სიცივე და კანი - კვირის პალიტრა

სიცივე და კანი

რა უნდა ვიცოდეთ ზამთარში კანის შესახებ

სიცივე პრობლემებს კანსაც უქმნის. ზამთარში კანის პრობლემებზე საუბარი დერმატოლოგ მაკა გოქსაძეს ვთხოვეთ.

ზოგადად,  მოყინვა დაბალი ტემპერატურის ხანგრძლივი მოქმედებით ჩნდება. დასაწყისში ის დაზიანების არეში სიცივის შეგრძნებით იწყება, რომელსაც თან ახლავს წვა, ჩხვლეტა. თუკი ყინვის ზემოქმედება გახანგრძლივდა, ამას მოჰყვება მგრძნობელობის გაქრობა. დაზიანებულ არეში კანი უხეშდება, ფერმკრთალდება. რაც უფრო ხანგრძლივია ეს პერიოდი, მით მეტი ქსოვილი ზიანდება, რომელიც გათბობის შემდეგ ვლინდება. არჩევენ მოყინვის ოთხ ხარისხს. ბოლო სტადიები უმძიმესია. მაგალითად, მეორე ხარისხის მოყინვის დროს შესაძლებელია ფრჩხილების ნაწილობრივ ან მთლიანად მოცილება... აი, ეს არის მოყინვის ზოგადი ნიშნები. თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენს პირობებში საქმე აქამდე არ მიდის. მხოლოდ დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით კანი ადვილად შრება, კარგავს ტონუსს, ელასტიკურობას, შესაძლოა, გაჩნდეს ნახეთქებიც. ამიტომ არის საჭირო კანის მაქსიმალური ადაპტაცია დაბალ ტემპერატურასთან სპეციალური დამცავი კრემებისა და ნიღბების საშუალებით. უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი კანის მოვლის საშუალება, რომელიც შეიცავს წყალს, გამოიყენება შინიდან გასვლამდე ერთი საათით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასში შემავალი ტენი ხელს შეუწყობს კანის გადაცივებას და ირღვევა აღდგენითი პროცესი. კანი იწყებს აქერცვლას და ჩნდება ქავილის შეგრძნება.

- ჰერპესზე რას იტყვით?

- ჰერპესიც ასევე ხშირად ახლავს ზამთარს და თან სდევს იმუნური სისტემის დაქვეითებას. დაავადებას, რომელიც ხშირად ტუჩისა და ცხვირის არეში ვრცელდება, ახასიათებს წვრილი, ბუშტუკოვანი გამონაყარი. გამონაყარი შუპდება. დაავადება დაახლოებით ერთ კვირამდე გრძელდება. მაგრამ არსებობს რთული ჰერპესებიც, რომლის დროსაც აუცილებელია ექიმის რჩევა.  ზამთარი ასევე ხელს უწყობს ტუჩის სხვა ანთებითი დაავადების, ე.წ. მეტეოროლოგიური ქიელიტის პროვოცირებასაც. ამ დროს აღინიშნება შეშუპება, რომელსაც თან სდევს მოლურჯო-მოწითალო ლაქები. შემდეგ კანზე ვითარდება ეროზიული ზედაპირი, იქმნება ნახეთქები, რაც ხშირად ქმნის ინფექციის შეჭრის საფრთხეს. სწორედ ამიტომაც არის  აუცილებელი მკურნალობის დროულად დაწყება. სხვათა შორის, ეს დაავადება ხშირად მამაკაცებს ემართებათ, რადგან, ქალებისგან განსხვავებით, ისინი არ იცავენ ტუჩს საცხით - ზამთარში ცხიმიანი პომადა, რომლის შემადგენლობაშიც, სასურველია, შედიოდეს ჟოჟობას ზეთი ან ჰიალურონის მჟავა, არა მხოლოდ ესთეტიკურად ლამაზია, არამედ ტუჩის დამცველიცაა...

- რახან ტუჩის დაცვაზე ვსაუბრობთ, ზოგადად ზამთარში კანის დაცვის საშუალებებზეც ვთქვათ...

- ზამთარში კანის მოვლის ძირითადი საშუალება კანის დატენიანება და კვებაა. ეს ყინვიან დღეებში კანს გამოშრობისა და აქერცვლის ნებას არ აძლევს. დამატენიანებელი კრემი ან გელი ყოველ საღამოს უნდა გამოვიყენოთ, შინიდან გასვლამდე 30-40 წუთით ადრე ცხიმიანი კონსისტენციის დამცავი, მკვებავი კრემები უნდა წავისვათ. სახის დასაბანად, სასურველია, გამოვიყენოთ რძე-ტონიკი ან სხვადასხვა მცენარის ნახარშისგან მომზადებული კოსმეტიკური ყინული, მაგალითად, პიტნის, ჩაის, გვირილის... ასევე, დიდი როლი აკისრია ზამთარში ნიღბებს, რომელთა შემადგენლობებშიც უნდა შედიოდეს კვერცხის გული, ხაჭო, ვიტამინები და მცენარეული ზეთები...

მნიშვნელოვანია ზამთარში ხელების მოვლა. ხელები, სახის კანისგან განსხვავებით, შეიცავს ნაკლები რაოდენობით ცხიმოვან ჯირკვლებს, რის გამოც დამცავი ჰიდროლიპიდური ფენა ძალიან თხელი და მსუბუქია. ამის გამო სიცივეში ხელები ადვილად იქერცლება და ზოგჯერ ნახეთქებითაც იფარება. ამიტომ, დღეში რამდენჯერმე გამოიყენეთ მკვებავი, ცხიმიანი კრემები. ზამთარში კარგია დამატენიანებელი ნელსაცხებლების გამოყენება,  ალერგიულებმა უნდა იხმარონ ისეთი დამცავი კრემები, რომლებიც მათი ტიპის კანისა და ამ სეზონისთვისაა განკუთვნილი.