გაცივება არ გადაგვედება?!
20-01-2014
გაცივება არ გადაგვედება?!
გაცივება და გრიპი, -  სიტყვები, რომლებიც ზამთარში ჩვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ასე ხშირად გვესმის, პრობლემადაც გვექცევა ხოლმე. გაცივებაზე" ამჯერად თერაპევტი მაია ძინძიბაძე გვესაუბრება, - მოარული გამოთქმა, - "გრიპი კი არ მაქვს, გაცივებული ვარ და არ გადაგედებაო", თურმე მთლად მართებული როდია.

- მართებული არ არის, იმიტომ, რომ ტერმინი გაცივება", რომელსაც ყველასთვის ნაცნობი სიმპტომები: სურდო, ჩახეხილი ყელი, ცემინება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ტემპერატურის აწევა ახასიათებს, ზედა სასუნთქი გზების უამრავ  დაავადებას მოიცავს და ეს
დაავადებები სხვადასხვა ვირუსით არის გამოწვეული. ბევრს კი ჰგონია, რომ გაცივებას ცივი ამინდი, ქარი, თოვლში ან წვიმაში მოხვედრა იწვევს, მაგრამ კვლევებით დადგინდა, რომ საბოლოო ჯამში, ცივ ამინდს, ისევე, როგორც სხვა ფაქტორებს, - სტრესს, ფიზიკურ გადაღლას, ცუდ კვებას, ქრონიკულ დაავადებებს (ალერგია, ფრონტიტი, ჰაიმორიტი, გლანდები" და სხვ.) მხოლოდ
ხელშემწყობი როლი აკისრიათ "გაცივების" განვითარებაში. ფიზიკური გაცივება, ანუ სხეულის გადაცივება აქვეითებს ორგანიზმის იმუნიტეტს და ზრდის მასში ინფექციების შეღწევადობას. გაცივების ფონზე მაგალითად, ძალიან აქტიურდება ორგანიზმში მუდმივად მობინადრე რინოვირუსები (ცხვირიდან და თვალიდან ცრემლდენით). გაცივებისას ასევე აქტიურდებიან ბაქტერიები, რომელთა გააქტიურების ნიშნები ზედა სასუნთქი გზების, ცხვირის ან ყელის დაავადებებით ვლინდება და სამწუხაროდ, ძალზე ხშირია  ბავშვებში.

გამოკვეთილი გაცივების სეზონი არ არსებობს, - გაოფლიანებული ბავშვის ზაფხულის საღამოს გარეთ  გამოყვანამ შეიძლება ზუსტად იგივე შედეგი გამოიწვიოს, რაც ცივ ქარში მისმა მოხვედრამ. თუმცა გაცივების აქტიურ პერიოდებად მაინც შემოდგომა, ზამთარი და ადრეული გაზაფხული ითვლება, - ამ დროს საზოგადოებრივ ადგილებში შეკრებილი ხალხის რაოდენობა მაქსიმალურად იზრდება, შესაბამისად ჰაერში უამრავი ვირუსი (მით უფრო, სადაც ოთახებს ნაკლებად ანიავებენ) გროვდება, ცივი და მშრალი ჰაერი კი  აშრობს და აღიზიანებს ცხვირის, პირის და თვალის ლორწოვან გარსებს და მათში ვირუსის შეღწევა ადვილად ხდება.

- ბავშვებზე ბრძანეთ, როდესაც გაცივების შემთხვევები იმატებს, ალბათ რეკომენდებული არ არის ჩვილი ბავშვების საზოგადოებრივ ადგილებში გაყვანა.
- თუ ჩვილებში წლამდე ბავშვებს გულისხმობთ მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მათი ტარება მშობელთა უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს, - ამ დროს პატარებს მყარი იმუნიტეტი კიდევ არ აქვთ და მშობლები თავიანთი დაუდევრობით შვილებს პირდაპირ დაავადების რისკის ქვეშ აქცევენ. პირდაპირ ვიტყვი, - ზოგჯერ, როცა დედას ჩვილი ბავშვით ავტობუსში ვხედავ, ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ აქვს, განა რა საქმე უნდა ჰქონდეს მშობელს ასეთი, რომ თავისი პატარა ასეთი რისკის ქვეშ მოაქციოს?! იქ ხომ ნებისმიერი გაცივებული ადამიანი დაავადების წყაროა - ის ცემინების, ხველის თუ ლაპარაკის დროს ვირუსებს ავრცელებს. და არა მხოლოდ ცემინებისას, სასუნთქი გზების ლორწოვანზე შეიძლება მოხვდეს ზოგადად ჰაერში "მოფანტული" ვირუსებიც, რომლებიც  ჩვეულებრივ, ბლომადაა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

გაცივების ნიშნები პატარებში ძალზე ადვილად შეიმჩნევა, -  ყოველთვის ლაღი და ენერგიამოზღვავებული პატარა მოიწყენს, ლოყები ეფაკლება, იწყებს პირით სუნთქვას, ეწყება ცხვირიდან გამონადენი, უქრება ჭამის მადა და ჭირვეულობს.

- როდის არის გაცივებული ადამიანი დაინფიცირების თვალსაზრისით ყველაზე აქტიური?
- დაავადებიდან მე-2-დან მე-4 დღემდე, როცა ცხვირის და პირის ლორწოვანში ვირუსების რაოდენობა პიკს აღწევს. გაცივების სიმპტომები კი 2-დან 14 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს. თუ სიმპტომები 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა და მით უმეტეს, სხვა ჩივილებიც დაემატა, საეჭვოა, რომ განვითარდა სასუნთქი სისტემის ბაქტერიული ინფექცია და ჩამოყალიბდა გართულება, რის დიაგნოზსაც ექიმი სვამს. ცხვირის ღრუში განვითარებული ინფექცია მაღალი შიდა წნევის შედეგად შეიძლება ცხვირის დანამატ წიაღებში გავრცელდეს. ეს საშიშროება ბავშვებში უფრო მეტად არის, რადგან ცხვირ-ხახის ყურთან, ჰაიმორისა და შუბლის წიაღებთან დამაკავშირებელი ხვრელები უფრო ფართო აქვთ.
რაც შეეხება გაცივების (ასევე გრიპის) პროფილაქტიკას, - პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს, რა ესაჭიროება ბავშვს: თუ სიცხე სწრაფად იმატებს და ბავშვს აციებს, პატარას უნდა  ჩავაცვათ თბილი ტანსაცმელი, რათა სწრაფად გავათბოთ. როცა ტემპერატურა მაქსიმუმს მიაღწევს და შემცივნება გაივლის, ბავშვის შეძლებისდაგვარად გაშილიფებაა საჭირო, თუ პატარას თბილ ტანსაცმელს მაქსიმალურად  მოვაშორებთ, ცხელების გადატანა უფრო გაუადვილდება. ტემპერატურის მატებით ორგანიზმი ინფექციას ებრძვის - მაღალი ტემპერატურის დროს ვირუსისა და ბაქტერიის გავრცელების სიჩქარე იკლებს. სწორედ ამიტომ არის, რომ სიცხის დამწევი საშუალებების მიღებას ექიმები მხოლოდ 38 გრადუსზე მაღლა ურჩევენ, ამ დროს უმჯობესია ბავშვის ზოგად მდგომარეობაზე (გუნება-განწყობილებაზე) ვიზრუნოთ.

- სულ კამათობენ იმაზე, გამოჯანმრთელებიდან რა დროის შემდეგ უნდა დავაბრუნოთ ბავშვი, მაგალითად, საბავშვო ბაღში...

- ამისთვის გამოჯანმრთელებიდან ერთი კვირა მაინც უნდა გავიდეს. ახალგამოჯანმრთელებული ბავშვის ორგანიზმი ვირუსებისადმი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა და შესაძლებელია, ხელახალი ინფიცირება მოხდეს.

- იქნებ ესეც მითხრათ, ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ნიორი გრიპისა და გაცივების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა. ეს მართალია?

- ნიორი საუკეთესო ბაქტერიოციდული თვისებების მქონეა. პროფილაქტიკისთვის კი საკმარისია, ყოველდღიურად 1-2 კბილი ნივრის მიღება. ის მართლაც წამალივით წაადგება ორგანიზმს. თუკი ხალხურ საშუალებებზე ვამახვილებთ ყურადღებას, იმუნიტეტს აძლიერებს ასევე თაფლიანი ბოლოკი.

რედაქტორის რჩევით