განახლებული "მკურნალი" რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV"-ის ეთერში
10-02-2014
განახლებული  "მკურნალი"  რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV"-ის ეთერში
12 თებერვალს რადიო "პალიტრისა" და პალიტრა TV"-ის ეთერში განახლებული "მკურნალი" გავა. გადაცემა, რომელიც წლების განმავლობაში საინტერესო და აქტუალურ სამედიცინო საკითხებს აშუქებდა, ახლა მსმენელსა და მაყურებელს კიდევ უფრო დინამიკურ და მრავალფეროვან ფორმატს შესთავაზებს.

ნინო წულუკიძე, გადაცემა "მკურნალის" პროდიუსერი:
"მედიცინა ისეთი სფეროა, რომელიც მუდმივად ვითარდება და შესაძლოა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცოდეს, რა სიახლეებია სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში, როგორი ტექნიკური შესაძლებლობები არსებობს, რა მედიკამენტებია ფარმაცევტულ ბაზარზე, როგორია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და სხვ.
განახლებული
"მკურნალით" გვინდა გავაცნოთ მოსახლეობას ყველაფერი, რაც სამედიცინო სფეროში ხდება, რა რეფორმები ტარდება, ტექნოლოგიური თვალსაზრისით რომელი კლინიკა როგორ არის აღჭურვილი,  რისი მოთხოვნა შეუძლია პაციენტს ექიმისგან და რა უნდა მიიღოს კვალიფიციური სპეციალისტისგან. ბევრი აქტუალური თემაა, რომელიც გაშუქებას საჭიროებს.

სწორედ თემატური მრავალფეროვნების გამო გადავწყვიტეთ გადაცემა ორ ნაწილად გაგვეყო.
პირველ ნაწილში გავა სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც ასახული იქნება, როგორ მუშაობენ წამყვანი კლინიკები ამა თუ იმ დაავადების გამოსავლენად, სამკურნალოდ რა მეთოდებს მიმართავენ და როგორია მათი ტექნიკური ბაზა. გადაცემის მეორე ნაწილში კი წამყვანი და მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ დაავადების მკურნალობის ახალ მეთოდებზე, პრეპარატებზე, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ახალ პროექტებსა და რეფორმებზე. გადაცემა პირდაპირ ეთერში გავა და შესაბამისად, "პალიტრა თV"-ის მაყურებელს და რადიო "პალიტრის" მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, გადაცემის მსვლელობისას დაგვიკავშირდნენ და მოწვეულ სტუმარს მათთვის საინტერესო  კითხვა დაუსვან. ჩვენ შევეცდებით, რომ პრობლემა, რასაც  მიეძღვნება გადაცემა, იმ პერიოდისთვის აქტუალური, მწვავე და სენსიტიური იყოს.

გადაცემა "მკურნალის" წამყვანი გახლავთ კვალიფიციური ექიმი ქეთევან ჭუჭულაშვილი. ხშირად, ამა თუ იმ სამედიცინო პროფილის სპეციალისტებს, ახასიათებთ სპეციფიკური სამედიცინო ტერმინოლოგიით საუბარი და ბევრი რამ მათი ნათქვამიდან გაუგებარი რჩება აუდიტორიის უმრავლესობისთვის. კიდევ უფრო რთულდება ვითარება, თუ წამყვანმაც არ იცის ამა თუ იმ სამედიცინო ტერმინის მნიშვნელობა და განმარტება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გადაცემას გასძღოლოდა ექიმი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში განმარტავს მაყურებლისა და მსმენელისთვის სამედიცინო ტერმინების მნიშვნელობას, ან შემხვედრ შეკითხვას დაუსვამს სტუმარს, რათა მან   პოპულარულ ენაზე ახსნას სხვადასხვა სამედიცინო სიტყვა.

- რა პერიოდულობით გავა გადაცემა ეთერში?
- გადაცემა "მკურნალი" ეთერში ყოველ ოთხშაბათს, 13:10-ზე გავა და შაბათობით მოხდება განმეორებითი ჩვენება. როგორც გითხარით, გადაცემა ინტერაქტიული იქნება, გვინდა, რომ მსმენელი აქტიურად იყოს ჩართული გადაცემის მსვლელობისას, დასვან შეკითხვა, მოსაზრება გაგვიზიარონ, გვიამბონ იმ პრობლემების შესახებ, რაც ექიმებთან ურთიერთობის დროს, ჯანდაცვის სისტემასთან შეხებისას შეხვდათ. შესაძლოა, მაყურებელმა მოგვაწოდოს იდეა, რა თემაზე სურთ იხილონ ჩვენი გადაცემა. 

- რა თემით გავა განახლებული "მკურნალის" პირველი  გადაცემა ეთერში?
- ჩვენი პირველი გადაცემა მიეძღვნება ტონზილიტების თემას. ზოგადად ეს პრობლემა ცნობილია გლანდების, ნუშურა ჯირკვლების სახელით, რომელიც ყველა ადამიანს აქვს და ძალიან ხშირად მათი ანთება იწვევს სერიოზულ პრობლემას. "გლანდებმა" შეიძლება მოულოდნელად იჩინოს თავი. ხშირად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეს პრობლემა შესაძლოა სასუნთქი გზების ანთებაში შეეშალოთ და არასწორმა მკურნალობამ ცუდი შედეგი გამოიწვიოს.

ჩვენი პირველი გადაცემის პირველი სტუმარი იქნება პროფესორი გიორგი გოგნიაშვილი, რომელიც გაგვაცნობს ნუშურა ჯირკვლების მოცილების თანამედროვე მეთოდებს.
ასეთი კი გახლავთ ნუშურა ჯირკვლების ლაზერით მოკვეთა. იმედი მაქვს, რომ მსმენელი და მაყურებელი აქტიურად იქნება ჩართული გადაცემის მსვლელობისას და ჩვენი სტუმარი საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით