მოუსმინეთ გულს
09-12-2013
მოუსმინეთ გულს
გული უნიკალური ორგანოა. მოზრდილი ადამიანის გული იწონის დაახლოებით 300 გ-ს, გულის ცემა წუთში აღწევს 70-ს, დღე-ღამეში იკუმშება 100 ათასჯერ და გადაქაჩავს 7 ათას ლიტრამდე სისხლს.

გულის დაავადებები ძალიან გავრცელებული პრობლემაა. აჩქარებული ცხოვრების ტემპი, სტრესები, ნაჩქარევად წახემსება და ჰიპოდინამია მას სერიოზულ დარტყმას აყენებს. ინფარქტი და ინსულტი, მეცნიერთა აზრით, გაახალგაზრდავდა.

გავრცელებულია აზრი, რომ გულის იშემიური დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამ დაავადებას ხელს უწყობს გულის სისხლით არასაკმარისად მომარაგება, რისი მიზეზიც არის კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი,
თრომბით გამოწვეული არტერიის სპაზმები, რაც იწვევს გულის კუნთების ჟანგბადით შიმშილს. რისკის ფაქტორთა შორისაა - მოწევა, ზედმეტი წონა, უმოძრაობა, მემკვიდრეობითობა. იშემიური დაავადების ფორმები სხვადასხვანაირია - უმეტესად გვხვდება სტენოკარდიის ფორმით (მკერდში ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება).
არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპერტონია გულ-სისხლძარღვთა დაავადების კიდევ ერთი ფორმაა, რომელიც ხშირად უსიმპტომოდ
მიმდინარეობს, ამიტომ წნევა ხშირად უნდა აკონტროლოთ.

გულის არითმიის მრავალი სახეობიდან ყველაზე გავრცელებულია ტაქიკარდია (აჩქარებული გულის ცემა) და მოციმციმე არითმია, რომელიც უფრო საშიშია, რადგან იწვევს ინსულტს. არითმიის გამოვლენა ხდება კარდიოგრამით, ამიტომ წელიწადში ერთხელ მაინც გადაიღეთ კარდიოგრამა.
გულის მეგობრები არიან ცურვა და სირბილი, სეირნობა, დილის ვარჯიში, ჯანმრთელი ცხოვრების წესი, წონის მოწესრიგება, სიგარეტზე უარის თქმა და თუკი დაავადება გამოვლენილია, ექიმის მიერ დანიშნული წამლების მიღება.

ათეროსკლეროზის განვითარებას ხელს უშლის ზღვის თევზი, ხილი, ბოსტნეული. ასევე გულის კარგ მუშაობას ხელს უწყობს კალიუმით მდიდარი კარტოფილი, ბანანი, შავი ქლიავი, ჩამიჩი.
ცხიმიანი საკვები, ცხიმის შემცველი რძის პროდუქტები და ფასტფუდები აჩქარებენ ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის განვითარებას, რაც ზრდის ინსულტის რისკს. ჰიპერტონიკებმა უნდა შეამცირონ მარილის რაოდენობა, დღეღამური ნორმაა 4-5 გ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით