ლეიკემია განაჩენი არ არის, იკურნება! - კვირის პალიტრა

ლეიკემია განაჩენი არ არის, იკურნება!

"ლეიკემიის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება"

ხშირად სიტყვა "ლეიკემიის" წარმოთქმაც კი პანიკურ შიშს იწვევს, რადგან მაშინვე ფატალურ შედეგთან ასოცირდება. არადა, ასე არ უნდა იყოს: წლებია, ამ უმძიმესი დაავადების უმრავლეს სახეობას ქართული მედიცინა უმკლავდება, მხოლოდ ლეიკემიის რამდენიმე ფორმის წინაშე არის უძლური, რადგან ჯერჯერობით ქვეყანამ ვერ შეძლო, უცხოეთიდან შემოეტანა ლეიკემიასთან სრულად ბრძოლის  ძვირად ღირებული ტექნოლოგიები. ამ სენისადმი შიშისა და დაავადებული ბავშვების ტკივილიანი თვალების მიუხედავად, იაშვილის საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილებაში იმედი მეფობს. ეს ერთადერთი განყოფილებაა, სადაც ლეიკემიან ბავშვებს მკურნალობენ და საიდანაც მათი 70% დიდი სულიერი და ფიზიკური ტკივილების მიუხედავად, ჯანმრთელდება. გვესაუბრება ონკო-ჰემატოლოგიური ამბულატორიის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი თამარ ჯავახიძე.

- ქალბატონო თამარ, სხვა დაავადებებთან ერთად ბავშვთა ლეიკემიის სტატისტიკაც გაიზარდა?

- ბავშვთა ლეიკემიის სტატისტიკა არ შეცვლილა, ყოველ 100.000 ბავშვზე 4 ავადდება მწვავე ლეიკემიით. აქედან გამომდინარე, საქართველოში ყოველწლიურად ამ დაავადების 30-40 პირველადი შემთხვევაა. მწვავე ლეიკემია სისხლის სისტემური დაავადებაა, რომლის დროსაც ძვლის ტვინში სისხლის ნორმალური უჯრედების გადაგვარება ხდება, - ცნობილია, რომ სისხლი ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედებიდან წარმოიშობა, გარდამავალ ფაზებს გაივლის და  ყალიბდება სისხლის თეთრი და წითელი უჯრედები. თუ გარდამავალ ფაზაში უჯრედები გადაგვარდა, ამას მათი უკონტროლო გამრავლება მოჰყვება და ორგანიზმში წარმოიქმნება არასრულფასოვანი, სიმსივნური უჯრედები.

- ეს როგორ ვლინდება?

- სხვადასხვა ფორმით: ხანგრძლივად შენარჩუნებული მაღალი ტემპერატურით, საერთო სისუსტით, ოფლიანობით; ძვლების ტკივილით; სისხლჩაქცევებით კანსა და ლორწოვან გარსზე; სწრაფი დაღლით... თუმცა ეს ნიშნები შეიძლება სანდო არ იყოს, ლეიკემიის გამოვლენა მხოლოდ და მხოლოდ ანალიზების საფუძველზე შეიძლება. გადარჩენის აუცილებელი პირობა კი ის არის, რომ მშობელმა დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს და ყოველივე აღმოიფხვრას ადრეულ სტადიაზე - თუ მკურნალობის პროცესი სწრაფად და დროულად დაიწყება, ლეიკემია იკურნება, ის განაჩენი არ არის.

- არადა, ეს ბევრმა არ იცის.

-  1994 წელს საქართველოში, კერძოდ, ჩვენს განყოფილებაში, დაინერგა ლეიკემიის მკურნალობის თანამედროვე პროგრამა (ბფმ, ბერლინ-ფრანკფურტ-მიუნხენი), რომლის საშუალებით ქართველმა ექიმებმა ამ უმძიმესი დაავადებით დაავადებული ბავშვების განკურნება შევძელით. არასოდეს დამავიწყდება განკურნებული ბავშვების პირველი ნაკადი - ეს უდიდესი ბედნიერება იყო, რომლის აღწერა შეუძლებელია. თუმცა ეს გრძნობა წლების შემდეგაც არ შეცვლილა. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვით გერმანელ მკურნალებსა და მეცნიერებს. ლეიკემიასთან ბრძოლა სამკვდრო-სასიცოცხლო ომია, რომელიც ან უნდა მოიგო, ან მცირე ნიუანსის მცდარობით ყველაფერი დაკარგო. ეს პროგრამა კი საშუალებას გვაძლევს, უზუსტესად განვსაზღვროთ, რა ნიუანსით წავიყვანოთ დაავადების მკურნალობა. 1994 წლიდან დღემდე 700-მდე ბავშვი გადავარჩინეთ. პროგრამის იაშვილის საავადმყოფოში ამუშავებას ის მიზანი ჰქონდა, რომ ლეიკემიით დაავადებულნი ყველა პროფილის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყვნენ. უცხოელებს ამ პროგრამის დანერგვისას კიდევ ჰქონდათ ერთი მიზანი, - ამ სენით დაავადებული ბავშვები საქართველოში უნდა განკურნებულიყვნენ და უცხოეთში სიარული არ დასჭირვებოდათ.

- აბა, როგორ ხდება, რომ ბევრი პატარა უცხოეთში თუ არ წავიდა სამკურნალოდ, შეიძლება საშინელება მოხდეს?

- ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად ჩვენი ბავშვები უცხოეთში არ მიდიან. უცხოეთში მიდის მხოლოდ ის 30%, ვისაც განმეორებითი ლეიკემია აქვს, ანდა ლეიკემიის ის ფორმები, რომელთაც უსათუოდ სჭირდება ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია. ეს ძვირად ღირებული პროგრამა კი, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის და ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ჩვენს ბავშვებს კიდევ დამატებითი ნერვიულობა სჭირდებათ იმისთვის, იშოვიან თუ არა სახსრებს უცხოეთში სამკურნალოდ წასასვლელად. ამიტომაც ჩვენმა სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს ამ პროგრამის შემოტანაზე.

და კიდევ ერთი: ლეიკემია არა მხოლოდ  მძიმე, არამედ სოციალური დაავადებაა - ლეიკემიიანი ბავშვების მშობლებს თვეობით უწევთ კლინიკაში შვილებთან ერთად ყოფნა ურთულესი მკურნალობის პერიოდში. ამ დროს რაც უნდა მატერიალურად მყარი ოჯახი იყოს, მაინც გაჭირვებაში ვარდება. ამიტომაც ეხმარებიან ყველა უცხოურ სახელმწიფოში ასეთ ოჯახებს. ასეთი რამ ჩვენშიც უნდა დაინერგოს. ლეიკემიის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ 100 %-ით ფინანსდება. ბავშვების გვერდით ყოფნას ჩვენც სულ ვცდილობთ. მასწავლებლებიც მოგვყავს, რომ თვეობით საავადმყოფოში მყოფნი  სწავლაში არ ჩამორჩნენ, ფეხზე დადგნენ...