"ჰოლივუდური ღიმილის" საიდუმლო
17-03-2014
"ჰოლივუდური ღიმილის" საიდუმლო
რა განსაზღვრავს კბილების სითეთრესა და სიჯანსაღეს

ზამთრის ცივ დღეებში ძალიან გიყვართ ქაფქაფა ყავა ან ჩაი, ხოლო ზაფხულის სიცხეში - ყინულივით ცივი "კოკა-კოლა" და წვენები? - მაშინ იმ აზრსაც უნდა შეეგუოთ, რომ თქვენი კბილები სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მაინც სად უნდა ვეძებოთ ლამაზი და ჯანსაღი კბილების საიდუმლო და როგორ შევუნარჩუნოთ ჩვენს ღიმილს სილამაზე? - ამ საკითხზე ექიმი-სტომატოლოგი თამარ მეგრელიშვილი გვესაუბრება:

- ქალბატონო თამარ, ზოგიერთი ადამიანი ხანდაზმულ ასაკამდე ინარჩუნებს ჯანსაღ კბილებს, ზოგიერთი
კი 20-22 წლის ასაკში სტომატოლოგებთან ვიზიტებს ვერ აუდის.

- კბილებზე ძალიან ბევრი რამ მოქმედებს, თუმცა პირველ ყოვლისა, გენეტიკური ფაქტორი უნდა დავასახელო.  მეორე ადგილზე უკვე მათი მოვლაა. დროთა განმავლობაში კბილების ფერი იცვლება, მინანქარს სიყვითლე გადაჰკრავს, რაც  უმეტესად კალციუმის დეფიციტის ბრალია. ჯერ იწყება კბილის მინანქარზე ბზარების გაჩენა,
მერე ამ ბზარებიდან დენტინში სხვადასხვა ფერის ნივთიერებები აღწევს, რომელიც კბილის ფერს ცვლის. კბილები თანდათან იფიტება და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მინანქარი გაყვითლდა. რა თქმა უნდა, მინანქარიც ყვითლდება, მაგრამ ეს არის ზედაპირული შრე და ამ სიყვითლეს ადვილად გაწმენდ, ჩამოაცლი, მაგრამ უფრო ხშირად შიდა შრეებია დაზიანებული. 

- ესე იგი, კალციუმით მდიდარი საკვების მიღება დაგვიცავს კბილების დაზიანებისაგან?
- კალციუმით მდიდარი საკვები უნდა მიიღოთ, მაგრამ ამავე დროს უნდა შემოწმდეს ორგანიზმის მიერ კალციუმის შეთვისების ხარისხიც. კალციუმთან ერთად ორგანიზმში ფოსფორის საკმარისი რაოდენობაც აუცილებელია, რომ ჯანსაღი და თეთრი კბილები გვქონდეს. ფოსფორი ყველაზე დიდი რაოდენობით არის თევზის კანში, აუცილებელი არ არის  ძვირფასი ჯიშის თევზი მივირთვათ, ზოგჯერ უბრალო თევზის კანი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ძვირფასი თევზისა.  ზოგს უყვარს ძალიან ცხელი ყავა, ჩაი, რაც კბილებზე სასიკეთოდ სულაც არ მოქმედებს. მთლად უარესი, თუ ცხელს მერე ცივ წყალს მიაყოლებთ, ამგვარ უკიდურესობებს ყველანაირად უნდა მოვერიდოთ. ქიმიური რეაქციების სიჩქარე და ტემპერატურის ცვალებადობა დამღუპველად მოქმედებს კბილებზე.

- ცნობილი ფაქტია, რომ კბილებს ყველაზე მეტად აყვითლებს ნიკოტინი, ყავა, მუქი ჩაი...

-  როდესაც ჯანსაღი მინანქარი გაქვს, ჩაი ან ყავა ვერასოდეს შეჟონავს კბილებში ისე, რომ გააყვითლოს. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს, კბილები ოჯახის პირობებში გაითეთროს,  რაც მიზანშეწონილი არ არის.  შეიძლება ზედაპირულად, რამდენიმე დღით გაისუფთაოთ კბილები, მაგრამ ბოლოს უარესი შედეგი მიიღოთ.

ძალიან ეფექტიანია ქიმიური და ზუმის აპარატით კბილის გათეთრება. რამდენიმე პროცედურა ტარდება, რომლის დროსაც ხდება კბილის ფერის შეცვლა და ის სამი-ოთხი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ჯანსაღ ელფერს. არსებობს ლაზერის საშუალებით გათეთრებაც. როდესაც ექიმი კბილების მათეთრებელ საშუალებას იყენებს, ის ათეთრებს არა მხოლოდ მინანქარს, არამედ შიდა შრესაც: შედის დენტინის შრეში და მას აღიავებს, მაგრამ მარტო გაღიავება არ არის საკმარისი, ამის შემდეგ კბილს სჭირდება სპეციალური მკურნალობა, რომ მინანქრის ზედაპირის დამცავი აპკი შეიქმნას და მავნე ნივთიერებები იქ ვეღარ მოხვდეს.

- ჩვენს წინაპრებს არც კბილის პასტები ჰქონდათ და არც ჯაგრისები, როგორ ინარჩუნებდნენ და უვლიდნენ კბილებს?
- არ დაგავიწყდეთ, რომ მათ ჯანსაღ გარემოში უწევდათ ყოფნა და ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა საკვებს იღებდნენ.  არაჯანსაღი, არასწორი კვება და მოუწესრიგებელი კვების რეჟიმი - ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს კბილებზეც და ჩვენს ჯანმრთელობაზეც.

- რას უნდა დავაბრალოთ ერთი შეხედვით ჯანმრთელი კბილის დაკარგვა?
- ეს კბილის ირგვლივი ქსოვილების ანთების ბრალია.  შეიძლება ადამიანს ეგონოს, რომ ჯანსაღი კბილები აქვს, მაგრამ ასე არ იყოს. ხშირად ადამიანი ვერ ამჩნევს, გარეგნულად კბილს არაფერი ეტყობა, არც მწვავე ტკივილი აქვს და არც კარიესი, არ მიდის ექიმთან და დროთა განმავლობაში ქვები ელექება და დაგვიანებული მკურნალობის გამო ჯანმრთელ კბილებს კარგავს. ამავე დროს, ზოგიერთი პაციენტი უდიერად ექცევა კბილებს, არასწორად იხეხავს, რაც დაუშვებელია. ადამიანმა ჯაგრისი და პასტაც სწორად უნდა შეარჩიოს და სასურველია, ეს ექიმმა ურჩიოს. 

- რამდენად სასურველია დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იმავე კბილის პასტის გამოყენება, განსაკუთრებით - მათეთრებელი პასტისა?

- ზოგიერთი მათეთრებელი პასტა არ შეიძლება ხშირად გამოვიყენოთ იმიტომ, რომ ის მხოლოდ მინანქარზე ახდენს ზეგავლენას, მაგრამ არსებობს მათეთრებელი პასტები, რომელთა ხშირად გამოყენებაც დაშვებულია, თუმცა უკვე გითხარით, რომ ეს კბილის პასტები ვერ ათეთრებენ კბილებს, მათი საშუალებით შეიძლება კბილები უბრალოდ კარგად გაიწმინდოთ. რაც შეეხება კბილის ჯაგრისს, ის ძალიან ხშირად უნდა ვცვალოთ - მინიმუმ, თვეში ერთხელ მაინც. მდუღარეს გადავლება ან გამოხარშვა არ შველის, პირის ღრუში იმდენი მიკრობია, კბილის ჯაგრისი თუ დაძველდა, მას ვეღარაფერი  უშველის.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით