პოლიპოზი - ცხოვრების დისკომფორტი
06-01-2014
პოლიპოზი - ცხოვრების დისკომფორტი
ადამიანს უამრავი დაავადება აწუხებს. თუმცა, იზრდება მედიცინის შესაძლებლობები და განკურნების შანსიც. ოტოლარინგოლოგ ირინა ქაცარავას ცხვირის ღრუს პოლიპოზის შესახებ ვესაუბრეთ.

- ცხვირის პოლიპოზზე უწინარესად ცხვირით სუნთქვის დარღვევა და გაჭედილობის მუდმივი შეგრძნება მიუთითებს. ამ შეგრძნების "დოზა" კი პოლიპის ზომასა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. პოლიპოზის დროს ასევე შეიძლება დაქვეითდეს ან გაქრეს ყნოსვა, ხშირად სუნთქვის გაძნელებას მოსდევს წვისა და უცხო სხეულის შეგრძნება, გამონადენი ცხვირიდან, თავის ტკივილი. მაგრამ ეს სიმპტომები პოლიპის დიაგნოზის დასასმელად არ კმარა. დიაგნოზს
სვამს ოტოლარინგოლოგი ცხვირის ღრუს რინოსკოპიით. ამ დროს ცხვირის ლორწოვანი გარსის სტრუქტურა შეცვლილია. ლორწოვანი გარსი ერთგვარად მოშვებული და ჩამოკიდებულია. სხვათა შორის, ასეთ უბანში ეოზინოფილები ანუ ალერგიის ერთ-ერთი მაჩვენებელი უჯრედები გროვდება. პოლიპი, ფაქტობრივად, ლორწოვანი გარსის ფენაში თავმოყრილი ეოზინოფილებია.

- პოლიპოზი შეიძლება ალერგიულიც იყოს?
- დიახ და შედარებით
მძიმე დაავადებაა. მისი განვითარების მექანიზმს საფუძვლად უდევს ლორწოვანის ჰიპერტროფია ალერგიული პროცესის გამო. განასხვავებენ ალერგიული პოლიპოზის ოთხ სტადიას. პირველ სტადიაზე პოლიპები ცხვირის ღრუში არსებულ სამ სართულად განლაგებულ ზედა და შუა ნიჟარებს არ სცილდება, მეორე სტადიაში ქვედა სავალამდე ჩამოდის, მესამეში უკვე სრულიად სპობს სუნთქვის საშუალებას და ნესტოში ჩანს, ხოლო მეოთხეში - ნესტოდან გამოდის.

ცხვირის პოლიპს მრავალი მიზეზი იწვევს: ბრონქული ასთმა, ცხვირის დანამატი წიაღების ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ჰაიმორიტი, ფრონტიტი, ეთმოიდიტი). პაციენტს შეიძლება დაბადებიდანვე დაჰყვეს დაზიანებული ცხვირის ანატომიური სტრუქტურა, რაც შემდგომ პოლიპის გაჩენას განაპირობებს. ასევე მნიშვნელოვანია გენეტიკურად კოდირებული დარღვევა, გადატანილი ვირუსული ინფექცია და სხვა.

- პოლიპოზის მკურნალობის ძირითადი მეთოდი მისი ოპერირებაა.

- თუმცა არა ერთადერთი. ოპერაციამდე ტარდება ტრადიციული კომპლექსური მკურნალობა, რასაც ექიმი ნიშნავს და ხშირად შედეგიანიცაა. მხოლოდ უეფექტო კონსერვატიული მკურნალობის შემთხვევაში დაისმის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის საკითხი. ზოგჯერ პოლიპი იმდენად დიდია, რომ სახეს ამახინჯებს. დღევანდელი მედიცინა საშუალებას იძლევა, პოლიპი უმტკივნეულოდ და მაქსიმალური სიზუსტით ამოიკვეთოს. ეს კეთდება ზოგადი ანესთეზიით, ქირურგიული დანით ან ლაზერით. ამ დროს ქირურგიული კვეთა კეთდება ცხვირის ღრუს შიგნით და ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები არ ჩანს... ოპერაციის შემდეგ აუცილებლად ტარდება მკურნალობა, - არა მხოლოდ ოპერაციის შემდგომი ინფექციური გართულების თავიდან ასაცილებლად, არამედ მის წინააღმდეგ საბრძოლველადაც - არცთუ იშვიათად ოპერაციის შემდეგ ცხვირის ლორწოვანი გარსი შეიძლება იმავე პათოლოგიური შენაერთებით აღდგეს და კვლავ პოლიპი ჩამოყალიბდეს. ასე რომ არ მოხდეს, უნდა ჩატარდეს კომპლექსური მკურნალობა, აღმოიფხვრას პოლიპის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები.
ესმა წკრიალაშვილი
06 იანვარი 2014 22:18
რა შეიძლება ჩაითვალოს პოლიპის ხელმეორედ განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებად?

რედაქტორის რჩევით