დაუმორჩილებელი პატარა, ანუ ბავშვთა ნევროზს დროული გამოვლენა სჭირდება
31-03-2014
დაუმორჩილებელი პატარა, ანუ ბავშვთა ნევროზს დროული გამოვლენა სჭირდება
"ჩემი შვილი ძალზე ჯიუტია!" - მშობლის ამ შეფასებას შესაძლოა, სერიოზული მიზეზი ჰქონდეს... გახშირებულ ბავშვთა ნევროზს ბევრი ისეთი ნიშანი (ემოციური ცვალებადობა, ხშირი ტირილი, ჭირვეულობა, ძნელად დაძინება, მოუსვენარი ძილი, ღამის შიში, თითების წუწნა, ფრჩხილების კვნეტა, ენაბლუობა, ენურეზი...) ახასიათებს, რომელთაც ზოგჯერ ყურადღებასაც არ ვაქცევთ - თავისით გაივლისო! არადა, ეს უყურადღებობა ხვალ შესაძლოა, გამოუსწორებელ შედეგად იქცეს.  ამ თემაზე გვესაუბრება ბავშვთა ნევროლოგი თეა შენგელია:

- ქალბატონო თეა, როგორი სიტუაციაა ბავშვთა ნევროზების მხრივ ჩვენთან?
-  ნევროზული
სპექტრის აშლილობათა სიხშირე მთელ მსოფლიოში იზრდება. თუმცა იხვეწება მასთან ბრძოლის მეთოდები. ბავშვთა ნევროზები ურთულესი, მრავალგანშტოებიანი თემაა. ექიმები თანხმდებიან ამ დაავადების ზოგად მიზეზებზე: 1. მშობელთა მოთხოვნები, რომლებიც აღემატება ბავშვის შესაძლებლობებს; 2. არასწორი დამოკიდებულება ბავშვებისადმი - გაღიზიანებული, მოუთმენელი ურთიერთობა, ხშირი დატუქსვა, მუქარა და ფიზიკური დასჯა, ალერსის ნაკლებობა;
3. მშობელთა შეუთანხმებელი მიდგომა, როცა ერთი მშობელი მკაცრად ზღუდავს ბავშვს, მეორე კი  აქეზებს კიდეც; 4. აღზრდის არათანამიმდევრულობა და წინააღმდეგობრიობა.
5. შფოთიანობა, გამუდმებული წუხილი ბავშვზე, გადაჭარბებული შიში და გაფრთხილება - ჰიპერმზრუნველობა... მშობლები ვერც კი აცნობიერებენ, როგორ უბიძგებენ ამგვარი ურთიერთობებით შვილებს ნევროზისაკენ. დადგენილია, რომ ზოგიერთი ნევროზულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის მშობელი პატარას დღეში 300 შენიშვნასაც კი აძლევს. ზოგიერთი მშობელი გამუდმებით ეუბნება პატარას, ცუდად იქცევიო. ბავშვი ადრე თუ გვიან ამას იჯერებს და შინაგანი კონფლიქტი ეწყება, - მან ხომ იცის, რომ არ არის ცუდი და ეძებს გზას, ეს მშობელს  დაუმტკიცოს, გახდეს კარგი, ანუ ცდილობს, დამალოს თავისი შინაგანი მოთხოვნილებები. ანდა პირიქით, იწყებს პროტესტს. ორივე შემთხვევაში ის ძლიერ ნერვულ დაძაბულობამდე მიდის. ზოგადად, მშობელი ბავშვისთვის შეუცვლელია. სამწუხაროდ,  მუდმივად დაკავებულ მშობლებს ამაზე დაფიქრების დროც აღარ რჩებათ. ამას ერთვის მუდმივად სტრესული გარემო, რომელიც თავად მშობლებსაც "ანევროზებს", რის გამოც ბავშვის თვალწინ გამუდმებით ჩხუბობენ.

- რას იტყვით, როცა ბავშვი ისტერიკაში ვარდება ან ღამით იღვიძებს ტირილით იმიტომ, რომ საშინელი სიზმარი ნახა?

- ბავშვთა ე.წ. ისტერიკები, იატაკზე დავარდნა, ფეხების ბაკუნი და სხვა სცენები იმდენად ხშირია, რომ ბევრი ამას ყურადღებასაც აღარ აქცევს; ამას ერთი ძალიან კონკრეტული მიზეზი აქვს, - მშობლები შვილს ყველა თხოვნას უსრულებენ და ერთ დღეს კი ხვდებიან, რომ ასე აღარ გამოვა და უარს ეუბნებიან. პატარას ამის გაგება არ შეუძლია და პროტესტს აცხადებს. სხვათა შორის, ის თავის ქცევას განიცდის, მაგრამ პრობლემის მოგვარება მაინც ამ საქციელით ურჩევნია. შიშები ან ღამის კოშმარები შეიძლება იყოს, ან არ იყოს ნევროზის სიმპტომატიკა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა და პრობლემის იდენტიფიცირება.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
- ნევროზების მკურნალობის მეთოდები არამედიკამენტურია, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. ქცევითი და მოტივაციური თერაპიაა ბავშვისთვის დადებითი გარემოს შექმნა, პოზიტური მაგალითები, წახალისების, დაჯილდოების პოლიტიკა დადებითი ქცევებისთვის. აუცილებელია დღის რეჟიმის მოწესრიგება, პატარისათვის მშვიდი გარემოს შექმნა, სპეციალისტის კონსულტაცია. თანამედროვე მედიცინას გააჩნია ინტრუმენტები, რომლითაც შესაძლებელია ბავშვთა ასაკის კონტინგენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგი. ამ ტერმინში იგულისხმება სამედიცინო პრობლემის აღმოჩენა ადრეულ ეტაპზე, როცა შედარებით ადვილია მისი მართვა, ამიტომაც აუცილებელია ურთიერთობა ჯანდაცვის სპეციალისტთან. ზოგ შემთხვევაში ბავშვის ქცევის თავისებურება შეიძლება არც იყოს პათოლოგიის ნიშანი, რაც ასევე ექიმმა უნდა შეაფასოს.
ეკა
04 აპრილი 2015 22:49
ვეთანხმები მაიას... ბავშვტა ნევროზე ძალიან სერიოზული პრობლემაა. კარგი იქნება რომ დაზგვევა ამასაც ითვალსწინებდეს.
maia
07 აპრილი 2014 15:10
ჩემი აზრით ყველა ბავშვს ჭირდება დღევანდელ პირობებში ნევროლოგის კონსულტაციები წელიწადში ერტხელ აუცილებლად, ჩემს ბავშვებს ვიცი ჭირდებათ მაგრამ კარგ სპეციალისტთან ვერ მიმიყვანია ,ისე დაზღვევის ექიმი საჭიროებას ვერ ხედავს რომ მიმართვა მომცეს . გახადონ აუცილებელი რა იქნება ხელმოკლე ოჯახების ბავშვები უფრო სტრესულ გარემოში არ იზრდებიან?

რედაქტორის რჩევით