როგორ ვხვდებით გაზაფხულს
14-04-2014
როგორ ვხვდებით გაზაფხულს
ზამთრის შემდეგ საკმარისია, ორგანიზმმა იგრძნოს მზის ყოვლისშემძლე ძალა, რომ ენერგიით ავსებისა და გამოფხიზლების ნაცვლად საოცარი მოთენთილობა, აპათია და სისუსტე გვეუფლება. ეს გამოზამთრებული ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა წლის გარდამავალ პერიოდსა და მის თავისებურებებზე. გამოზამთრებულ ორგანიზმს ერთგვარი გამოფიტვის სტადია უდგას: მან ამოწურა ოქროს მარაგი, ზამთრის კვების ნირის წყალობით საკმარისზე მეტად დაბინძურდა ნივთიერებათა ცვლის ნარჩენებით, რომელთა გამოტანის ტემპიც ზამთარში საგრძნობლად შენელებულია და ამიტომ "გაზაფხულისთვის დამახასიათებელი" უამრავი პრობლემა დაატყდა თავს.

ორგანიზმის საგაზაფხულო პორტრეტი

გაზაფხულის დამდეგს
მოსალოდნელია: ნერვული სისტემის მხრივ - ნევროზები, ნევრალგიები, უმიზეზო ფორიაქი და დეპრესიული განწყობა. ენდოკრინული ორგანოები: ჰიპოფიზი, ფარისებრი, თირკმელზედა, კუჭ-ნაწლავისა და სასქესო ჯირკვლები გაზაფხულობით გაცილებით მეტ ჰორმონს გამოიმუშავებენ, რაზეც ორგანიზმი არაერთგვაროვნად რეაგირებს - იმატებს ნერვული სისტემის აგზნებადობა, ამის კვალდაკვალ კი ანთებითი და ალერგიული დაავადებებიც მწვავდება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის
მხრივ - ტკივილი გულმკერდის არეში, კარდიორიტმის დარღვევა, ჰიპერტონიული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი.
სასუნთქი სისტემის მხრივ - პრობლემები უმთავრესად თავს იჩენს ბრონქული ასთმით დაავადებულებთან. ხშირია ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ცვლილებებიც.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ - გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავება, ნაწლავური სისხლდენები, ნერვული ფაქტორებით გამოწვეული საჭმლის მონელების დარღვევა, ნაწლავთა ანთება. ხშირია ნერვული მოშლილობით გამოწვეული ნაწლავური პრობლემებიც. მნიშვნელოვანია ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ჰელიკობაქტერიოზის როლიც. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მიზეზი ათიდან 9 შემთხვევაში სწორედ ეს მიკრობია. ამას ემატება იმუნიტეტის დაქვეითებაც, რის გამოც ორგანიზმი მიკრობებს წინააღმდეგობას ვეღარ უწევს.

კუნთოვანი სისტემის მხრივ - კუნთების ნერვული ტკივილი. ამ სისტემაში სტრესის ძირითადი სიმპტომები მუსკულატურის მომატებული მგრძნობელობა და მათი მტკივნეული დაჭიმვაა. მწვავდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიები: ართრიტები, რევმატიზმი, - რაც ტემპერატურის, ატმოსფერული წნევის, ტენიანობის მერყეობით და სხვა მეტეოროლოგიური ფაქტორებით აიხსნება. წელიწადის ამ დროს ხშირდება რესპირატორული ინფექციები, გაცივება, რაც ნებისმიერ ქრონიკულ დაავადებას ამწვავებს. ამ მხრივ აღსანიშნავია რევმატიზმი, რომლის გამწვავებაც უშუალოდ სტრეპტოკოკური ინფექციის აღმოცენებასა და გააქტიურებას უკავშირდება.
რეპროდუქციული ორგანოების მხრივ - დამახასიათებელია მენსტრუალური ციკლის მოშლა. ეს მოვლენაც ჰორმონული ძვრებისა და ასთენიის, ორგანიზმის აქტიურობის ზოგადი დაქვეითების შედეგია.
კანის მხრივ - ეგზემის, ფსორიაზის გამწვავება, რაც კვების ნირის ცვლილებით, იმუნური სისტემის სისუსტით, მომატებული აღგზნებადობითა და ენდოკრინული სისტემის არაერთგვაროვანი აქტიურობით არის განპირობებული.

იმუნური სისტემა შველას ითხოვს


გამოზამთრებული იმუნური სისტემის ფუნქცია ამ დროს მეტად შესუსტებულია. ეს რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. ერთ-ერთი მათგანია კლიმატი. სიცივე იმუნურ სისტემას ასუსტებს, ზრდის ინფექციური დაავადებების რისკს; გრიპის ვირუსი მდგრადობით გამოირჩევა და მასთან გამკლავება იმუნური ძალებისთვის არც ისე ადვილია. ზოგი მზის პირველი სხივების დანახვისთანავე საგაზაფხულო სამოსზე გადადის, რაც ასევე უწყობს ხელს ხშირ გაცივებას. იმუნური სისტემის დაზიანებას და მისი ფუნქციის მოშლას გარდამავალ პერიოდში აპროვოცირებს: ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები; ზოგიერთი მედიკამენტი, რომლებსაც ზამთრის განმავლობაში დიდხანს ვიღებდით; არასრულფასოვანი კვება; ყოველდღიური სტრესი.

გაზაფხულზე ალერგიული რეაქციების გახშირება იმუნური სტატუსის აწევას უკავშირდება. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია გარემო ფაქტორები, მაგალითად, ყვავილის მტვრის ზემოქმედება, გენეტიკური განწყობა... როცა ეს ყველაფერი ერთად იყრის თავს, ვითარდება იმუნური სისტემის ჰიპერმგრძნობელობა და, ამის კვალობაზე, ალერგიული რეაქციაც.

საგაზაფხულო ავიტამინოზი


საგაზაფხულო ავიტამინოზი კვების თავისებურებით აიხსნება: ორგანიზმი გაზაფხულს ვიტამინების დეფიციტით ხვდება. ვიტამინების ბუნებრივი წყარო ხილი და ბოსტნეულია, გაზაფხულის პირზე კი ისინი სრულიად იფიტება, ვიტამინებს ჩვეულებრივზე გაცილებით მცირე რაოდენობით შეიცავს.
რაფინირებული და დაკონსერვებული საკვები ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე ორგანიზმის გაზრდილ მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს.

ვიტამინების ნაკლებობის გამო ორგანიზმს მავნე მიკრობებთან ბრძოლა უჭირს, ისინიც იოლად ერევიან მას და უამრავ დაავადებას უდებენ სათავეს, ამასთან, ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებსაც ამწვავებენ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით