როდის არის წურბელა სასარგებლო? - კვირის პალიტრა

როდის არის წურბელა სასარგებლო?

ჰირუდოთერაპია, წურბლებით მკურნალობა, არსებობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის. ტრადიციული მედიცინის ამ მიმართულებით ექიმი ნანა კალაძე მუშაობს.

- ქალბატონო ნანა, 35 წელია წურბლებით მკურნალობთ. რატომ აირჩიეთ სპეციალობად ეს სფერო?

- ეს ბებიაჩემის დამსახურებაა. მას 15 წლისას დაუსვეს გულის მანკის დიაგნოზი. ბებიამ კი სრულიად ჯანმრთელმა 90 წლამდე იცოცხლა. არასდროს დასჭირვებია წამალი. წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, აუცილებლად იტარებდა წურბლებით მკურნალობის კურსს.

- რამდენად ფრთხილად უნდა იყოს ავადმყოფი, როდესაც წურბლებით მკურნალობას იწყებს?

- არ შეიძლება ამ მეთოდის ბოროტად გამოყენება. ჩვენი წინაპრები წურბლებით მკურნალობას მხოლოდ არტერიული წნევის მომატებისას მიმართავდნენ, ამ კვლევებისდა კვალად, სამკურნალო დაავადებების ნუსხა უსასრულოდ გაიზარდა. საქმე ის გახლავთ, რომ წურბელას ნერწყვში დღეს სამასამდე ფერმენტია აღმოჩენილი. ამიტომაც უწოდეს "ნემსი მზა წამლით". ნებისმიერი დაავადება სისხლის მიმოქცევის მოშლით არის გამოწვეული, ამ დროს სისხლს უჯრედამდე საკვები ნივთიერება ვერ მიაქვს და, შესაბამისად, ვერც ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები გამოაქვს. აი, ამ მექანიზმს არეგულირებს წურბელა თავისი ნერწყვით.

- აგვიხსენით ამ "ნემსის" მოქმედების მექანიზმი.

- წურბელა უკბენს თუ არა ადამიანს, მაშინვე, კომპიუტერული სიზუსტით სვამს დიაგნოზს და თავისი ფერმენტებიდან იმის გადასროლას იწყებს ადამიანის ორგანიზმში, რაც კონკრეტული ადამიანის სისხლს აკლია. წოვის პროცესის პერიოდში წურბელა ორგანიზმში რამდენჯერმე ისვრის ამ ფერმენტებს. პროცესი კი სრულიად უმტკივნეულოა, რადგან მის ნერწყვში ფერმენტებთან ერთად, ანტიბიოტიკიც შედის და ანესთეზიური მოქმედების ნივთიერებაც. ადამიანი მხოლოდ პირველ კბენას გრძნობს.

- რამდენ სისხლს გამოწოვს საშუალოდ ერთი წურბელა?

- არსებობენ ერთ, ორ, სამ, ოთხ, ხუთგრამიანი წურბლები. როდესაც ადამიანი სისხლს აბარებს სამედიცინო დაწესებულებას, მას 300-350 გრამ სისხლს უღებენ, ჩვენ კი ერთ დასმაზე ათ წურბელაზე მეტს არასდროს ვიყენებთ.

წურბლებით მკურნალობისას გამოიყენება სამი მეთოდი: რეფლექტორული - წურბელას ვსვამთ ბიოლოგიურად აქტიურ წერტილზე, რომელიც პასუხისმგებელია ამა თუ იმ ორგანოს მუშაობაზე.

მექანიკური მეთოდი, ანუ სისხლის გამოდინების მეთოდი. თუ კარაბადინს გადახედავთ, მცენარეული რეცეპტების ბოლოს ბევრგან შეხვდებით რჩევას - საჭიროა სისხლის გამოდინება. რამდენი წვეთი სისხლიც უნდა დაკარგოს ადამიანმა, ერთი კვირის თავზე ის მას აუცილებლად აღიდგენს და ეს ახალი სისხლი აუცილებლად ჯანმრთელი იქნება. სისხლის აღდგენაში ძვლის ტვინი მონაწილეობს, ანუ ძალაუნებურად, სისხლის გამოშვება ძვლის ტვინს მუშაობას აიძულებს.

მესამე მეთოდი ბიოლოგიური ფაქტორია, ანუ იმ ფერმენტებით მკურნალობა, რომელთა რიცხვიც, დღევანდელი მონაცემებით, სამასია. ზოგიერთ ქვეყანაში ეს მიმართულება იმდენად განვითარდა, რომ შიზოფრენიის სამკურნალოდაც კი იყენებენ.

- ქალბატონო ნანა, ჩვენ ახლა სრულ განკურნებაზე ვსაუბრობთ?

- დიახ. ერთადერთი, რაზეც თავს შევიკავებ, ონკოლოგიური დაავადებებია. მას წარმატებით მკურნალობენ მოსკოვში, მაგრამ ჩვენთან ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან სტაციონარული პირობები სჭირდება.

- როდესაც პაციენტს დანიშნული აქვს მედიკამენტური მკურნალობა, მაშინ როგორ იქცევით?

- მკურნალობას აგრძელებს. ჩვეულებრივ შემთხვევაში დანიშნული მედიკამენტიდან ადამიანის ორგანიზმი მხოლოდ 30-40%-ს შეიწოვს, ეს მაშინ, როდესაც წურბლებით მკურნალობის დროს და შემდეგაც ეს შეწოვა 80-90%-მდე იზრდება.

- ნევროზებზე, ალკოჰოლიზმზე და ნარკოდამოკიდებულებაზეც ვისაუბროთ.

- როდესაც რაიმე გვიხარია, ვიცინით და კარგ განწყობილებაზე ვართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივ ნარკოტიკს, სერატონინს გამოყოფს. ნარკომანის ჯირკვალი კი, რაკი ის წამალზეა დამოკიდებული, მას ვეღარ გამოყოფს. ორგანიზმი გამნიცდის მის დეფიციტს, იწყება ტკივილი და დისკომფორტი. წურბელას დასმიდან 5-10 წუთში კი ადამიანს "ლომკა" ეხსნება, რაკი წურბელა სწორედ ამ სერატონინს გადატყორცნის ავადმყოფი ადამიანის ორგანიზმში - დღეს 100%-ს, ხვალ უფრო ნაკლებს და ასე, ყოველდღიურად, რადგან რაკი უკვე შეჯანჯღარდა ამ ჰორმონის გამომყოფი ჯირკვალი, ადამიანის ორგანიზმი თავადაც ახერხებს მცირე ოდენობით მის გამომუშავებას. საბოლოოდ, 6-7 სეანსის შემდეგ ფაქტობრივად პრობლემა იხსნება. იგივე ხდება ალკოჰოლიზმის შემთხვევაში, დეპრესიის მკურნალობის დროსაც...

- წურბელა ერთჯერადად გამოიყენება?

- დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ის გადამტანი არ არის, ჩვენ მათ მაინც ვიშორებთ... ისინი ბიოფაბრიკებში გამოჰყავთ, ეს მცირე, მაგრამ მუდმივი ინდუსტრიაა ფარმაკოლოგიაში.

დეა ცუცქირიძე