საახალწლო სუფრა რომ დაავადების მიზეზად არ იქცეს... - კვირის პალიტრა

საახალწლო სუფრა რომ დაავადების მიზეზად არ იქცეს...

ხალი წელი, შობა, ძველით ახალი წელი - ეს დღესასწაულები ორი კვირის განმავლობაში, თითოკვირიანი შუალედით აღინიშნება და ყოველი ჩვენგანი ცდილობს, სადღესასწაულო სუფრა ათასგვარი სურსათ-სანოვაგით ჰქონდეს დახუნძლული. გოჭი, საცივი, გოზინაყი, ალკოჰოლური სასმელი - ამ ყველაფრის მირთმევის შემდეგ, ხშირად თავს შეგვახსენებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ასმათ კევლიშვილი (ექიმი-დიეტოლოგი): - მეტწილად, ადამიანებს აქვთ ფერმენტების დეფიციტი, ანუ დარღვეულია ფერმენტაცია. ამის გამოა, რომ ახალი წლის დღეებში ზოგს ნაღვლის ბუშტი ასტკივდება, ზოგს კუჭ-ნაწლავი გაუღიზიანდება, ზოგს ალერგიული გამონაყარი უჩნდება. მთელი წლის განმავლობაში, არასწორი კვების შედეგად, ხდება ფერმენტების გადახარჯვა. ამიტომ, როცა ორგანიზმში ფერმენტების მარაგი არ არის, მრავალფეროვან სუფრასთან დანაყრების შემდეგ, ყოველთვის თავს იჩენს განსაზღვრული პრობლემები. გოზინაყისა და სხვა ნიგვზიანი საკვების მიღების შემდეგ ხშირია ალერგიული გამოვლინებები და ჰგონიათ, რომ ალერგია, როგორც დაავადება, რომელიმე კონკრეტული პროდუქტისადმი აქვთ. არადა, ეს არის ორგანიზმის ტოქსიკური მდგომარეობა.

- დიეტოლოგების თქმით, ქართული ტრადიციული კერძები მოსანელებლად მძიმეა. არადა, ახალი წლის სუფრა საცივის გარეშე წარმოუდგენელია...

- უმეტესად საცივს ქათმის ან ინდაურის ნახარშისგან ამზადებენ. უმჯობესია, თუ საცივის მოსამზადებლად წყალს გამოვიყენებთ. ტექნოლოგიურად ზუსტად ისე უნდა მომზადდეს, როგორც ნახარშის შემთხვევაში, ოღონდ ე.წ. ბულიონის ნაცვლად გამოვიყენოთ წყალი. მერწმუნეთ, აბსოლუტურად იგივე გემო აქვს და ჩვენი ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი და ნაწლავები ისე არ დაიტვირთება, როგორც ნახარშზე დამზადებული საცივის მირთმევისას. ნიგვზიან საკვებს აუცილებლად უნდა მივაყოლოთ ღომი ან მჭადი. მაგალითად, საცივი სასურველია ღომთან ერთად მივირთვათ, ხოლო ნიგვზიანი ფხალეული - უცხიმოდ გამომცხვარ მჭადთან. ერთდროულად ორი სხვადასხვა ნიგვზიანი კერძი არ უნდა მივირთვათ. არ არის სასურველი ასევე ერთ ჯერზე ორზე მეტი სხვადასხვა სახის კერძის მიღება. დღის განმავლობაში შესაძლოა ისე გადანაწილდეს საკვები სახეობების მიხედვით, რომ ორგანიზმი არ დაიტვირთოს. არ არის სასურველი ბევრკრემიანი ნამცხვრის მიღება, რადგან ჭარბი ცხიმი ღვიძლს სტრესულ მდგომარეობაში აგდებს.

არ არის სასურველი ნებისმიერი არასეზონური ბოსტნეულის, მაგალითად ბადრიჯნის მიღება. ბევრ სუფრაზე ნახავთ შემწვარ ბადრიჯანს ნიგვზით. წარმოიდგინეთ, როგორ ამძიმებს ეს საკაზმი იმ ბადრიჯნის თვისებებს, რომელიც აბსოლუტურად ტოქსინებით არის მოყვანილი. ამგვარი ბადრიჯნის შეწვისას კიდევ ახალი კანცეროგენები წარმოიქმნება და იმას რომ ნიგვზითა და მაიონეზით დავამძიმებთ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ორგანიზმი. დიდი მნიშვნელობა აქვს სეზონურობას. ამ სეზონზე არის ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი და სწორედ მათი გამოყენებით დავამზადოთ სალათები. უმჯობესი იქნება, თუ ამ ბოსტნეულისგან დამზადებულ სალათებს შევაზავებთ ცოცხალი მწვანილით, მცენარეული ზეთით.

- შემწვარ გოჭზე რაღას გვეტყვით?

- გოჭი უნდა შეიწვას ბადეზე, ან თონეში ჩაკიდული, რომ ტაფას არ ეხებოდეს. მით უფრო არ უნდა შეიწვას მისსავე ცხიმში, რომ კანცეროგენი არ შეიწოვოს. კარგი იქნება, თუ გოჭს ერთხელ წამოვადუღებთ და ამის შემდეგ შევწვავთ. სხვათა შორის, ქართული ტრადიციისამებრ, გოჭის შეწვა სწორედ ასე ხდებოდა. წამოდუღების დროს ხორციდან გამოდის მომწამვლელი ნივთიერება კრეატინი.

- შობა-ახალწლის დღესასწაულებზე, ალკოჰოლური სასმლის მიღებაც გვიწევს...

- გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენი ღვიძლის ტემპერატურა ისედაც მაღალია. სპირტიანი სასმელების მიღება ტრადიციულია ცივი ქვეყნებისთვის. ჩვენთვის ტრადიციული სასმელია ღვინო, მაგრამ ის უნდა იყოს სუფთა, ნატურალური და ზომიერადაც უნდა დავლიოთ. თუ ზომიერებას დავიცავთ, ღვინისგან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია გამორიცხულია, რადგან ეს სასმელი ისეთ სასიკეთო ფერმენტებს შეიცავს, რომლებიც პირიქით, საკვების მონელებას უწყობენ ხელს. შესაბამისად, ღვინოს თუ გონივრულად დავლევთ, ის შესაძლოა წამლად გვექცეს, ხოლო ჭარბ მიღებას - საწამლავის ეფექტი აქვს.

- როგორ უნდა მოვამზადოთ ორგანიზმი მთელი წლის განმავლობაში ისე, რომ შემდეგ თამამად მივუსხდეთ საახალწლო სუფრას?

- პირველ რიგში, ტექნოლოგიურად სწორად მომზადებული კერძები უნდა მივიღოთ. კვების რეჟიმი უნდა იყოს ბალანსირებული, ანუ სამჯერადი, ოთხჯერადი სახით დღის განმავლობაში. უნდა დავიცვათ მარხვა, რადგან ეს დაგვეხმარება არა მხოლოდ სულიერი, არამედ ფიზიკური გაჯანსაღებისთვის.

კვების სწორი რეჟიმი ანბანივით უნდა დავისწავლოთ. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ასეთი მიდგომა უცხოა. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი დაავადება, რომელიც არ არის გენეტიკური, არასწორი კვებიდან იღებს სათავეს. რატომღაც მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ სწორი კვებით ნებისმიერი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა, ნაღვლის ბუშტის, კუჭ-ნაწლავისა და სხვ. ეს ჩემი მოსაზრება არ გეგონოთ. მედიცინის მამას, ჰიპოკრატეს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: "საკვები არის საუკეთესო წამალი".