"დუელი" გასტრიტთან - კვირის პალიტრა

"დუელი" გასტრიტთან

გასტრიტი არის კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი. ქრონიკული გასტრიტი სხვადასხვანაირად იჩენს თავს. დაავადება დიდხანს არ მჟღავნდება და ვლინდება გამწვავების დროს. ამ დროს ადამიანს აწუხებს კუჭის ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება და სულ მცირედითაც კი დარღვეული მენიუ იწვევს პირღებინების და გულისრევის შეგრძნებას, პირში ჩნდება ლითონის გემო, არცთუ იშვიათია შეკრულობაც.

გასტრიტის დიაგნოზს სვამენ ლაბორატორიული და ენდოსკოპიური მეთოდებითა და გამოკვლევებით, აუცილებლობის შემთხვევაში ემატება ულტრაბგერითი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მჟავიანობისა და სხვა გამოკვლევები.

გასტრიტის მიზეზი შეიძლება იყოს: მავნე ჩვევები, ხანგრძლივად მიღება იმ წამლებისა, რომლებიც აღიზიანებენ კუჭის ლორწოვანას, ქრონიკული სტრესი. მთავარ ფაქტორად მიჩნეულია "ჰელიკობაქტერია პილორი", რომელიც გადადის ადამიანიდან ადამიანზე ჩვეულებრივი ყოფითი კონტაქტით (ერთი ჭიქიდან სასმლის და საკვების მიღება, კოცნით). ეს ბაქტერია კუჭში ხვდება ნერწყვით, სახლდება უჯრედთაშორის და მიუწვდომელი ხდება კუჭის წვენის მარილმჟავასთვის.

გასტრიტის დროს მნიშვნელოვანია არა მარტო ექიმის დანიშნული წამლების მიღება, არამედ კვების რეჟიმიც.

ჭამეთ დღეში 5-6-ჯერ (ერთსა და იმავე დროს), რაც მთავარია საუზმეზე მიიღეთ ფაფეული და ღამით არ ჭამოთ მაძღრისად. უმჯობესია უარი თქვათ ზოგიერთ პროდუქტსა და სასმელზე (შოკოლადი, შებოლილი პროდუქტები, ყავა, გაზიანი სასმელები, ალკოჰოლი, კონსერვები, ფასტუდი, შემწვარი, ცხარე და ცხიმიანი). თავი უნდა ავარიდოთ სტრესს.