სურდოს ნებაზე ნუ მიუშვებთ - კვირის პალიტრა

სურდოს ნებაზე ნუ მიუშვებთ

სურდოს ბაქტერიები და ვირუსები გადაიცემა ჰაერწვეთოვანი გზით. მისი მიზეზებია მტვერი, ტემპერატურის ცვლილება, ალერგიისადმი მიდრეკილება, ორგანიზმის გადაცივება. ამას მოჰყვება ცხვირის ლორწოვანას ანთება და შეშუპება. ამ ინფექციაზე ორგანიზმის რეაქცია დამოკიდებულია თქვენსავე იმუნიტეტზე. გაკაჟებული ორგანიზმი ადვილად უმკლავდება, დასუსტებულს კი იოლად ერევა.

ხშირად გამეორებული სურდო შეიძლება ქრონიკულ რინიტად იქცეს. თუ ანთებას არ უმკურნალეთ - ის გადავა შუბლისა და ჰაიმორის ღრუებში, შუა ყურში. ყველა ეს დაავადება კი სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს ოტორინოლარინგოლოგთან. როდესაც ცხვირით ვერ სუნთქავთ (გაჭედილია), იწყება თავის ტკივილი, მტვრევის შეგრძნება, სისუსტე... ექიმები გვირჩევენ - სურდოს დასაწყისშივე რამდენიმე დღე დავრჩეთ შინ და ვიმკურნალოთ...

თუ წვიმაში დასველდებით, ფეხები ჩაყავით ზღვისმარილიან თბილ აბაზანაში, ცხვირზე გაიკეთეთ გაცხელებული მარილის ან წიწიბურას კომპრესი, სითბო სასიამოვნო უნდა იყოს.

ექიმის დანიშნულებით შეიძლება მიიღოთ ვირუსსაწინააღმდეგო წამლები, ცხვირში ჩაიწვეთეთ სოჭის, ევკალიპტის ზეთზე დამზადებული წვეთები (უმჯობესია ძილის წინ).

გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს:

1. ცხვირში ჩაიწვეთეთ 5-6 წვეთი გახეხილი უმი ჭარხლის წვენი ან ნესტოებში გაიკეთეთ მასში დასველებული ბამბის ტამპონები (შეიძლება იგრძნოთ წვა).

2. ნესტოებში ჩაიწვეთეთ 3-5 წვეთი ალოეს ფოთლის წვენი. ცხვირის ცემინების შემდეგ თავისუფლად ისუნთქებთ.

3. სურდოს პროფილაქტიკისთვის ნესტოებში ჩაიწვეთეთ 2-2 წვეთი ტუიას ზეთი (იყიდება აფთიაქში) დღეში 2-ჯერ, 10 დღის განმავლობაში.

4. ნებისმიერი წამლის ჩაწვეთებამდე ცხვირი გამოირეცხეთ ზღვის მარილის ხსნარით.