ჰირუდოთერაპია, ანუ აი, ვინ უნდა გიკბინოს!
09-12-2013
ჰირუდოთერაპია, ანუ აი, ვინ უნდა გიკბინოს!
მის ხსენებას ნახევრად ხუმრობით მიაყოლებენ ხოლმე, - აი, ვინ უნდა გიკბინოსო! შეიძლება მიხვდით, ეს პატარა და "მახინჯი" წურბელაა, რომელიც ხშირად დაავადებულ ადამიანს სიცოცხლის მშვენიერებას უბრუნებს. ეს უხსოვარი დროიდან იცოდნენ ადამიანებმა. ძვ.წ. XVII-XV სს-ში მკურნალები პაციენტებს კისერზე სამკურნალოდ ასვამდნენ წურბლებს. ჩვენშიც უხსოვარი დროიდან მიმართავენ ჰირუდოთერაპის. მედიცინის ოფიციალურ დარგად კი ბოლო წლებში აღიარეს. ჰირუდოთერაპევტმა თამარ ზვიადაძემ პროფესია, სამედიცინო უნივერსიტეტის შემდეგ, უცხოეთში შეისწავლა.

- ამ პატარა არსებას დავარქმევდი, პატარა სასწაულმოქმედ ტუმბოს, რომელიც ადამიანის
დასახმარებლად გაჩნდა. მას ორგანიზმში შეჰყავს არა მხოლოდ მართლაც ჯადოსნური ნივთიერება ჰირუდინი, არამედ ფერმენტები, რომლებიც ჯერ კიდევ გამოკვლეული არ არის. ჰირუდინი აღადგენს სისხლის მიკროცირკულაციას, რთავს დამცავ მექანიზმებს და ახდენს იმუნიტეტის სტიმულირებას. ჰირუდინს გააჩნია ანტითრომბოლიზული და ანტიკოაგულანტური თვისებები. ეს ნიშნავს, რომ ის შლის თრომბს და მოქმედებს სისხლის
დაჩქარებული შედედების წინააღმდეგ. წურბელა დაავადებული ადამიანის ორგანიზმში უშვებს სტრიფსინს, ჰიმოტრიფსინს, ჰიალურონიდაზას. ჰიალურონიდაზა მოქმედებს ჰილურინის მჟავაზე, რისგანაც შედგება სახსრების ხრტილი და სახსრები, კანი და თვალის ბადურის შემაერთებელი ქსოვილები. უმჯობესდება ამ ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდება და განვლადობა. იწყება გამოჯანმრთელების პროცესები. შაქრიანი დიაბეტის დროს კი აფერხებს სისხლის შედედების დაჩქარებულ პროცესს. იმავდროულად, მას, სამედიცინო წამლებისაგან განსხვავებით, გვერდითი მოვლენები არ გააჩნია; სხვა დიდებული თვისებაც აქვს, - მკურნალობს არა რომელიმე ორგანოს, არამედ მთელ სხეულს, რადგან არც ერთი ორგანო სხეულისგან იზოლირებული არ არის...

- კონკრეტულად რომელ დაავადებებს მკურნალობენ წურბლით?
- რახან წურბლით მკურნალობა დღემდე არ იყო წამოწეული სათანადო დონეზე, მინდა, ეს დაავადებები დაწვრილებით ჩამოვთვალო. ეს არის რევმატოლოგია; სახსრებისა და მისი მიმდებარე რბილი ქსოვილების დაავადებები; სისხლის მიმოქცევის ორგანოების დაავადებები: არითმია, ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი ორგანოების დაავადებები; ასევე - საჭმლის მომნელებელი სისტემისა: გასტრიტი, ჰეპატიტი, დისბაქტერიოზი, შეკრულობა, ქრონიკული ქოლეცისტიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და სხვა; წურბელას შეუძლია მიეშველოს ენდოკრინულ სისტემას, დიაბეტს, სიმსუქნეს, უროლოგიას, ქირურგიას; გინეკოლოგიას, ყელ-ყურ-ცხვირს, ნერვულსა და კანის დაავადებებს... ასე რომ, ნუსხა ძალიან დიდია. იკითხავთ, თუ ეს ასეა, რა საჭიროა ამდენი წამალიო. მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, - დაუშვებელია წურბლით თვითმკურნალობა. სიმსივნურ დაავადებებთან უკიდურესი სიფრთხილეა საჭირო. ამიტომ პაციენტმა, უპირველესად, ტრადიციულ მედიცინას უნდა მიმართოს გამოსაკვლევად. მერე კი ჰირუდოთერაპევტი გადაწყვეტს, წურბლით მკურნალობის საკითხს. ჰირუდოთერაპიას უკუჩვენებებიც აქვს: ჰემოფილია, ანემიის მძიმე ფორმა, ჰემორაგიული დიათეზი, მდგრადი ჰიპოტონია (დაბალი წნევა), ორსულობა... წურბლებით მკურნალობას უმთავრესად იმ დროს მიმართავენ, როცა უღონოა ტრადიციული მედიცინა და შემიძლია ვთქვა, ამ დროს მას ბრწყინვალე შედეგები მოაქვს.

- როგორ ხდება წურბლით მკურნალობა?

- წურბლების დასმით იმ ადგილებში, სადაც წურბელა ეკიდება. საინტერესოა, რომ წურბელა ადამიანს მხოლოდ რეფლექსოგენურ (ბიოლოგიურად აქტიურ) წერტილებში ჰკბენს. ეს ადგილები ნემსოთერაპიის დროსაც გამოიყენება. წურბელა ძალზე ფრთხილია სპეციფიკური სუნის (მაგალითად, სუნამოებისა და ნიკოტინის) მიმართ. ამ დროს წურბელა კანს შეიძლება არც მოეკიდოს. თამბაქოს მწეველის მკურნალობისას კი მალე კვდება. შიში, რომელიც პაციენტებს აქვთ წურბლების მიმართ, 80%-ს პირველი სეანსის შემდეგვე უქრება. წურბლის ნაკბენი კოღოს ნაკბენზე დიდი არ არის. წურბლის მოშორების შემდეგ ნაკბენიდან წამოსული სისხლის შეჩერება რეკომენდებული არ არის. ნორმალურად ითვლება სისხლდენის ოცდაოთხ საათამდე გაგრძელება. ამ დროს ძალიან ცოტა სისხლი იკარგება - ჭრილობიდან უმთავრესად ლიმფა (უფერული სითხე) მოედინება. მისი დაკარგვა იმუნიტეტის სტიმულაციას იწვევს და შეშუპებასაც ხსნის.

მკურნალობის სეანსი ნახევარი საათიდან საათ-ნახევრამდე გრძელდება. ხანგრძლივობა ადამიანის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ანუ სეანსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, ხოლო თუ საკითხს რეალურად მივუდგებით, წურბელა თავად განსაზღვრავს, რამდენ ხანს "იმუშაოს" ამა თუ იმ "პაციენტთან". მკურნალობა 7-10 სეანსს მოიცავს. კვირაში ორი-სამი სეანსი ტარდება.
ჰირუდოთერაპიის დროს პაციენტის ინფიცირება გამორიცხულია. თავად ვმუშაობდი ამ თემაზე - წურბლების სისხლი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ანთებით პროცესებს არ უშვებს.
ლალი
09 იანვარი 2017 14:56
ძალიან მაინტერესებს ამ საქმის შესწავლა.როგორ შეიძლება ქალბატონ თამარ ზვიადაძესთან დაკავშირება?
natia
23 იანვარი 2014 00:15
გამარჯობათ. მაქვს კუდუსუნის მეხუთე მალზე 5 მმ იანი თიაქარი, ვმკურნალობ წურბელებით, გავიკეთე უკვე 4 პროცედურა და თითქოს უფრო გამიმწვავდა. თუ ეშველება რამე წურბელებით? ზალიან მაწუხებს და გადაწყვეტილი მქონდა ოპერაცია. რას მირჩევდით? დიდი მადლობა წინასწარ

რედაქტორის რჩევით