რას გვიქადის ვირუსები? - კვირის პალიტრა

რას გვიქადის ვირუსები?

ზამთარი ძალას იკრებს და მწვავე რესპირატორული დაავადებებიც ხშირდება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში აცხადებენ, ეს გასაკვირი არ არის, მეტიც, ეს დაავადებათა შემთხვევების ჩვეულებრივი და მოსალოდნელი მატებაა.

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი:

- გასაოცარი ის იქნებოდა, ზამთარში ვირუსები რომ არ იყოს. არსებობს 200-ზე მეტი ვირუსი, რომლებიც იწვევს რესპირატორულ დაავადებებს, ე.წ. გაცივებას, ამას გარდა არსებობს გრიპის გამომწვევი 3 ვირუსიც - A, B, С ტიპისა. A და B ტიპის ვირუსები იწვევს გრიპის ეპიდემიას და ცირკულირებს მოსახლეობაში ეპიდემიებს შორის პერიოდშიც. ამ ტიპის ვირუსები იწვევს ხველას, მაღალ ტემპერატურასა და ყელის ტკივილს... A ტიპის გრიპის ვირუსი ყოველ 20-50 წელიწადში ერთხელ იწვევს პანდემიებს. С ტიპის ვირუსი ასევე იწვევს გრიპს, თუმცა С ტიპით გამოწვეული გრიპის სიმპტომები მძიმე არ არის.

გასულ კვირას იმატა რესპირატორულმა დაავადებებმა, იყო შემთხვევა, როცა დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ პაციენტი დროზე მიმართავს ექიმს, საგანგაშო არაფერია.

- ქათმისა და ღორის გრიპის შემდეგ ყველას აინტერესებს, ხომ არ გაჩნდა სადმე ახალი ვირუსი...

- ჩვენთან ჯერჯერობით, არც "ნაცნობი" ვირუსის ეპიდემიის საშიშროება არ არის, არც ახალი ვირუსი გამოჩენილა... რაც შეეხება ქათმის გრიპს, ის არსად გამქრალა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ისევ ემართებათ ფრინველებს და მათგან ადამიანებსაც შეიძლება გადაედოთ. ჩინეთში იყო ერთი ახალი ვირუსით დაავადების შემთხვევა, როცა ადამიანს დაემართა H7 M9 ვირუსი, მაგრამ ეს ჩვენ არ გვემუქრება. აქ ისევე, როგორც წინა წლებში, ნაცნობი H3N2 და B ტიპის ვირუსებია გავრცელებული. რაც შეეხება გართულებას, ყველა ვირუსი შეიძლება გართულდეს, ამიტომაც, როცა ბავშვს სიცხე 38 გრადუსზე მეტი აქვს ერთი დღის განმავლობაში და ვერ უკლებთ, წაიყვანეთ საავადმყოფოში. ასევე, თუ უფროსს სამი დღე აქვს 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, ისიც წაიყვანეთ საავადმყოფოში.

- ადამიანები დღემდე ფიქრობენ, თითქოს, ყინვა მათ ვირუსისგან დაიცავს...

- ეს უდავოდ მცდარი აზრია. ასე რომ იყოს, ფინეთში, ნორვეგიაში ან ჩრდილოეთის სხვა ქვეყნებში გრიპით არავინ დაავადდებოდა. პირიქით, ყინვა ეხმარება ვირუსს გავრცელებაში. დავიწყოთ იმით, რომ როცა ცივა და ყინავს, ფანჯრებს არავინ აღებს. ვირუსი კი ყველაზე კარგად დახურულ სივრცეში ვრცელდება. საერთოდ, ვირუსი სიცხეში მზის სხივების მოხვედრისთანავე იღუპება, ყინვაში კი 7 საათის განმავლობაში ძლებს და შეიძლება სხვა ადამიანები დააავადოს. შეგახსენებთ: გრიპის ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა დახველების ან დაცემინების დროს წვეთების გამოფრქვევით (ამას ეწოდება"წვეთით გავრცელება"). ვირუსები ასევე ვრცელდება, როდესაც ადამიანი შეეხება ვირუსის შემცველი წვეთებით დაბინძურებულ ზედაპირს და შემდეგ, ხელების დაბანამდე, პირს ან ცხვირს.

აქვე მინდა გაგაფრთხილოთ - ვისწავლოთ ხველება. არ შეიძლება ხველებისას ხელი მივიფაროთ პირზე. მერე ხომ ამ ხელით ვიღებთ სხვადასხვა ნივთს, ვესალმებით სხვა ადამიანს. პირზე მისაფარებლად გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცები.

რამდენიმე პრაქტიკულ რჩევასაც მოგცემთ: ოთახი აუცილებლად გაანიავეთ. რისკის ჯგუფის (ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონენი, მოხუცები) ადამიანებმა უნდა იხმარონ პირბადე. თუ შინ ჰყავთ დაავადებული, ჯობია, პირბადე სნეულს ეკეთოს, ცხადია, თუ შეძლებს, რადგან ზოგჯერ ავადმყოფს აქვს გაგუდვის შეგრძნება და პირბადეს ვერ იკეთებს.

ვირუსული ინფექციის ან გრიპის დროს უნდა მიიღოთ ბევრი სითხე, რომ ვირუსით გამოწვეული შხამები ორგანიზმიდან სითხესთან ერთად გამოიყოს.

- საქართველოში აცივდა. გარდა გრიპისა და ვირუსული ინფექციებისა, არსებობს გაცივების რისკი და როგორ უნდა გავარჩიოთ გაცივება ინფექციისგან?

- სურდოს, ცემინებას, ხველას არ იწვევს გაცივება. ამას იწვევს ვირუსული ინფექცია, გრიპი, ან ძალიან იშვიათად, ბაქტერია. ამიტომაც ვაცხადებთ - ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს თვითნებურად, ის არ მოქმედებს ვირუსებზე, მოქმედებს მხოლოდ ბაქტერიაზე, რომლითაც შეიძლება გართულდეს ან არც გართულდეს ვირუსული ინფექცია. წამლებს, რომლებიც განსაზღვრულია გრიპის სამკურნალოდ, ეწოდება ანტივირუსული პრეპარატები. ეს ტერმინი მიუთითებს, რომ იგი კლავს ვირუსს ან თრგუნავს მათი გაზრდისა და გამრავლების უნარს. ტამიფლუ (ოსელტამივირი) და რელენზა (ზანამივირი) ყველაზე ხშირად გამოიყენება გრიპის სამკურნალოდ და ძალზე ეფექტურია, თუ მათ დაავადების დაწყებიდან 24-48 საათის განმავლობაში მიიღებთ. თუმცა, სასურველია, არც ეს პრეპარატები მიიღოთ თვითნებურად.

რაც შეეხება გაცივებას - გადაცივებასა და მოყინვას, ეს სხვა საუბრის თემაა და რესპირატორულ დაავადებებს არ უკავშირდება. უბრალოდ, შეცივების შემდეგ გაჩენილი სურდო, ხველა იმისი ნიშანია, რომ გაცივებით დასუსტებულმა ორგანიზმმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია ვირუსს და დაავადდა გრიპის ან რესპირატორული ვირუსით.