სამედიცინო ქიმია - განკურნების ახალი სპექტრი
03-02-2014
სამედიცინო ქიმია - განკურნების ახალი სპექტრი
მედიცინა ადამიანური გონის განვითარებასთან ერთად ვითარდება. ჩვენს ყოფაში უკვე მყარად დამკვიდრდა სამედიცინო ქიმია, რომელიც მედიცინაში დიდი ძვრების მოხდენას ითვალისწინებს. ამის შესახებ გვესაუბრება ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი, პროფესორი რამაზ გახოკიძე:

- სამედიცინო ქიმია მართლაც ძალზე სწრაფად ვითარდება. მისი კვლევის საგანს წარმოადგენს ორგანიზმის ქიმიური კონსტრუქციისა და იმ პროცესების შესწავლა, რომლებიც ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას მართავს; ასევე, - ამ პროცესების კვლევა მოლეკულურ დონეზე. სწორედ ამ კომბინაციაში მუშავდება სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ებრძვის არა მარტო ადამიანის
ავადმყოფობას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მის გამომწვევ მიზეზს. მოვიყვან ერთ მაგალითს: ფარისებრი ჯირკვლისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იოდის დეფიციტი განაპირობებს. ექიმები ამ დროს პაციენტებს იოდის შემცველ პრეპარატებს უნიშნავენ, რომლებიც დროებით ხსნის დაავადების სიმპტომებს, მაგრამ დაავადებას საბოლოოდ ვერ კურნავს.

თუ რატომ, სამედიცინო ქიმია ასე ხსნის, - სინამდვილეში იოდდეფიციტური
დაავადების მიზეზი იოდის დეფიციტი კი არ არის, არამედ ის, რომ ორგანიზმი იოდს ვერ ითვისებს. ამაში კი მას ხელს უშლის სამი რამ, რაც იოდის შემწოვ არხებს კეტავს. პირველი - საკვები, მეორე - სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოყენებული პესტიციდები და მესამე - მძიმე მეტალები, რომლებიც ჩვენ გარშემოა გაფანტული. მაგალითად, აჭარაში, ხულოს რაიონში, სადაც ახლოს არის იოდის შემცველი ნივთიერებებით მდიდარი ზღვა და ჰაერიც იოდით არის გაჯერებული, წესით, იოდდეფიციტური დაავადება ნაკლები უნდა იყოს, არადა, პირიქითაა - აქ იოდდეფიციტური დაავადება ძალიან ბევრს აქვს. ამის მიზეზი ბათუმში სამეცნიერო კონფერენციაზეც დავასახელე, - შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რომ ამ მხარის მოსახლეობა ცალმხრივად იყენებს საკვებადსოფლის მეურნეობის იმ პროდუქტებს, რომლებიც იოდის შემწოვ არხებს კეტავს. ასეთებია, მაგალითად, სიმინდი, გოგრა, კეჟერა ფხალი და ა.შ. სწორედ ამიტომაც მიიჩნევენ სამედიცინო ქიმიის დარგის წარმომადგენლები, რომ ასეთ შემთხვევაში სამკურნალოდ უნდა დაინიშნოს ისეთი ნივთიერებები, რომლებიც გახსნის ორგანიზმში ოიდისთვის ჩაკეტილ არხებს. კიდევ ერთი მაგალითი: რკინადეფიციტური დაავადებების სამკურნალოდ ექიმები რკინის შემცველ პრეპარატებს ნიშნავენ. ახლა ვნახოთ ბუნებაში ამ მხრივ რა ხდება, - ნიადაგში არის რკინის სიჭარბე, მაგრამ ამის მიუხედავად, ბევრი მცენარე ვერ ითვისებს სიცოცხლისთვის აუცილებელ ამ ელემენტს და ავადდება (მაგალითად, ვაზის ქლოროზი). ჩვენ გამოვიკვლიეთ, რომ მცენარის რკინით მომარაგებას ამ მცენარეში ფოსფორის სიჭარბე უშლის ხელს, რასაც თავის მხრივ, ნიადაგში კალციუმის სიჭარბე იწვევს. ამ დროს მცენარეში რკინადეფიციტის მოსაგვარებლად ნიადაგში რკინის შემცველი პრეპარატების შეტანა მხოლოდ დროებით ეფექტს იძლევა და კალციუმის სიჭარბესთან ბრძოლაა საჭირო. ზუსტად ასეა ადამიანიც - მისი ჯანმრთელობისთვის უნდა დავაბალანსოთ მასში მიმდინარე ის ქიმიური პროცესები, რაც დაავადების მიზეზი ხდება.

მაგალითად, ანემიის დროს აუცილებელია ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც გააიოლებს რკინის ტრანსპორტსმემბრანულ არხებში. ჩ ვიტამინით მდიდარი საკვები ხელს უწყობს რკინის შეწოვას. რკინის შეწოვას აფერხებს ჩაი, ყავა, კაკაო, სანელებლები, რძე და რძის პროდუქტები. ჩაი და ყავა რეკომენდებულია საკვების მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ, რძე და რძის პროდუქტები - კვებათა შორის.

- ამ დარგის წარმატებას ხელს ის არ შეუშლის, რომ პარალელურად ეკოლოგიური შხამების გამოყენებაც იზრდება?

- ამჟამად ატმოსფეროში მართლაც გაფრქვეულია ორი ათასზე მეტი სხვადასხვა ნივთიერება;თბურ ელექტროსადგურთა და მეტალურგიულ ქარხანათა საკვამლე მილები 150 მილიონ ტონაზე მეტ გოგირდის ოქსიდს და 50 მილიონ ტონამდე სხვა მჟავურ გაზებს აფრქვევენ. მაგრამ ქიმიურ ნივთიერებათა შორის ყველაზე მავნე პესტიციდებია. სიტყვა "პესტიციდი" ლათინურად "მკვლელს" ნიშნავს. ამ მკვლელს კი მცენარეთა და ცხოველთა პარაზიტების 600-მდე სახეობა შეეგუა, რის გამოც უფრო და უფრო ძლიერ შხამებს იყენებენ.სოფლის მეურნეობის გადაჭარბებულმა ქიმიზაციამ მიწაც "ნარკომანი" გახადა. ამ პირობებში ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ტერმინი "სიცოცხლის" ხარისხიც" კი შემოიღეს. სწორედ ამიტომაც არის საჭირო მეტი და მეტი ეკოლოგიური პროდუქტი, რის მიღებასაც ბევრ ქვეყანაში ცდილობენ. "სიცოცხლის ხარისხის" ამაღლება ბიოორგანული ქიმიის და სამედიცინო ქიმიის მიღწევებით არის შესაძლებელი.

- რაიმე ისეთი სიახლეც გვითხარით, რომელიც უკლებლივ ყველას დააინტერესებს.
- საბედნიეროდ, ასეთი ძალზე ბევრია. მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს: დადგენილია, რომ ყავაში შემავალ ნახშირწყლებს (რომლებიც ხსნად ყავაში 60%-ით მეტია, ვიდრე ახალ მომზადებულში) ადამიანის ორგანიზმი ვერ ითვისებს. ახლახან კი დადგინდა, რომ ზოგიერთი სასარგებლო მიკრობი, რომლებიც ცხოვრობენ ადამიანის ნაწლავებში, ითვისებენ ყავის ნახშირწყლებს და მათი გავლენით აჩქარებენგამრავლებას.
ამ მიკრობებს შორისაა ბაქტეროიდები, რომლებიც მსხვილი ნაწლავის უჯრედებს იცავენ ავთვისებიანი სიმსივნისგან, აუმჯობესებენ კალციუმის ათვისებას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით