სპეციალისტები გვირჩევენ - კვირის პალიტრა

სპეციალისტები გვირჩევენ

საახალწლო სუფრა სპირტიანი სასმელების გარეშე წარმოუდგენელია, ზოგიერთს კი ძალიან ბევრი ალკოჰოლის მიღება უწევს, რასაც ზოგჯერ მოულოდნელი შედეგები მოჰყვება ხოლმე. ეს რომ არ მოხდეს, გირჩევთ, გაითვალისწინოთ რჩევები:

ღვინო ძალიან კარგად ეთვისება ცხელ კერძებსა და სალათებს. იკითხავთ, რომელი დავლიოთ, თეთრი თუ წითელი?

წითელ ღვინოს წამლად კი მიიჩნევენ, მაგრამ მისი სმა მაინც არ არის სასურველი, რადგან ის შეიცავს თირამინს - ნივთიერებას, რომელიც იწვევს თავის ტკივილს.

თუ გინდათ, რომ 1-ელ იანვარს ნათელი გონებით გაიღვიძოთ, სვით სუფრის თეთრი ღვინო. თეთრი ღვინო არ ასუქებს, მისი სმისგან თავი უნდა შეიკავოს მან, ვისაც მგრძნობიარე ღვიძლი, ღრძილები და კბილის მინანქარი აქვს.

შუშხუნა შამპანურის გარეშე ახალი წელი წარმოუდგენელია, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ შამპანური აზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს. ძალიან ცოტა (ერთი ბოკალი) შეიძლება მიიღონ დიაბეტიანებმა, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით გამოწვეული შეშუპებისადმი მიდრეკილებმა.

შამპანური არ არის რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტით დაავადებულებისთვის (გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ეროზია).

კონიაკი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ტონუსს მატებს ორგანიზმს, მაგრამ მისი უზომოდ მიღება უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე, რადგან შეიცავს ეთილსა და მთრიმლავ ნივთიერებას. კონიაკი ნელა ათრობს, ამიტომ უთამამდებიან და ბევრს სვამენ, რამაც შეიძლება ალკოჰოლით მოწამვლა გამოიწვიოს.

კონიაკი შეიძლება დალიონ გასტრიტითა და წყლულით დაავადებულებმა (რემისიის სტადიაში), მაგრამ არ არის რეკომენდებული ჰიპერტონიკებისთვის, დიაბეტიანებისა და მათთვის, ვისაც დარღვეული აქვს ნივთიერებათა ცვლა.

არაყი არ შეიცავს არანაირ ნაერთს. საუკეთესო სასმელია მათთვის, ვინც ალერგიულია ბალახებისა და არომატიზატორებისადმი, რომლებსაც გემოს გამო ამატებენ.

ბევრი არაყს აყოლებს ტკბილს - მორსს, ლიმონათს ან ხილის წვენს. რა თქმა უნდა, ცდებიან, რადგან საქაროზა აძლიერებს თრობის პროცესს.

არაყი არარეკომენდებულია ღვიძლით, თირკმლებითა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტით დაავადებულებისთვის.

ვერმუტისა და მარტინის გემო ძალიან ბევრს და მათ შორის ქალებს იზიდავთ. ეს სასმელი შეიძლება დალიონ ზომიერად კუჭ-ნაწლავის ტრაქტით დაავადებულებმა, სამაგიეროდ, არ შეიძლება ჰიპერტონიკებისა და ალერგიულებისთვის, ვინც ალერგიულია ბალახებსა და ყვავილებზე.

ვისკი რადგან დიდხანს ინახება კასრებში, შეიცავს ბევრ მავნე მინარევს. ძალიან სწრაფად ათრობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აყოლებთ "კოკა-კოლას". უმჯობესია დააყოლოთ უგაზო მინერალური წყალი (50 მლ ვისკი:1ჩ/ჭ მინერალური წყალი). სასურველია, ვისკი დალიოთ ცოტა, ისიც მადისთვის. რადგან აძლიერებს აგრესიას, ის არ უნდა მიიღონ მათ, ვისაც ალკოჰოლის დროს უჭირს თავის გაკონტროლება.