სეზონური გრიპი - გაუღეთ ფანჯრები ჯანმრთელობას! - კვირის პალიტრა

სეზონური გრიპი - გაუღეთ ფანჯრები ჯანმრთელობას!

გრიპი - ჩვენს ჯანმრთელობაზე ეს ერთი შეხედვით იოლი შეტევა შეიძლება ცუდად დამთავრდეს, სეზონური ეპიდემია კი ყოველ 2-3 წელიწადში მძვინვარებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სეზონური და რესპირატორული (სასუნთქი სისტემის) დაავადებებით ყოველწლიურად მოსახლეობის 5-15% ავადდება, აქედან 3-5 მლნ შემთხვევა მძიმეა. წელს ეპიდემია ყველაზე მეტად ბავშვებს შეეხო. სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საავადმყოფოებში იმდენი ბავშვი გადაჰყავს, რომ დროებით დერეფნებშიც აწვენენ. "ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური" საავადმყოფოს პედიატრიული მიმართულების ხელმძღვანელის, მანანა თოდუას თქმით, საგანგაშო არაფერია, თუმცა ექიმების რეკომენდაციის გათვალისწინება ხელს შეუწყობდა, რომ სეზონური ვირუსების დროს მდგომარეობა არ რთულდებოდეს...

- გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებების ეპიდემია ზამთრობით და ადრეულ გაზაფხულზე იჩენს თავს და 2-3 წელიწადში ერთხელ მწვავდება. საქმე ის არის, რომ ამ ინფექციების მიმართ მყარი იმუნიტეტი არ ყალიბდება. გადავიტანთ რა ვირუსს, მის მიმართ იმუნიტეტი გვიჩნდება, მაგრამ მხოლოდ 2-3 წლით, მერე იგივე ინფექცია კვლავ გვიბრუნდება ოდნავი სახეცვლილებით და ეპიდემია კვლავ იწყება. ასეთი მდგომარეობაა ახლა ჩვენთანაც.

- როგორია წლევანდელი გრიპისა და სხვა \რესპირატორული დავადებების სიმპტომები?

- ისეთივე, რაც ზოგადად გრიპის ძირითადი კლინიკური ნიშნებია: ზოგადი სისუსტე, მაღალი ცხელება (39 ოჩ და მეტი), თავისა და თვალბუდეების ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტეხვითი ტკივილი, ჩახეხვის შეგრძნება ყელში, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, გამონადენი ცხვირიდან, ხველა, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების გართულება. გრიპი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ასე რომ, თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია, არსებობს რისკი, რომ ერთის დაავადების შემდეგ სხვებიც დაავადდნენ. ამიტომაც ვურჩევთ მშობლებს, ბავშვები დაავადებულებთან კონტაქტს მოარიდონ და ეს უკანასკნელნი კი შეძლებისდაგვარად იზოლირებულნი ამყოფონ; დაიცვან ჰიგიენის წესები და შვილებს ხშირად დაბანონ ხელები წყლითა და საპნით. რაც მთავარია, მშობლებმა შვილები რაც შეიძლება მეტად უნდა ამყოფონ ჰაერზე. როცა ბავშვები ავად არიან, მაშინაც კი ფანჯარა გამუდმებით ღია უნდა იყოს, - დაგმანულ ოთახში ვირუსების კონცენტრაცია მატულობს და მათი გადადების შანსი ძალზე დიდია. სუფთა ჰაერი მკურნალია, მას ვერანაირი წამალი ვერ შეედრება.

ზაფხულში სუფთა ჰაერზე ყოფნა მზადებაა იმისთვის, რომ ზამთარში პატარებს (და არა მხოლოდ!) მყარი იმუნიტეტი ჰქონდეთ. ჩვენს მშობლებს რატომღაც ჰგონიათ, რომ თუკი შინ რაც შეიძლება მეტი სითბო ექნებათ, მით უფრო შეინარჩუნებენ შვილების ჯანმრთელობას. პირიქით კი ხდება: ასე ჩაკეტილ ბავშვებს გრიპი და სხვა რესპირატორული დავადებები ძალზე მარტივად ხვდებათ. ერთ მაგალითს მოვიყვან, - წლების წინ ჩვენმა ერთმა ექიმმა დისერტაცია დაიცვა ფილტვების ანთების განკურნებაზე. ის, მშობლებთან შეთანხმებით, ფილტვების ანთებით დაავადებული ბავშვების ნაწილს ჩვეულებრივ პალატაში მკურნალობდა, ნაწილს კი - ღია აივანზე. შედეგად: ღია აივანზე ბავშვები ძალიან სწრაფად გამოჯანმრთელდნენ, პალატებში კი გვიან.

- როგორც ამბობენ, წლევანდელი გრიპის ვირუსს თან ფილტვების ანთება ახლავს.

- დიახ, და ამ მხრივ ძალზე ფრთხილად უნდა ვიყოთ -

წლევანდელ ვირუსებს ისეთი სიმპტომები ახასიათებს, რომ  შეიძლება ფონენდოსკოპით მოსმენით პნევმონიის ნიშნები არ გამოიკვეთოს, მაგრამ მეორე დღესვე პნევმონია რენტგენოგრაფიული კვლევით დადასტურდეს. ამიტომაც არის აუცილებელი, ბავშვის ავად გახდომისთანავე ექიმის მეთვალყურეობა.

ზოგადად პნევმონიასთან დაკავშირებითაც მინდა განსაკუთრებულად გამოვყო რამდენიმე ასპექტი: სამწუხაროდ, გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებები ფილტვების ანთებით ურთულდებათ ძირითადად სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს, რომლებიც ძალზე ცუდ პირობებში, მაგალითად, უჰაერო სარდაფებში ცხოვრობენ და ცუდად იკვებებიან. ცუდი კვების დროს ორგანიზმს იმუნიტეტი დაბალი აქვს. გარდა ამისა, ამ ბავშვებს ხშირად საშოვარზე გასული მშობლების მზრუნველობა და სითბოც აკლიათ და ამის გამო დეპრესიულები ხდებიან. ასეთ ფონზე კი ვირუსები და ორგანიზმის ბაქტერიები ძლიერდებიან, რის შედეგადაც არის რისკი, რომ ვირუსობაქტერიული პნევმონია განვითარდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სოციალურად დაცული ოჯახების ბავშვებიც არ გახდნენ ავად. განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მუდმივად უჰაეროდ არიან გამოკეტილნი გადახურებულ ოთახებში.

- როგორ უნდა მოვიქცეთ  გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებების სიმპტომების შემჩნევისას?

- უპირველესად, უნდა ვიზრუნოთ, რომ დაავადება სხვებსაც არ გადაედოს და ჰიგიენის ელემენტარული წესები დავიცვათ; გავიკეთოთ და ყოველ 2 საათში ვცვალოთ სპეციალური ნიღაბი; სულ მცირე, დღე-ღამის განმავლობაში შინ დავრჩეთ. ბავშვების დაავადებისას, ექიმის ჩაურევლობამ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი გამოიღოს. ამ დროს განსაკუთრებით საშიშია დიარეა, კუჭ-ნაწლავის აშლილობა (რაც აგრეთვე ახლავს ამ დაავადებებს), საკვებისა და სითხის მიღებაზე უარის თქმა; გახშირებული ან გაძნელებული სუნთქვა.

და კიდევ, უნდა გავიმეორო! ბავშვის დაავადების შემჩნევისთანავე აუცილებელია ბავშვის ექიმთან კონტაქტი, რომელიც თავად გადაწყვეტს, ბავშვი შინ დარჩეს თუ საავადმყოფოში გადაიყვანონ.