სუსტი აღგზნებადობა ახასიათებს. უენერგიო, უხალისო, მოძრაობებიც ზანტი აქვს.

ადამიანი შეიძლება იყოს არა ერთი გამოხატული ტემპერამენტის, არამედ შერეული ტიპისა. მაგალითად, სანგვინიკ-ქოლერიკი, ან ქოლერიკ-მელანქოლიკი...

კიდევ ერთ კლასიფიკაციას გაგაცნობთ, მას ფსიქოლოგიაში კარგი საფუძველი აქვს. ეს ტიპებია:

ასთენონევროტული - აღგზნებული, მტირალა, ჭირვეული ადამიანები არიან. ბავშვობაში მოუსვენარი ძილი ახასიათებთ. ხშირად შიშიI იპყრობთ, აქვთ ენურეზი, ენაბლუობა... გარდატეხის ასაკში ეს თვისებები მცირდება, თუმცა მთელი ცხოვრება რჩებათ ეჭვიანობა, შფოთიანობა და იპოქონდრიულობისკენ მიდრეკილება, ახასიათებთ გადამეტებული ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ.

სენსიტიური - ფსიქოასთენიურ (მოაზროვნე) და იოლად განაწყენებად ტიპებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. დეტალებზე ზედმეტ ყურადღებას ამახვილებენ, მიდრეკილი არიან თვითანალიზისკენ და სხვისი განკითხვა სჩვევიათ. აწუხებთ აკვიატებული აზრები, საკუთარ თავში ჩაკეტილი არიან. ინტელექტუალურად განვითარებულებს წარუმატებლობის შიში აწუხებთ, აქვთ ძლიერი პასუხისმგებლობის განცდა.

ეპილეპტოიდური -  ხასიათდება აფექტურობა-დაძაბულობით. ახასიათებს სიჯიუტე, აქვს ძალაუფლების მოთხოვნილება. აკურატული და მოწესრიგებულია. სიყვარულში ეჭვიანები არიან და არ პატიობენ ღალატს. ახასიათებთ ემოციის დაგროვება (გულში ჩადება).

არამყარი - უნებისყოფოა შრომაში, სწავლაში... მუდმივად გართობა უნდა. ბავშვობიდან დაუჯერებელი, ყველგან ცხვირს ჰყოფს, იოლად ექცევა გავლენის ქვეშ - ადრეულ ასაკში იწყებს მოწევას, სმას...

ინფანტილურ-დამოკიდებულებადი - შემსრულებელი ადამიანები არიან, არ ქმნიან პრობლემებს. ხშირად რჩებიან შინაბერებად. თუ დაოჯახდებიან, ძალიან მყარი ოჯახი აქვთ. ახლობლების გავლენის ქვეშ მყოფთ გადაწყვეტილების მიღება უჭირთ...

შიზოიდური - აუტისტურები, ჩაკეტილი ადამიანები არიან. ემიჯნებიან გარემოს, უჭირთ სხვისი განწყობის გაგება, თანაგრძნობა. ახასიათებთ პოლარიზებული განწყობა, ურთიერთგამომრიცხავი თვისებები: სიჯიუტე და თვინიერება, აპათიურობა და აბეზარობა, სიმორცხვე და უხამსობა...

ჰიპერთიმიური - რეჟიმიდან ამოვარდნილი, არაგეგმური ადამიანები არიან. ახასიათებთ ხანმოკლე გაღიზიანება. ხშირად ეცვლებათ განწყობა. აფექტში მყოფნი კარგავენ რეალობის აღქმას...

- შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რომელიმე ტიპის ადამიანი წარმატებული იქნება, ან პირიქით?..

- იმის თქმა, რომ მაინცდამაინც ეს ადამიანი იქნება წარმატებული და არა სხვა, შეუძლებელია. მთავარი ის გახლავთ, რომ ინტელექტით ადამიანს ხასიათის ნეგატიური მხარის კონტროლი და მოწესრიგება შეუძლია. მაგალითად, სიჯიუტე ცუდი თვისებაა, მაგრამ შეიძლება, კაცმა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

აზარტი საშინელებაა, თუ ტოტალიზატორში ხდება ამის რეალიზება, მაგრამ მაგალითად, სამეცნიერო მუშაობაში წარმატების მომტანია... ხასიათზე მაღლა დგას ადამიანი, რომლის პიროვნებად ჩამოყალიბებას აღზრდა, განათლება, ინტელექტი განსაზღვრავს. ადამიანს შეუძლია წამგებიანი თვისება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. საბოლოოდ, ყველაფერს მართავს გონება და არა ხასიათი!