"ექიმმა რომ გაიგო, პაციენტს შიდსი აქვსო, შეშინებულმა შპრიცი მაგიდაზე მიაგდო" - კვირის პალიტრა

"ექიმმა რომ გაიგო, პაციენტს შიდსი აქვსო, შეშინებულმა შპრიცი მაგიდაზე მიაგდო"

"სასიცოცხლოდ აუცილებელი ინიექცია იმ დღეს პაციენტს არავინ გაუკეთა"

აივ-ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი - რა გზით გადაეცემა შიდსი

"ნიკამაც არ იცოდა, რომ ინფიცირებული იყო, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ შემდეგი თქვენ არ იქნებით?"

ის საოცრად სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცია.  წინ ცხოვრების გრძელი გზა აქვს, რომელიც შარშან მოულოდნელად აღმოჩენილი დაავადებით ღირსეულად უნდა განვლოს. ის აივ-დადებითია, შიდსის ვირუსის მატარებელი საქართველოს მოქალაქე.

მეგობრებმა იციან ნიკას (სახელი შეცვლილია) დაავადების შესახებ. დასამალი რა აქვს, მაგრამ რა უყოს სამყაროს იმ ნაწილს, რომელსაც შიშმა ადამიანობა დაავიწყა? მათ შორის მათაც, ვისი პირდაპირი მოვალეობაა ასეთებს დაეხმაროს - იმ ექიმებზე მოგახსენებთ, რომლებიც უარს აცხადებენ აივ-დადებითი ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაზე. მას შემდეგ, რაც ნიკა დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა, კარგა ხანს იფიქრა, როგორ მოქცეულიყო, შემდეგ კი გადაწყვიტა - უნდა იბრძოლოს!

ნიკა ბავშვობიდან ალერგიულია. მკურნალობს, მაგრამ ზოგჯერ, მწვავე შეტევების დროს, აუცილებელი ხდება ექიმების ჩარევა. რაც გაიგო, რომ შიდსი აქვს, ორი ურთულესი ალერგიული შეტევა დაემართა. პირველი შეტევა შინ მოუვიდა. მაშინ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ნიკა საავადმყოფოში მის სახლთან ახლოს, ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში გადაიყვანა. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ვერც წარმოიდგენდა: ნიკას უარი უთხრეს სამედიცინო მომსახურებაზე. არც სადაზღვევო კომპანიამ ისურვა დანახარჯის ანაზღაურება.

საქართველოში მოქმედი კანონი არ ავალდებულებს აივ-დადებით მოქალაქეებს საკუთარი ავადმყოფობის შესახებ საქმის კურსში ჩააყენონ სხვა პროფილის ექიმები, მაგრამ ნიკამ თავი მაინც ვალდებულად ჩათვალა, ექიმი გაეფრთხილებინა, როცა ის ვენაში ინიექციის გაკეთებას უხელთათმნო ხელით აპირებდა. შეშინებულმა ექიმმა წამლით სავსე შპრიცი მაგიდაზე მიაგდო. სასიცოცხლოდ აუცილებელი ინიექცია იმ დღეს პაციენტს არავინ გაუკეთა. იმ ვაიექიმის ვინაობა შიდსის ცენტრის თანამშრომლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც იციან...

ნიკა იმ დღეს კი გადარჩა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, მდგომარეობა დამძიმებოდა და სხვა ექიმამდე მისვლა ვეღარ მოესწრო... ჩაყლაპა წყენა, როგორც შეეძლო და როგორღაც განაგრძო ცხოვრება.

მაგრამ ერთ დღესაც კლინიკაში გადაყვანა ისევ გახდა საჭირო და ეს მეორე შემთხვევა პირველს უცნაურად დაემსგავსა. ნიკა ისევ იმ კლინიკაში მიიყვანეს, სადაც პირველ ჯერზე მოხვდა... ისევ დაიხარა ექიმი მისკენ, გაუსინჯა ვენები, ნიკა ისევ ელოდა, რომ ექიმი ხელთათმანს გაიკეთებდა, მაგრამ ამ ექიმმაც არ ისურვა წესების დაცვა. წინა გამოცდილება მწარე ჰქონდა, მაგრამ ვერც ეს ადამიანი გაიმეტა... და ისიც გააფრთხილა. მერე ყველაფერი განმეორდა - ისევ  დამცინავად უთხრეს უარი მომსახურებაზე, ბოლოს, შეურაცხყოფილ კაცს პრაქტიკანტი სტუდენტები დაახვიეს თავს, რის უფლებასაც კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში გვაძლევს, როდესაც პაციენტი ამაზე თანახმაა.

სტუდენტები ექიმებზე უარესი აღმოჩნდნენ, საოცარი აგრესია და ზიზღი გამოავლინეს. ბოლოს ნიკა სხვა საავადმყოფოში გაგზავნეს.

ნინო ბადრიძე, შიდსის ცენტრის თანამშრომელი: - იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც აივ-ინფიცირებულმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში საზოგადოებისგან გარიყვის, დისკრიმინაციის გამო და ყველა პროცესი დაზარალებულის გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ ეხებოდა ექიმის მომსახურებას. ნიკას ჯერ არ მიუმართავს სასამართლოსთვის, მას ერთადერთი მიზანი აქვს - არც ერთი აივ-დადებითიანი არ გახდეს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის მსხვერპლი.

მაია ცინცაძე, შიდსის ცენტრის თანამშრომელი, ნიკას პირადი ექიმი: - საზოგადოებას მინდა ავუხსნა, რომ შიდსი საშიში მხოლოდ მაშინ არის, როდესაც პაციენტი არ მკურნალობს, ნამკურნალევი ადამიანი კი პრაქტიკულად ჯანმრთელად ითვლება, რადგან მისი იმუნიტეტი ნორმაშია, სისხლში ვირუსის კონცენტრაცია პრაქტიკულად ნულის ტოლია და საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით ნამდვილად არ არიან გადამდები. შიდსთან ბრძოლაში რომ დიდ წარმატებას მივაღწიეთ, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 2005 წლის შემდეგ 200 აივ-დადებით ფეხმძიმეს ვუმკურნალეთ და ორი შემთხვევის გარდა ყველა ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. იმ ორიდანაც ერთი დაგვიანებული შემთხვევა იყო, მეორე დედამ კი არ ისურვა მკურნალობა...

კახა კვაშილავა, უფლებადამცველი: - ნიკას შემთხვევა სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლითაც შEეიძლება შეფასდეს, რაც პაციენტის განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს, და ადმინისტრაციული კანონმდებლობითაც, რომელიც ითვალისწინებს საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, გამასწორებელ სამუშაოს და ჯარიმას, დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში კი თავისუფლების აღკვეთასაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. თუკი ნიკა გადაწყვეტს, იჩივლოს, ჩვენ მის ინტერესებს დავიცავთ.

მზია ტაბატაძე, USAID-ის კვლევებისა და აივ-პოლიტიკისა და ადვოკატირების ექსპერტი: - სამწუხაროდ, შიში გვავიწყებს, რომ მოყვასს, რომელიც განსაცდელშია, უნდა დავეხმაროთ. შეუძლებელია ვუმკურნალოთ ინფექციას, თუკი არ ვაღიარებთ მის არსებობას. თვალის არიდება, შიში და დაცინვა მხოლოდ ერთადერთ შედეგს მოგვცემს - დაავადებულთა რიცხვის მატებას... ნიკამაც არ იცოდა, რომ ინფიცირებული იყო, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ შემდეგი თქვენ არ იქნებით?

შიდსი საქართველოში

საქართველოში აივ-ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა. 2013 წლის 5 ნოემბრის მონაცემებით შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 4055 შემთხვევა. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. გარდაიცვალა 883 პაციენტი.

დეა ცუცქირიძე