ვაშლი გვიცავს დაავადებებისგან - კვირის პალიტრა

ვაშლი გვიცავს დაავადებებისგან

გემრიელი ხილი ვიტამინების ბუნებრივი წყაროა და უნივერსალური ექიმი: კურნავს, კვებავს და წმენდს...

ვაშლი ყველაზე ხელმისაწვდომი ადაპტოგენია, ის მატებს ორგანიზმს დაავადებებთან ბრძოლის უნარს და აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას. ვაშლის ადაპტოგენური კომპლექსია: ფრუქტოზა, C და B ჯგუფის ვიტამინები, მაგნიუმი, კალიუმი და ბევრი სხვა ნაერთი. ფრუქტოზა ორგანიზმს მატებს ენერგიას, აუმჯობესებს ტვინის უჯრედების მომარაგებას საკვები ნივთიერებებით. მაგნიუმი და კალიუმი აწესრიგებს ნერვული სისტემის მუშაობას. ხოლო C ვიტამინი ამაგრებს იმუნიტეტს. მაკროელემენტი ფოსფორი, რომელსაც ვაშლი შეიცავს, ასტიმულირებს ტვინის მუშაობას, ზრდის და ამაგრებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს მეხსიერებას.

ვაშლი ხელს უშლის ორგანიზმის დაბერების პროცესს. ის შედგება ანტიოქსიდანტებისა (ეს ნივთიერებები გვიცავს ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა ინფარქტი, ინსულტი) და ბუნებრივი პექტინებისგან, რომელიც შთანთქავს ქოლესტერინს, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს.

დაბალკალორიულ ვაშლს აქვს მსუბუქი გამხსნელისა და შარდმდენის თვისება, ამიტომაც ის შედის ბევრ დიეტაში. ფრუქტოზა და პექტინური ნივთიერებები სწრაფად იწვევს დანაყრების გრძნობას, ამ თვისებით განსაკუთრებით გამოირჩევა მომჟავო მწვანე ვაშლი.

ვაშლის ძმარი წმენდს ორგანიზმს წიდებისა და ტოქსინებისგან. დალიეთ უზმოზე (თუ უკუჩვენება არ გაქვთ) 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ს/კ ძმარი. მადის მოსათოკად 1 ჩ/კ თაფლი და 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი გახსენით 1 ჩ/ჭ წყალში და მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დღეში 2 ვაშლის ჭამა 30%-ით ამცირებს ასთმის განვითარების რისკს.

ვაშლი კანის მოვლის კარგი საშუალებაცაა. ვაშლის ზეთი, წვენი და რბილობი გამოიყენება სახის კანის, თმისა და მთელი სხეულის მოსავლელად, ვაშლის ახალი წვენი ამარაგებს კანს ვიტამინებით, ხილის მჟავებით, მინერალური მარილებით, ეთეროვანი ზეთებით, ატენიანებს და ტონუსს მატებს მას და ებრძვის ცელულიტს.

ცხიმიანი სახის კანის ნიღაბი: გახეხილ ვაშლს შეურიეთ 1ს/კ თაფლი, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

მშრალი სახის კანის ნიღაბი: მოხარშულ ვაშლს გააცალეთ კანი და გაქენით რძეში, თხელი მასა წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

გახსოვდეთ:

მჟავე ვაშლი არარეკომენდებულია გასტრიტის (კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობით), წყლულოვანი დაავადების მქონეთათვის, მათთვის კარგია აირღუმელში შებრაწული ვაშლი.