ჯანმრთელი კვება - კვირის პალიტრა

ჯანმრთელი კვება

ვიცით, რომ თევზი სასარგებლოა, მაგრამ კერძოდ, რით? პირველი: შეიცავს ცილებსა და ფოსფორს, რომელიც აუცილებელია გონებრივად მომუშავე ადამიანებისთვის, ამას დაამატეთ რკინა - სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემის კარგი მუშაობისთვის, ამასთან, ეს მჟავა ორგანიზმში ხელს უშლის ღვიძლის შეშუპებას და შაქრიანი დიაბეტის განვითარებას.

არ შეიძლება დავივიწყოთ ძვლებისთვის საჭირო D ვიტამინი, რომლითაც მდიდარია თევზის ქონი. ყველაფერ ამას დაამატეთ მინერალური ნივთიერებები - თუთია, იოდი, მანგანუმი, ამიტომაც ექიმი-დიეტოლოგები გვირჩევენ, მენიუში ხშირად ჩავრთოთ თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები. სხვათა შორის, თევზის დიეტა ძალიან მოუხდება ჩვენს ფიგურას. ამისათვის საჭიროა კვირაში ერთხელ დავიცვათ განტვირთვის დღე თევზით: 400 გ უცხიმო მოხარშული თევზი (ქორჭილა, ვირთევზა, ხეკი, ფარგა), მწვანე სალათა და მწვანილი, 2 ჭიქა ასკილის ნაყენი და 1 ჭიქა ჩირის კომპოტი. ეს პროდუქტი გაყავით 3-4 ულუფად და მიიღეთ დღის განმავლობაში.

თევზის ცილას ორგანიზმი ადვილად ითვისებს, ხოლო ამინომჟავები, რომელსაც ის შეიცავს, იცავს ორგანიზმს ნერვული სისტემის ბევრი დაავადებისგან (უძილობა, დეპრესია, ნევროზი), ხელს უშლის ძარღვებსა და კანს ნაადრევი დაბერებისაგან.

თევზის ქონი რეტინოლის (A ვიტამინის) წყაროა, რომელიც პასუხს აგებს თმის, ფრჩხილებისა და კანის მდგომარეობაზე, გარდა ამისა, ხელს უწყობს "ბედნიერების ჰორმონის" გამომუშავებას.

თევზის დიეტის დროს მენიუს ძირითადი ნაწილია თევზი, ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი. უარი უნდა თქვათ მწარე სანელებლებზე, მარილსა და შაქარზე. სანელებლებიდან შეიძლება გამოიყენოთ: ლიმონის წვენი, თეთრი წიწაკა, თევზის დიეტის დროს უნდა სვათ დღეში არანაკლებ 2 ლ წყალი. დილას და ყოველი ჭამის წინ, დალიეთ რამდენიმე ყლუპი წყალი ან მწვანე ჩაი.

თუ დიეტას ზუსტად დაიცავთ, 3 დღეში შეიძლება დაიკლოთ 2-3კგ.

დაიხსომეთ:

თევზის დიეტა, ისე როგორც ნებისმიერი სხვა დიეტა, არარეკომენდებულია ფეხმძიმეებისთვის.

გთავაზობთ თევზის 3-დღიან დიეტას:

საუზმე

- 1 ქათმის კვერცხი, 1 ჭიქა უცხიმო კეფირი, ერთი ცალი ციტრუსი ან ბროწეული, ან ერთი მუჭა კენკრა, 2 ჩ/ჭ მწვანე ჩაი უშაქროდ და უთაფლოდ.

მეორე საუზმე

50 გ მოხარშული თევზი, 1 ჭიქა თბილი, უგაზო მინერალური წყალი, 10-15 წუთის შემდეგ კიდევ 200 გ თევზი, ბოსტნეული გარნირით (უცხიმოდ), ნებისმიერი ხილი (გარდა ბანანისა და ხურმისა).

სადილი

250 გ თევზი (შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი ზღვის პროდუქტით (გარდა კიბორჩხალის ჩხირებისა და სხვა ნახევარფაბრიკატებისა), ბოსტნეულის სალათით, ლიმონის წვენით ან ახალი ბოსტნეულით.

სამხარი

200 გრამი უცხიმო ხაჭო ან ნატურალური იოგურტი, საღებავების, კონსერვანტებისა და გემოს დანამატების გარეშე.

ვახშამი:

მენიუ ზუსტად ისეთივეა, როგორიც სადილი.