ტუბერკულოზი - ვერაგი დაავდება - კვირის პალიტრა

ტუბერკულოზი - ვერაგი დაავდება

ტუბერკულოზი გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს მიკრობაქტერია (კოხის ჩხირი). სხვა მიკრობაქტერიებისგან განსხვავებით, ის საოცრად სიცოცხლისუნარიანია: მშვენივრად გრძნობს თავს სითბოსა და სიცივეში, არ ეშინია სპირტისა და სხვა მჟავეებისა. მაგალითად, ქუჩის მტვერში შეუძლია იცოცხლოს რამდენიმე თვე. მას ერევა მხოლოდ მზის სხივების ხანგრძლივად ზემოქმედება, მაღალი ტემპერატურა და ქლორის შემცველი ნივთიერებები.

ინფექცია ძირითადად გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. ტუბერკულოზით დაავადებულები ხველების, ცემინების ან საუბრის დროს გამოყოფენ ბაქტერიებს, დაინფიცირება შეიძლება კოცნით და ავადმყოფის ყოფითი საგნებით. ტუბერკულოზით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ორგანო: ძვლები, თირკმლები, ნაწლავები, ღვიძლი, ყველაზე გავრცელებულია ფილტვების ტუბერკულოზი.

ამ დაავადებას შეუძლია დიდხანს, შეუმჩნევლად და უსიმპტომოდ განვითარდეს. ადამიანს შეიძლება აწუხებდეს საერთო მოთენთილობა, სისუსტე, გადაღლილობის შეგრძნება, მადის დაქვეთება.

ამ სენის დროულად აღმოსაჩენად ყურადღება მიაქციეთ: გახანგრძლივებულ ხველებას, ტკივილს გულმკერდში, ტემპერატურის მომატებას - სულ მცირედით, ღამის ოფლიანობით. თუ ერთ-ერთი სიმპტომი 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება, უნდა მიმართოთ თერაპევტს ან ფთიზიატრს. დღეს არსებობს წამლები, რომლებიც განკურნების საშუალებას იძლევა (თუმცა საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა). დაავადებულმა თვითნებურად არ უნდა შეწყვიტოს მკურნალობა, რადგან ეს იწვევს ამ ჩხირების გამძლეობას წამლების მიმართ და შეიძლება დაავადება უფრო რთული ფორმით დაბრუნდეს. მკურნალობის სრული კურსის ჩატარების შემდეგ, პაციენტი 2 წელი დისპანსერულ აღრიცხვაზეა.

ტუბერკულოზის დაავადების საშიშროება იზრდება მაშინ, როდესაც იმუნიტეტი დასუსტებულია არასრულფასოვანი კვებით, სტრესებით, მავნე ჩვევებით, ქრონიკული დაავადებებით. ამიტომ ტუბერკულოზისგან დამცველი ძალების გასაძლიერებლად საჭიროა პირადი ჰიგიენის დაცვა, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვები, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა და გაკაჟება.

გირჩევთ, მიუხედავად თქვენი გუნება-განწყობილებისა, ყოველწლიურად გაიკეთოთ ფლუოროგრაფია.