შეფუთული თუ შეუფუთავი პური? - რომელი არ კარგავს სასარგებლო თვისებებს
14-04-2014
შეფუთული თუ შეუფუთავი პური? - რომელი არ კარგავს სასარგებლო თვისებებს
ალბათ, ბევრ ჩვენს მკითხველს ახსოვს, რომ ტრადიციულად, სახლში გამომცხვარ ჯერ კიდევ თბილ პურს ტილოს ნაჭრით ან ქაღალდის პარკით ფუთავდნენ და ის რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებდა თავდაპირველ სურნელს, გემოს და არომატს, უფრო მეტიც, რამდენიმე დღის გასვლის შემდეგაც ისეთივე გემრიელი რჩებოდა, როგორიც პირველ დღეს იყო. პურის სახლის პირობებში შენახვის ეს ტექნოლოგია დღესაც გამოიყენება. რა თქმა უნდა, საწარმოო პირობებში პურის ნაჭრით შეფუთვა არარენტაბელურია, ხოლო რაც შეეხება ქაღალდს, მრავალწლიანი გამოცდილებით დადგენილია, რომ თუ პურს
სუფთა, სპეციალური ქაღალდით შევფუთავთ, ის სასარგებლო თვისებებს რამდენიმე დღის განმავლობაში შეინარჩუნებს.

ზემოხსენებული ტრადიციის გახსენების შემდეგ გადავწყვიტე, ჯერ თავად შემესწავლა, ხოლო შემდეგ მკითხველისთვის გამეზიარებინა პურის შეფუთვის თანამედროვე მეთოდები, თან ჩვენი სამომხმარებლო ბაზრისთვისაც გადამეხედა, სადაც სულ უფრო მომრავლდა სხვადასხვაგვარად შეფუთული პურ-ფუნთუშეული. ალბათ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება ისიც, თუ
რომელი ფირმა ან მაღაზია სთავაზობს მომხმარებელს შეფუთულ პურს, რატომ და რა მასალით ფუთავენ პურს და როგორი პური (შეფუთული თუ შეუფუთავი) ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. მაშ ასე:

შეფუთვის ვარიანტები


ჩვეულებრივ, პური, რომელიც პურის ქარხანაშია დამზადებული, ან უშუალოდ გაყიდვის ადგილზე იფუთება მიტანის შემდეგ, ან წარმოების ადგილზე. მსოფლიოში შეფუთვის პოპულარულ მეთოდებს შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი ფლოწ-პაცკ - სამნაკერიან პაკეტებს უკავია. ამ სახის შეფუთვას ხშირად შოკოლადის მწარმოებლები მიმართავენ. თუ რეალიზაცია უშუალოდ საცხობში ან საცხობთან არსებულ მაღაზიებში ხდება, მაშინ პურის შეფუთვა ხშირად ქაღალდის სპეციალური პაკეტებით ხდება. ქაღალდის თანამედროვე პოლიმერული დამუშავება ქაღალდს ცხიმის გაჟონვის შესაძლებლობას უსპობს, შუსაფუთ მასალაზე ცხიმის ლაქები არ რჩება, ხოლო გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩანართი მომხმარებლისთვის პროდუქტის დემონსტრირებას უზრუნველყოფს. მოკლედ, შესაფუთი მასალა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. მოდი, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები განვიხილოთ და დავაკავშიროთ ისინი შეფუთულ პურთან.

შეუფუთავი პური

ფაქტია, ჩვენს ქვეყანაში პურ-ფუნთუშეულის დიდი უმრავლესობა ძველებურად, ყოველგვარი შეფუთვის გარეშე იყიდება. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს ეკონომიური და სასარგებლოა - როგორც მწარმოებლისთვის, ასევე მომხმარებლისთვისაც, მაგრამ ეს მცდარი წარმოდგენაა. ანტისანიტარიის გარდა (პურს გაყიდვამდე უამრავი ხელი ეხება, თაროებზე და მაღაზიის ჩაკეტილ სივრცეში შეუმჩნეველი მტვრის ბევრი ნაწილაკია) პური სწრაფადაც შრება, რაც მის სარგებლიანობას და გემოვნურ თვისებებს შესამჩნევად აქვეითებს.

ინდივიდუალური პოლიეთილენის პაკეტები

პაკეტებში შეფუთვასაც უამრავი მინუსი აქვს. პირველი - პური ხშირად პაკეტის სუნს იძენს. თუ პაკეტი დახურული არ არის, - სახეზეა ანტისანიტარია და გამხმარი პური, ხოლო თუ პაკეტი დახურულია - პური არ "სუნთქავს" და დაობებას იწყებს. დაობების გარდა პურში სხვა ქიმიური რეაქციებიც მიმდინარეობს, რომელთა შედეგად პური რბილდება, თუმცა, მსგავსი "სირბილე" პროდუქტის სიახლეს სულაც არ ნიშნავს. ამგვარად დარბილებულ პურს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს - ადამიანს ჰგონია, რომ ის ახალ პროდუქტს იძენს, თუმცა ამ პროდუქტს სასარგებლო თვისებები უკვე დაკარგული აქვს.

სტრეტცჰ-აპკი


პურის შეფუთვის ევოლუციის შემდეგი ეტაპი სტრეტცჰ-აპკია. ეს სპეციალური წელვადი, ძალიან თხელი აპკი გახლავთ, რომელიც სხვადასხვა საქონლის შესაფუთად გამოიყენება. რა თქმა უნდა, ეს მეთოდი მოსახერხებელია, მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ დროს შეფუთვა ხელით ხდება, შეფუთული და გამყიდველისათვის მიწოდებული პროდუქციების მოცულობები საკმაოდ მცირე იქნება. ეს კი არარენტაბელურია და საკმაოდ ძვირიც ჯდება.

პოლიპროპილენის აპკი


პურის პოლიპროპილენით შეფუთვა უფრო თანამედროვე მეთოდია. ჯერ უარყოფითზე მოგახსენებთ - პური არ "სუნთქავს" და ერთი დღის მერე კარგავს სამომხმარებლო თვისებებს. გარდა ამისა, ამ მეთოდით ახალგამომცხვარი პურის შეფუთვაც შეუძლებელია. თბილი პურის პოლიპროპილენით შეფუთვის შემთხვევაში შესაფუთი მასალის შიგნითა ზედაპირზე კონდენსატი, წყლის წვეთები ჩნდება, რისგანაც პურის ქერქი ხრაშუნა აღარ არის, ხოლო თავად პროდუქტი არასაჭირო სითხეს იწოვს. ეს მასალა არ გამოირჩევა საკმარისი გამძლეობითაც. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ფართოდ გავრცელდა პერფორირებული პოლიპროპილენის აპკები, რომლებშიც ჰერმეტული შეფუთვის მრავალი ხარვეზია აღმოფხვრილი. გარდა ამისა, ამ მასალაზე შეიძლება დაიბეჭდოს ნებისმიერი, მათ შორის ფერადი შრიფტები.

ქაღალდის პაკეტები და კრაფტ პაკეტები

ქაღალდის ღირსებებზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ქაღალდი - ეს გახლავთ ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა მასალა. მასში შეფუთული პური "სუნთქავს" და დიდხანს ინარჩუნებს საკუთარ თვისებებს. დიახ, ასეთი პურიც შრება, მაგრამ ქაღალდში გამოშრობის პროცესი თანაბარზომიერად მიმდინარეობს და ამით პური სასარგებლო და გემოვნურ თვისებებს არ კარგავს. უფრო მეტიც, დიეტოლოგების მტკიცებით, მეორე დღის, ანუ შედარებით გამომშრალი პური უფრო სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ვიდრე ახალგამომცხვარი.

რაც შეეხება კრაფტ პაკეტებს, ესეც ხის მასალისგან, ცელულოზისგან დამზადებული ქაღალდის პაკეტებია. მათი საშუალებით შეიძლება ცხელი პურპროდუქტების შეფუთვაც ისე, რომ პროდუქტმა არ დაკარგოს პირვანდელი სახე და ნატურალური არომატი. და საერთოდ, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ როცა არსებობს ქაღალდის შესაფუთი მასალები, არ ღირს ახალგამომცხვარი პურპროდუქტების შეფუთვა პოლიეთილენის მასალაში, რადგან პური კარგავს არომატს და ხრაშუნა ქერქს, იძენს "სუნს" და ეს უბრალოდ არაეკოლოგიურია.

დაბოლოს

ევროპაში შეფუთვის რამდენიმე სახე არსებობს: მაგალითად, გერმანიასა და ესპანეთში უფრო ხშირად ქაღალდის პაკეტები გამოიყენება, საფრანგეთში პურპროდუქტები სხვადასხვა ხარისხით პერფორირებული თერმოგამძლე აპკებით არის შეფუთული. რაც შეეხება საქართველოს, აქ პური უფრო ხშირად შეუფუთავად იყიდება. მხოლოდ დიდ მარკეტებში შეხვდებით შეფუთულ პურს. ჩვენ მცირე კვლევაც ჩავატარეთ და გავარკვიეთ, რომ "ნიკორას", "ფუდმარტის" და "იოლის" მაღაზიათა ქსელში მხოლოდ შეფუთული პური იყიდება. გავესაუბრეთ "ნიკორას" მარკეტინგის წარმომადგენელსაც, რომელმაც საუბრის დროს ისიც აღნიშნა, რომ "ნიკორას" შვილობილი ბრენდი "მზარეული 1"-იც საკუთარ წარმოებულ პურს მხოლოდ ქაღალდის პაკეტებში ფუთავს და ისე აწვდის მომხმარებელს. აი, კიდევ რა გვითხრა "ნიკორას" მარკეტინგის წარმომადგენელმა: "ჩვენს სუპერმარკეტებში მხოლოდ ქაღალდში შეფუთული პური შეგვაქვს. ქაღალდში შეფუთულ პურს ბევრი უპირატესობა აქვს. კერძოდ: 1) პროდუქტი ამგვარად დაცულია, ჰიგიენურია. მოგეხსენებათ, რომ პროდუქტს მარკეტამდე ტრანსპორტირების დროს და თავად სავაჭრო ობიექტშიც, მრავალჯერ შეიძლება შეეხონ ხელით. შეფუთვა იცავს პურს მსგავსი ზემოქმედებისგან და დამეთანხმებით, ეს მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია; 2) დადგენილია, რომ ქაღალდი უნარჩუნებს პურს სასარგებლო თვისებებს; 3) შეფუთვა საშუალებას იძლევა მასზე დატანილ იქნას მომხმარებლისთვის საინტერესო ინფორმაცია. ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის შეფუთვაზე დატანილია: რა სახეობის პურია, ვინ არის მწარმოებელი, გამოყენების ვადა. ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ მომხმარებელმა იცოდეს, თუ რას ყიდულობს, ვინ არის მწარმოებელი და სხვა. ხოლო რაც შეეხება პოლიეთილენით შეფუთვას, ამ მეთოდს მხოლოდ ტოსტის პურისთვის ვიყენებთ, რაც თავად ტოსტის პურის ფორმატით არის განპირობებული."

ვგონებ, შევძელით მეტ-ნაკლებად გაგვეცა პასუხი ზემოთ მოყვანილ კითხვებზე და დასკვნებიც თავისთავად წარმოგვიდგება თვალწინ: შეუფუთავ პურს შეფუთული პური სჯობია, პოლიეთილენის მასალა ცუდი არ არის, მაგრამ ყველაფერს მაინც ქაღალდით შეფუთვა ჯობს, რადგან ყველაზე მეტად ის უნარჩუნებს პურს სასარგებლო თვისებებს.

დევი დევიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით