როგორ მოვიცილოთ "ვულგარული ფერიმჭამელები"? - კვირის პალიტრა

როგორ მოვიცილოთ "ვულგარული ფერიმჭამელები"?

"ფერიმჭამელები" - ასე ეძახიან ხალხში დაავადებას, რომელიც ძირითადად, გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდებს უჩნდებათ, თუმცა, ექიმები გვარწმუნებენ, რომ აკნემ ხშირად ასაკი არ იცის. ჩვენი სტუმარია ექიმი-დერმატოლოგი, საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი ეკატერინე უგრეხელიძე:

- რა არის აკნე და რა შეიძლება მივიჩნიოთ მის გამომწვევ ძირითად ფაქტორად?

- კანი ჩვენი ორგანიზმის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მისი პრობლემების იზოლირებულად გადაჭრა არ შეიძლება. კანის ერთ-ერთი ასეთი პრობლემა არის დაავადება აკნე - ანუ "ვულგარული ფერიმჭამელები". აკნე ცხიმოვანი ჯირკვლებისა და თმის ფოლიკულების, ანუ ბოლქვების ქრონიკული დაავადებაა, ის თანაბრად არის გავრცელებული როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებშიც. ამ დაავადებისათვის დამახასიათებელია ანთებითი და არაანთებითი ელემენტების, ანუ გამონაყარის გაჩენა სახის, გულმკერდისა და ზურგის არეში. აკნე ძალიან ხშირად გვხვდება მოზარდებში, რადგან სქესობრივი მომწიფების დროს მიმდინარეობს სერიოზული ძვრები ადამიანის ჰორმონულ სისტემაში და მატულობს კანის ცხიმის გამოყოფა ცხიმოვანი ჯირკვლებიდან. ზედმეტი კანის ცხიმი კი "მშვენიერი" ნიადაგი ხდება ბაქტერიებისათვის. თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ გენეტიკურ ფაქტორებს, მივიღებთ პასუხს კითხვაზე - რა იწვევს აკნეს განვითარებას. პასუხი კი შემდეგია: აკნე არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ვითარდება მრავალი ფაქტორის ერთობლივი ზემოქმედების შედეგად.

- ხშირად ამბობენ, რომ სახის კანი ადამიანის ჯანმრთელობის სარკეა.

- სწორედ ამიტომ, აკნეს მკურნალობა მოიცავს არა მხოლოდ გამონაყარის გაქრობას, არამედ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა დარღვევების გამოვლენასაც. ეს დარღვევები შეიძლება დაკავშირებული იყოს მენსტრუალურ ციკლთან (გოგონებში), ან სისხლში ანდროგენების - მამაკაცის სასქესო ჰორმონების მატებასთან. უმნიშვნელოვანესია კუჭ-ნაწლავის სისტემის მოწესრიგებაც. თუ ადამიანის ორგანიზმში ამ პრობლემებიდან ერთ-ერთი მაინც არის და ჩვენ არ მივიღებთ ზომებს მისი ლიკვიდაციისათვის, მერწმუნეთ, აკნეს გარეგან მკურნალობას აზრი არ ექნება.

- ადამიანები ხშირად ცდილობენ გამონაყარს შინაურ პირობებში უმკურნალონ.

- თვითმკურნალობა დაუშვებელია. ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს სწორი მკურნალობის დროულად დაწყებას, განურჩევლად პაციენტის ასაკისა. ხშირად ამ პრობლემას მოზარდის მშობლები განიხილავენ როგორც ნორმას და თვლიან, რომ ასაკთან ერთად ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. თუ აკნეს არ ვუმკურნალებთ და თვითდინებაზე მივუშვებთ, მივიღებთ მეორად, თანდართულ ინფექციურ გამონაყარს, რომელსაც კანის ზედაპირზე და თმის ბოლქვებში გამრავლებული ბაქტერიები იწვევენ. ამ გამონაყარის მორჩენის შემდეგ არსებობს ნაწიბურების გაჩენის დიდი ალბათობა. როგორ მკურნალობენ აკნეს? - ამ დროს საჭიროა სისტემური და ადგილობრივი მკურნალობა, რომელიც პროცესის სირთულისა და ხარისხის მიხედვით დგინდება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებას.

- რას გულისხმობთ "სწორ კვებაში?"

- უპირველესად, ცხოველური ცხიმების აკრძალვა და ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების, მცენარეული ცხიმების, ოლიგოელემენტების მიღება. ამავე დროს, დაუშვებელია კანის გარეგანი გაღიზიანება და მისი სპირტით დამუშავება, რადგან სპირტი არღვევს კანის დამცველ მანტიას და ამით გზას უხსნის ბაქტერიებს, რომ უფრო ღრმად შეაღწიონ კანში, ამიტომ კანის მოვლის გარეგანი საშუალებებიდან სასურველია გამოვიყენოთ კანის გამაუცხიმოვნებელი ლოსიონები, ან სპეციალური, ნეიტრალური საპნები. ასევე დადგენილია, რომ კანზე გამაღიზიანებელმა მოქმედებამ შესაძლებელია გამოიწვიოს აკნეს გამწვავება. აკნეს მსუბუქი ფორმის დროს მონოთერაპიის სახით ინიშნება ადგილობრივი სინთეტიკური რეტინოიდები და ანტიბიოტიკების შემცველი მალამოები და ხსნარები. აკნეს საშუალო და მძიმე ფორმების მკურნალობისას კი გამოიყენება სისტემური ანტიბიოტიკები და რეტინოიდები.

- ხშირად ე.წ. ფერიმჭამელები ზრდასრულ ადამიანებსაც უჩნდებათ.

- გარდა ვულგარული ფერიმჭამელებისა, არსებობს ვარდისფერი ფერიმჭამელები - აკნე როზაცეა, რომელიც 30 წელს გადაცილებულ პაციენტებში გვხვდება. ამ დაავადების სიხშირე ქალებში სამჯერ მეტია, მამაკაცებთან შედარებით. დაავადების მიზეზი რამდენიმეა. მათ შორის უნდა აღვნიშნოთ: კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ჰორმონული დარღვევები, განსაკუთრებით - ქალებში, მენოპაუზის წინა პერიოდში, ასევე დემოდექსი, ანუ კანის ტკიპა, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო ჩნდება, კანზე მრავლდება და უარყოფით ზემოქმედებას ახდენს. ამ დაავადებისათვის დამახასიათებელია სიწითლის არსებობა სახის არეში, რომელიც მაღალი ტემპერატურის დროს უფრო მეტად მწვავდება.

- დაბოლოს, რამდენად ეფექტიანია აკნეს მკურნალობა?

- თანამედროვე მედიცინისათვის აკნეს მკურნალობა პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს.

ხათუნა ჩიგოგიძე