ხმის იოგები - ნუ დატვირთავთ მათ ბავშვობიდანვე - კვირის პალიტრა

ხმის იოგები - ნუ დატვირთავთ მათ ბავშვობიდანვე

თქვენი პატარა ტკბილად მღერის? დაე, იმღეროს, ოღონდ გასართობად, რადგან დღეს მოდად ქცეულმა "სიმღერაზე ტარებამ" შესაძლებელია, მის მშვენიერ ხმას პრობლემები შეუქმნას. თუმცა მხოლოდ სიმღერა როდი აზიანებს ხმის იოგებს.

მედიცინა ამ პროცესს საკმაოდ სერიოზულად მიიჩნევს. მMედიცინის დარგს, რომელიც ხმოვანი იოგების ნორმალურ ფუნქციონირებას და მის პათოლოგიებს შეისწავლის, ფონიატრია ეწოდება. ხმოვანი იოგების დიაგნოსტიკის და მკურნალობის შესახებ ექიმ-ფონიატრ ირინა ქაცარავას ვესაუბრებით.

- ქალბატონო ირინა, ბავშვებს ხშირად ეხლიჩებათ ხმა.... თუმცა არა მხოლოდ ბავშვებს - განსაკუთრებით გაცივებისას უფროსებსაც ხშირად გვეპარება ხმაში ხრინწი. გარდა გაცივებისა, რამ შეიძლება დააზიანოს ხმის იოგები?

- მიზეზი იმდენია, ალბათ სრულად ჩამოთვლაც გაჭირდება. თუმცა, უპირველესად, უმჯობესია, მაინც გაცივებასა და ზედა სასუნთქი გზების ვირუსულ ინფექციებზე ვისაუბროთ, რადგან ხმის ჩახლეჩის ან დაკარგვის ყველაზე ხშირი მიზეზი მაინც მწვავე ლარინგიტია. ეს თვითგანკურნებადი დაავადება ხშირად სულაც არ მოითხოვს ანტიბიოტიკებით ჩარევას. მწვავე ლარინგიტის დროს კი ხმა შეიძლება  დაიკარგოს, თუმცა აუცილებლად ორ კვირაში უნდა აღდგეს. მაგრამ თუკი არ აღდგა, უსათუოდ ექიმთან მისვლაა საჭირო.

ხმის ჩახრინწვა შეიძლება გამოიწვიოს ასევე ცხვირის ღრუს და ხახის ნებისმიერმა ანთებითმა პროცესმა, თამბაქოს წევამ, დიდი დოზით სპირტიანი სასმელების დალევამ.  თამბაქოს კვამლში არსებულმა მავნე მინარევებმა კი სისხლძარღვების შეშუპებასთან ერთად, შესაძლოა, იოგებზე სიმსივნური წარმონაქმნებიც განავითაროს.

ხმის დაკარგვას არცთუ იშვიათად ნევროზიც იწვევს - საკმარისია ძლიერი შიში ან სხვა სახის მოულოდნელი ნერვული სტრესი, რომ ლაბილური (არამდგრადი) ნერვული სისტემის პატრონებმა მყისიერად დაკარგონ ხმა.  აგრეთვე მინდა გაგაცნოთ ხმის დაკარგვის ის მიზეზები, რომელიც ჭარბობს ეგრეთ წოდებულ ხმის პროფესიონალებს (ვოკალისტები, პედაგოგები, ტელეწამყვანები, პოლიტიკოსები და ა. შ.) შორის. ხმის ხშირად გამოყენებას თან მოსდევს მისი გადატვირთვა, დაღლა...

ჯანმრთელი იოგები სიმივით არის დაჭიმული. როცა საუბარს ვიწყებთ, შევისუნთქავთ ჰაერის ტალღებს, რომლებიც სიმივით დაჭიმულ იოგებს არხევს, ისინი ამ დროს ერთმანეთს ეხებიან და ამ შეხებისას იბადება ბგერა. ამას სხვანაირად იოგების შეკვრაც ჰქვია. როცა იოგები გვიზიანდება, მათი ვიბრაციაც სუსტდება და დახურვა აღარ ხდება.

ხმის იოგების დაზიანების მიზეზები უკვე ჩამოვთვალეთ, მაგრამ დაგვრჩა მთავარი, - მეტად ადრეულ ასაკში, დაახლოებით სამი წლიდანაც კი, ბავშვების სიმღერების შესასწავლად სხვადასხვა ანსამბლშიI ტარება. საქმე ის არის, ყოველმა პედაგოგმა  სიმღერა ბავშვს აუცილებლად სწორი, ანუ დიაფრაგმული სუნთქვის თანხლებით უნდა შეასწავლოს. ადრეულ ასაკში კი ეს რთულია, ამ ხნის ბავშვს ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს გულმკერდი და ხორხიც ზრდის პროცესშია. სიმღერის შესწავლა შეიძლება 6-7 წლის ასაკიდან დაიწყოს, მხოლოდ მსუბუქი დატვირთვებით. შემდგომი სიმღერისთვის გარდატეხის ანუ ეგრეთ წოდებული მუტაციის პერიოდი დაახლოებით 11-დან 16 წლამდე მიმდინარეობს. აAმ დროს სიმღერა არ არის სასურველი, რადგან ხმოვანი იოგები გარდატეხას განიცდიან, რასაც აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს პედაგოგი და ფონიატრი. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა მუტაციის პერიოდში ბავშვი განაგრძობს სიმღერას, რაც შემდგომში ხმოვან იოგებზე იწვევს სერიოზულ პრობლემებს, შეიძლება განვითარდეს კვანძებიც, რომელიც ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევასაც საჭიროებს.

საწყის სტადიაზე ხმის იოგებზე არსებული კვანძები მედიკამენტურადაც იკურნება. თუ კისტა დიდი ზომისაა, აუცილებელია მისი მოკვეთა.

დღეს სამედიცინო ტექნიკა ძალიან განვითარდა. უცხოეთში იოგების გამოსაკვლევად იყენებენ ძალზე მაღალი ტექნოლოგიის აპარატს, ვიდეოსტრობოსკოპს, რომლის გამოკვლევის შედეგები მართლაც განსაცვიფრებელია. სასიხარულოა, რომ უახლოეს ხანში ამ აპარატს ჩვენთანაც შემოიტანენ.

ჩვენ ამჟამად იოგებს რინოფიბროსკოპიის მეშვეობით ვიკვლევთ. ასეთი კვლევაც ეფექტიანია. ხმოვანი იოგების დიაგნოსტიკას და მკურნალობას ექიმი-ფონიატრი აწარმოებს. შემდეგ პროცესში ხმის თერაპევტი (ეგრეთ წოდებული ფონოპედი) ერთვება, რომელიც პაციენტს ეხმარება, დაარეგულიროს სწორი სუნთქვა სიმღერისა და ლაპარაკის დროს, აგრეთვე აკეთებინებს სხვადასხვა სავარჯიშოს ხმის სხვადასხვა პათოლოგიების დროს.

ექიმი-ფონიატრის და ფონოპედის კომბინირებული მკურნალობის შემდეგ შედეგიც დადებითია...