ეგზემა - საშიში არაფერია!
03-03-2014
ეგზემა - საშიში არაფერია!
თუ გამონაყარი გაგიჩნდათ და მორჩენას არ დაადგა საშველი, არ გაგიკვირდეთ - კანი სადიაგნოსტიკოდაც რთულია და მოსარჩენადაც. თუმცა უსაშველო არაფერია, თუ მკურნალობა სწორად წარიმართება. ეგზემა, რომელიც ხშირად კარგა ხანს გრძელდება, იკურნება, მაგრამ ექიმს აუცილებლად დროულად უნდა მიმართოთ. ამის შესახებ დერმატოლოგი მაკა გოქსაძე გვესაუბრება:

- ქალბატონო მაკა, ხალხს სიტყვა "ეგზემისაც" კი ეშინია...

-  ამ პათოლოგიის სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან "ეცზეო", რაც დუღილს ნიშნავს. მწვავე ეგზემის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი - მრავალრიცხოვანი, გამჭვირვალე სითხის
შემცველი გამონაყარი, მართლაც წააგავს მდუღარე სითხის ბუშტუკებს. ახასიათებს ქავილი და წვა. ის შეიძლება გაჩნდეს ფეხის ტერფზე, წვივებზე, ხელის მტევნის ზურგზე, სხივის ძვლებზე (იდაყვიდან მტევნამდე), პირის კიდეებზე და ყურის ბიბილოს უკან... ეგზემა კანის ზედაპირული შრეების ნერვულ-ალერგიული ხასიათის ანთებაა, რომელიც გარეგანი ან შინაგანი გამაღიზიანებლების შედეგად წარმოიქმნება და
ხანგრძლივი მორეციდივე მიმდინარეობით ხასიათდება. ის მრავალმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის სტრესმა. დაავადების სხვა მიზეზებია: ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები, ალერგია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის დაავადებები, ენდოკრინოპათიები... ბავშვთა ასაკში ეგზემა შეიძლება დიათეზთანაც იყოს დაკავშირებული, ანუ ეგზემა ნებისმიერ ასაკში გვხვდება.

- ეგზემა რით განსხვავდება სხვა სახის გამონაყარისაგან?

- ეგზემისას მრავლობითი წვრილი ბუშტუკები  სკდება და სველ, წერტილოვან ეროზიებს ქმნის. ეს ეროზიები ბოლოს ქერქით იფარება. მიკრობული ეგზემის დროს კიდურებზე ასიმეტრიულად განლაგებული ბუშტუკები (ბუშტუკოვანი სტადია) სითხით არის სავსე. კვანძოვანი სტადიის ფონზე კი ჩნდება მრავალრიცხოვანი წვრილი, წერტილოვანი, იშვიათად - მსხვილი კვანძები. ზოგჯერ ეგზემა მხოლოდ შეშუპებით და ანთებითი სიწითლით მიმდინარეობს. ზოგადად ეგზემის განვითარების პროცესი შესაძლოა, ნებისმიერ სტადიაზე შეჩერდეს, უკუგანვითარდეს და რამდენიმე ხანში განკურნებით დასრულდეს. 

- ამბობენ, რომ ეგზემა ხელს უწყობს თმის ცვენას...
- ეს სებორეული ეგზემაა, რომლის წინარე მდგომარეობა სებორეაა. ის ვითარდება თავის თმიან ნაწილზე, ყურის ნიჟარებზე, სახეზე, შუბლის, საფეთქლების, ცხვირ-ლოყის ნაოჭებში, გულ-მკერდსა და ბეჭთაშუა არეებში. სებორეული ეგზემის მძიმე შემთხვევაში იქ, სადაც დაზიანება უფრო ინტენსიურია, თმა ცვივა. პროცესს თან სდევს ქავილი, წვა, ზოგჯერ - ტკივილი.

- და ასეთი რთული დაავადება რჩება?
- თვით უმძიმეს შემთხვევებშიც კი იკურნება. ოღონდ, ექიმის მეთვალყურეობით. ექიმი ამ დროს, ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლებით დაწყებული, კორტიკოსტეროიდებით დამთავრებული, ყველა იმ თერაპიას ნიშნავს, რაც დაზიანებულ კანს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს. ინიშნება დიეტაც - შეზღუდულია მარილიანი, ცხარე, შებოლილი საკვების, შოკოლადის, კაკაოს, კვერცხის, ნიგვზისა და ციტრუსების მიღება. ეგზემის მსუბუქ ფორმაზე დადებითად მოქმედებს ხალხური საშუალებებიც.
...
29 აპრილი 2018 21:06
Gadamdebia egzema?
ana
01 აპრილი 2018 17:24
უკვე რამდენი წელია სებორიული ეგზემა მაქვს. უკვე დავიგალე ასე მგონია არაფერი მეშველება, რა აგარ ვიხმარე სად აგარ ვიკავი მარა ამაოთ
ნინო
22 მაისი 2016 19:40
გადამდებია სებორიული ეგზემა?

რედაქტორის რჩევით