როგორ ვებრძოლოთ გრიპს - კვირის პალიტრა

როგორ ვებრძოლოთ გრიპს

"ჩემს 8 წლის გოგონას უკვე მეორე დღეა მაღალი სიცხეები აქვს, ყელი სტკივა და მადა  დაეკარგა. მეშინია,  საშიში ვირუსი არ ჰქონდეს და მეორესაც არ გადასდოს!" - შემომჩივლა ახლობელმა, რომელიც ჯერჯერობით ცდილობს შვილს ოჯახურ პირობებში უმკურნალოს. ბოლო ხანებში ძალიან ბევრი მშობელი ჩავარდა ანალოგიურ სიტუაციაში, რადგან არაერთი ბავშვი დაავადდა. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ დროს და არის თუ არა ქვეყანაში ვირუსების გავრცელების საშიშროება? - ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში ინფექციების პათოგენეზის სამმართველოს უფროსი, მედიცინის აკადემიური დოქტორი შოთა ცანავა:

- ბატონო შოთა, ამ ეტაპზე ბავშვებში ორი სახის გრიპია გავრცელებული: ერთი მაღალი სიცხითა და ყელის ტკივილით იწყება, ხოლო მეორეს - შედარებით დაბალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი და მოთენთილობა ახასიათებს.

- უნდა ვაღიაროთ, რომ მაღალი სიცხე "კარგი" სიმპტომია და იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანის ორგანიზმი ვირუსთან საბრძოლველად მზად არის. გასაკვირი არც ის არის, რომ გრიპი ყველაზე ხშირად ბავშვებში ვრცელდება: საერთოდ, ინფექციები პირველ ყოვლისა, აზიანებს ბავშვებს და ხანში შესულ ადამიანებს - ანუ, იმათ, ვისი იმუნური სისტემაც არამდგრადი და სუსტია.

- ხომ არ არის ქვეყანაში ახალი ვირუსის გავრცელების საშიშროება?

-  რაც ხდება, ეს არის ჩვეულებრივი, სეზონური მოვლენა, რომელიც ზამთართან არის დაკავშირებული. შემიძლია მოსახლეობა დავამშვიდო, რომ უჩვეულო არაფერი ხდება. რაიმე ახალი ვირუსიც არ არის გამოვლენილი ჩვენს პოპულაციაში.  ვირუსების გააქტიურებას გაზაფხულის დასაწყისში უფრო უნდა ველოდოთ.

- მშობლები გვეკითხებიან - როგორ შეიძლება დავიცვათ ბავშვები ამ უსიამოვნო ავადმყოფობისაგან?

- ჩვენ ამ დაავადებას ვერ შევაჩერებთ და ვერც წინ აღვუდგებით, მაგრამ ჩვენ უნდა შევაჩეროთ და წინ აღვუდგეთ ამ ინფექციების შემდგომ გართულებებს. ამავე დროს, შეიძლება მარტივ თავდაცვით ხერხებსაც მივმართოთ: პირველი - თავი ავარიდოთ იმ გარემოში ყოფნას, სადაც  ინფიცირებული ადამიანები იმყოფებიან.   უნდა მოვერიდოთ დახურულ სივრცეში ყოფნას, რომელიც არ ნიავდება და სადაც ავადმყოფი ახველებს, აცემინებს და ვირუსებს გამოყოფს. თუ ოჯახში გრიპით დაავადებული ადამიანია, მაშინ არ უნდა დაგავიწყდეთ ხელების ხშირი დაბანა და ოთახის განიავება რაც შეიძლება ხშირად. უნდა მიიღოთ ვიტამინებით მდიდარი საკვები - ახალს თითქოს არაფერს ვამბობ, მაგრამ ამ წესებს ბევრი არ ასრულებს იმის მიუხედავად, რომ ეს ყველაფერი არც განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს და არც - ხარჯებს.

- რამდენად ეფექტიანი საშუალებაა ამ დროს ნიღბის ტარება?

-  რაც შეეხება ნიღაბს, ის ეფექტიანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ახლო კონტაქტი გვაქვს ადამიანთან, რომელიც გამოყოფს ვირუსებს. ქუჩაში სიარულის დროს ნიღაბს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ნიღაბი მხოლოდ მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როდესაც რამდენიმე მეტრში ვართ იმ ადამიანთან, რომელიც აცემინებს და ვირუსებს გამოყოფს.  ნიღაბი  კარგი საშუალებაა ვირუსებისაგან თავის დასაცავად, როდესაც დახურულ სივრცეში   ვიმყოფებით.

-  ერთ წლამდე  ასაკის ბავშვი ვერ ამბობს რა აწუხებს და მშობელს შეიძლება რაღაც მხედველობიდან გამოეპაროს. მით უმეტეს, თუ ბავშვს სიცხე არა აქვს...

-  თუ ბავშვს რაიმე აწუხებს, ის აღგზნებულია, ჩვეულებრივზე მეტად ტირის, მისი ქცევა უჩვეულოა და არ ჯდება ნორმალურ საზღვრებში. ამ დროს აუცილებელია მივმართოთ  ექიმს.

-  რატომ არის გრიპის დროს სითხის მიღება ასე მნიშვნელოვანი?

- სითხე ადამიანს ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. ამიტომაც ურჩევენ პაციენტებს ექიმები, რომ ბევრი სითხე მიიღონ. სითხე ავსებს იმ დანაკლისს, რომელიც ორგანიზმში დაინფიცირების შედეგად შეიმჩნევა.

"ჯადოსნური" საკვები ვირუსების საწინააღმდეგოდ

ძვირფასო მკითხველებო, ჩვენს რაციონში არსებული ზოგიერთი საკვები ძალიან დაგეხმარებათ გრიპის დასამარცხებლად. მხოლოდ რამდენიმე მათგანს ჩამოგითვლით:

ნიორი. შეიძლება ნივრის გემო სულაც არ გსიამოვნებთ, მაგრამ დაიხსომეთ - ეს ძლიერი გრიპის საწინააღმდეგო საშუალებაა. ნიორი შეიცავს მინარევებს, რომლებიც შეუცვლელია ვირუსების წინააღმდეგ საბრძოლველად. კარგია თუ მას გრიპის საწყის ეტაპზევე მიიღებთ, რაც საუკეთესო გზაა პრევენციისათვის. გრიპის დროს კარგია, თუ თითო კბილ ნიორს ყოველ 3-4 საათში ერთხელ დაღეჭავთ. თუ მისი სუნის გამო დაღეჭვას ერიდებით, დაჭერით პატარა ნაწილებად და გადაყლაპეთ ისევე, როგორც აბებს იღებთ. ასევე კარგია, თუ დაჭყლეტილ ნიორს ერთ კოვზ თაფლს შეურევთ და ისე მიიღებთ, ასე ანტივირუსული მოქმედება უფრო ძლიერი იქნება. ნივრის ერთ-ერთი საოცარი თვისება ისიცაა, რომ არ კარგავს თავის ანტიმიკრობულ თვისებებს კერძის მომზადებისას, ამიტომ ხშირად გამოიყენეთ ის საჭმლის ინგრედიენტად.

ხახვი. თავიანი ხახვის წვენი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც ადამიანს გაცივებისა და ინფექციური დაავადებებისგან იცავს.

ხახვი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას და საკვების მონელების პროცესს. ამიტომ მიიღეთ ის რამდენიმე საათში ერთხელ. თუ ცოცხალი სახით ხახვის მიღება გიჭირთ, გაზარდეთ მისი რაოდენობა კერძებში.

სანელებლები. სანელებლები, კერძოდ, მიხაკი და დარიჩინი, მდიდარია ძლიერი ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ძალიან აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას. სპეციალისტები გვირჩევენ, გრიპთან საბრძოლველად მივიღოთ თითო ჩაის კოვზი დარიჩინი, ან მიხაკი: მოაყარეთ ცოტა დარიჩინი შვრიის ფაფას. თუ უკვე გაცივებული ხართ, გამოიყენეთ სანელებლები ოფლის მოსადენად: შეურიეთ ერთმანეთს 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი და ქინძი, 1/4 ჩაის კოვზი ჯანჯაფილი, დააყენეთ ჩაის სახით და დალიეთ ცხელი.

ხათუნა ჩიგოგიძე