რა იწვევს კონიუნქტივიტის პროვოცირებას - კვირის პალიტრა

რა იწვევს კონიუნქტივიტის პროვოცირებას

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებამ იზრუნა ჩვენი თვალების დაცვაზე, - გარედან დაცულია წამწამებითა და ქუთუთოებით, ცრემლის სითხეც შეიცავს გარეგანი აგრესორებისგან დამცველ იმუნოგლობულინებს, ლიმფოციტებს, ანტისხეულებს. მაგრამ ზოგჯერ, იმუნიტეტის დაქვეითებისას, თვალში მოხვედრილი უცხო სხეული ან მიკრობი ქმნის მიკრობების გამრავლებისთვის სასურველ პირობებს და შედეგად ვითარდება კონიუნქტივიტი.

ამ დაავადების ნიშნებია: თვალების გაწითლება და შეშუპება, ქავილი, სინათლის აუტანლობა. სწრაფად იკურნება, მაგრამ მისი განვითარების მიზეზი სხვადასხვაა და მკურნალობაც ამის მიხედვით უნდა ჩატარდეს.

თუ კონიუნქტივიტი გამოწვეულია ადენოვირუსული ინფექციით - ავადმყოფს ეწყება ცრემლდენა და თვალების შეშუპება. თან სდევს ტემპერატურის მომატება, ყურს უკანა და ენისქვეშა ლიმფური კვანძების გაზრდა, ხოლო ჰერპესული კონიუნქტივიტისთვის დამახასიათებელია ქუთუთოებისა და თვალების გარშემო ბუშტუკები.

ავადმყოფს სამკურნალოდ ენიშნება ანტივირუსული წვეთები, ინტერფერონი და მალამოები, თბილი კომპრესები და თვალებში ჩასაწვეთებლად ხელოვნური ცრემლი, გვირილის ნახარშითა და მანგანუმის ძალიან ღია ვარდისფერ ხსნარში დასველებული ბამბის სხვადასხვა ტამპონით თვალების გაწმენდა და იმუნიტეტის ასამაღლებლად - ვიტამინები.

ბაქტერიული კონიუნქტივიტის სიმპტომებია: თვალების შეშუპება, თვალებიდან მონაცრისფრო ან მოყვითალო გამონადენი (ძილის დროს იწვევს შეწებებას). ხშირად ამ დაავადებას იწვევს სტაფილოკოკი და პნევმოკოკი, იშვიათად - ნაწლავებისა და დიფტერიის ჩხირები. საერთოდ, ბაქტერიული კონიუნქტივიტი ვითარდება ქუთუთოების ტრავმის, გადაცივების ან თვალებში უცხო სხეულის მოხვედრის შემდეგ.

ბაქტერიული კონიუნქტივიტი უმეტეს შემთხვევაში თავისით იკურნება, თუმცა, სასურველია ავადმყოფმა გამოჯანმრთელების დასაჩქარებლად გამოიყენოს თვალების წვეთები ან მალამო (რომლებიც შეიცავენ ანტიბიოტიკებს), თვალები გამოირეცხოს ბაქტერიული ხსნარით (ფურაცილინის) და სამკურნალო მცენარეების ნაყენით (გვირილის, გულყვითელას და სხვ.).

ალერგიული კონიუნქტივიტის, რომლისთვისაც დამახასიათებელია თვალთაგან ცრემლდენა, ქუთუთოების ქავილი, შეშუპება, გაწითლება, მწვავე წვა და სინათლის აუტანლობა, მიზეზი შეიძლება გახდეს ყველაფერი: წამალი, სახლისა და ყვავილების მტვერი, ცხოველების ბეწვი, პროდუქტი, კოსმეტიკა, კანის მოვლის საშუალებები.

ალერგიული კონიუნქტივიტის დროს ექიმი ავადმყოფს უნიშნავს ანტიჰისტამინურ წამლებს, ცივ კომპრესებს და თვალების წვეთებს, მათ შორის ხელოვნურ ცრემლს.

კონიუნქტივიტს ზოგჯერ იწვევს ქლამიდიები, რომლებიც "ბინადრობს" ორგანიზმის უჯრედებს შორის და წააგავს ბაქტერიებს. ეს ინფექცია თვალში შეიძლება მოხვდეს დაუბანელი ხელებით, აუზში ბანაობით, სხვისი პირადი ჰიგიენური ნივთების გამოყენებით.

ამ დროს გამოიყენება ანტიბიოტიკების შემცველი მალამოები. ამასთან, მეტად მნიშვნელოვანია ძირითადი დაავადების - უროგენიტალური ქლამიდიოზის მკურნალობა, რომელიც ძალიან საშიში დაავადებაა, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.