ხალხური მედიცინის განძი, რომელიც ყველა ოჯახს დაამშვენებს
13-01-2014
ხალხური მედიცინის განძი, რომელიც ყველა ოჯახს დაამშვენებს
"კარაბადინი" უკვე ორ წიგნად

წლებია უკვე, რაც "კვირის პალიტრა", რუბრიკაში "კარაბადინი", ხალხური, ტრადიციული მედიცინის მონაპოვარს - ათასგზის გამოცდილ რეცეპტებს ბეჭდავს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ქიმიური პრეპარატების წარმოება ძალიან დიდ მასშტაბებს და განვითარების მაღალ დონეს აღწევს, ხალხმა მაინც იცის მცენარეული პრეპარატების ფასი და სამკურნალოდ ხშირად მიმართავენ წინაპართაგან გაგონილ, დანატოვარ მეთოდებს. შესაბამისად, "კვირის პალიტრის" ამ რუბრიკამ სწრაფად მოიპოვა მკითხველის პოპულარობა, ნდობა და დღემდე შეინარჩუნა. სწორედ ხალხის მოთხოვნა გახდა თავის დროზე მიზეზი
იმისა, რომ გამომცემლობა "პალიტრა L"-მა "კარაბადინის" უნიკალური რეცეპტების პირველი წიგნი გამოსცა. პირველ ნაწილს მეორეც მოჰყვა და დღეს უკვე "კარაბადინის" ორი ნაწილის შეძენაა შესაძლებელი, სადაც ხალხური მედიცინის ნამდვილი "განძია" შესული.

თამარ მამაცაშვილი, "კარაბადინის" ავტორი და შემდგენელი: "ეს რუბრიკა "კვირის პალიტრაში" ჯერ კიდევ 2002 წელს დაფუძნდა. მაშინ
მას "ხალხში გამოცდილი რეცეპტები" ერქვა. მკითხველები გვიგზავნიდნენ რეცეპტებს, რომლებიც თავის თავზე ან ახლობლებზე ჰქონდათ გამოცდილი. ყოველ რეცეპტს განვიხილავდი, რამდენად შეესაბამებოდა მისი კომპონენტები დანიშნულებას, რამდენად ეფექტიანი იყო, რა შემთხვევაში არ შეიძლებოდა ამ რეცეპტის გამოყენება, რა უკუჩვენება ჰქონდა და როგორც ექიმი, ყოველ რეცეპტს კომენტარს ვურთავდი. დიდი რაოდენობით ხალხური რეცეპტი დაგროვდა და მკითხველებიც გვწერდნენ, რეკავდნენ, რომ აგროვებდნენ გაზეთებიდან ამოჭრილ რეცეპტებს და კარგი იქნებოდა ისინი წიგნად გამოგვეცა. ასეც მოვიქეცით და 2009 წელს, "კარაბადინის" პირველი ნაწილი გამოვიდა, სადაც შესულია "კვირის პალიტრაში" 2002-2008 წლებში დაბეჭდილი 200-ზე მეტი რეცეპტი. მომხმარებელმა წიგნი ფაქტობრივად დაიტაცა. წიგნშიც ყველა რეცეპტს ახლავს ექიმის კომენტარი და განაწილებულია დაავადებების მიხედვით. თავდაპირველად ეს იყო მხოლოდ რეცეპტების კრებული, შემდეგ კი დავასურათეთ და ილუსტრირებული "კარაბადინის" პირველი ნაწილი გამოვეცით. ვიზუალური მასალით გამდიდრებულმა წიგნმა კიდევ უფრო მეტი მოწონება დაიმსახურა, რადგან ადამიანს შეეძლო ენახა როგორ გამოიყურებოდა ყველა ის მცენარე, რომელიც სხვადასხვა რეცეპტის მომზადებისას გამოიყენებოდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანები გვირეკავდნენ და კმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ ხალხური, გამოცდილი რეცეპტების გამოყენებით ძალიან კარგ შედეგებს აღწევდნენ.

- "კარაბადინის" მეორე ნაწილის გამოცემის იდეა როდის გაჩნდა?
- 2008 წლის შემდეგ "კვირის პალიტრაში" კიდევ უამრავი ხალხური მედიცინის რეცეპტი დაიბეჭდა. მეც, სადაც კი ხელი მიმიწვდებოდა, ვაგროვებდი და ვიწერდი ხალხური მედიცინის მარგალიტებს. შესაბამისად, იმდენი მასალა დაგროვდა, რომ გადავწყვიტეთ "კარაბადინის" მეორე ნაწილიც გამოგვეცა. გასულ წელს "კარაბადინის" არაილუსტრირებული მეორე ნაწილი გამოვეცით, ცოტა ხნის წინ კი მეორე წიგნის ილუსტრირებული ვარიანტიც გამოვიდა. "კარბადინს" აქვს როგორც მცენარეთა საძიებელი, ასევე დაავადებათა საძიებელი და ილუსტრირებული საძიებელი, შესაბამისად ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულია გამოყენებისთვის. ჩვენთვის ყველაზე კარგი შეფასებაა, როცა ამბობენ, რომ ეს მათთვის სამაგიდო წიგნია.

- მიუხედავად ამისა, ფიტოთერაპიას ბევრი სკეპტიკურად უყურებს...

- ექიმი ვარ და ექიმების მხრიდანაც  მომისმენია ცოტა ცინიკური შეხედულებები ფიტოთერაპიის შესახებ. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ეს არის მიმართულება, რომელსაც ვერასდროს ვერაფერი ჩაანაცვლებს, მიუხედავად იმისა, განვითარების რაოდენ მაღალ დონესაც უნდა მიაღწიოს  მედიცინამ და ქიმიური პრეპარატების წარმოებამ. ყველა დაავადებას დღეს ქიმიური პრეპარატებით მკურნალობენ. მაგრამ, თითქმის ყველა მიმართულებაში მცენარეებისგან დამზადებული, ოფიციალური პრეპარატებიც არსებობს, რომელსაც ვერ ცვლის ქიმიური პრეპარატები. ხალხური მედიცინა არსებობს და იარსებებს ყოველთვის, რადგან ეს ძალიან დიდი რეზერვია ზოგადად მედიცინისთვის. ზოგჯერ ხდება, რომ ამოწურა თავისი შესაძლებლობები ქიმიურმა პრეპარატმა, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების დროს და საჭიროა მკურნალობაში მცენარეული პრეპარატი ჩაერთოს. ზოგჯერ ხახვისგან დამზადებულ წამალს ანტიბიოტიკის ჩანაცვლებაც კი შეუძლია. ქონდრის ნაყენი ეფექტურია ბრონქიტების, ფილტვების ანთების დროს. არსებობს მცენარეული კომპონენტები, რომლებიც ალერგიულ რეაქციებს ამცირებს...
ერთად კლასიკური და ტრადიციული მედიცინა, ანუ ფიტოთერაპია, ძალიან კარგ შედეგს იძლევა. ასე რომ, "კარაბადინი" ბევრი გონიერი ექიმისთვის კარგი საშუალება იქნება, თუ ბევრ სასიკეთოს დანერგავს თავის პრაქტიკაში.
ნინო
01 აგვისტო 2016 23:01
ყოველ ექვს თვეში მემართება ფილტვების ანთება რას მირჩევთ ხალხური მედიცინიდან რა მივიღო

რედაქტორის რჩევით