"დავამარცხოთ" ცისტიტი - კვირის პალიტრა

"დავამარცხოთ" ცისტიტი

შარდის ბუშტის ანთება - ცისტიტი - შარდსასქესო სფეროს ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ძირითადად იწვევს ავადმყოფობის გამომწვევი მიკროორგანიზმები. პირადი ჰიგიენის დარღვევის დროს ისინი ადვილად აღწევენ სასქესო ორგანოებიდან შარდსადენ მილში - ურეთრაში, იქიდან კი - შარდის ბუშტში.

ცისტიტის ძირითადი სიმპტომებია: ხშირი შარდვა, ტკივილი და წვა მუცლის ქვედა ნაწილში, შარდის შემღვრევა და ფერის შეცვლა. ამ ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოთ უროლოგს ან გინეკოლოგს. ექიმი სპეციალური გამოკვლევების შემდეგ დასვამს დიაგნოზს, დანიშნავს მკურნალობას: ყველაზე სწრაფად აქრობს ინფექციას ანტიბაქტერიული პრეპარატები. გახსოვდეთ, მკურნალობა არ უნდა შეწყვიტოთ უსიამოვნო შეგრძნებების გაქრობისთანავე, რადგან ნაადრევად მკურნალობის შეწყვეტა გამოიწვევს ცისტიტის ქრონიკულ ფორმაში გადასვლას, რომელთანაც შებრძოლება უფრო გაძნელდება. ანტიბიოტიკების პარალელურად უნდა მიიღოთ პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავების ფლორის ნორმალიზებას.

გახსოვდეთ: მწვავე ცისტიტის დროს არარეკომენდებულია თბილი აბაზანა, რადგან ის აძლიერებს ანთებით პროცესს და ხელს უწყობს შარდსადინარში ინფექციების შეღწევას.

ცისტიტის კომპლექსურ მკურნალობაში გამოიყენება ფიტოთერაპიაც. მაგალითად, დათვის კენკრას, ოხრახუშის, შვიტასა და მოცვის ფოთლების ნაყენს აქვს ანთებსაწინააღმდეგო და შარდმდენი თვისება. სამკურნალო მცენარეების მზა კომბინაციები იყიდება აფთიაქში.

აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის სქემაში შეიძლება ჩართოთ ფიზიოპროცედურებიც. მაგალითად, ძალიან კარგია მაგნიტოლაზერული თერაპია (8-10 პროცედურა).

ცისტიტის პროფილაქტიკისთვის დალიეთ დღეში არანაკლებ 1,5 ლ სითხე. განსაკუთრებით სასარგებლოა მოცვისა და შტოშის მორსი, რომელთაც ბაქტერიციდული და ანთებსაწინააღმდეგო თვისება აქვთ. შეზღუდეთ მარილიანის, მჟავის, შემწვრისა და ცხარე საკვების ჭამა, რადგან ზოგიერთი ნივთიერება, რომელსაც ეს პროდუქტები შეიცავს, გამოიყოფა შარდთან ერთად და აღიზიანებს შარდის ბუშტის ლორწოვანას გარსსა და ამძაფრებს ანთებით პროცესს.