წამლები და მათი შეუთავსებლობა - კვირის პალიტრა

წამლები და მათი შეუთავსებლობა

ამა თუ იმ წამლის ანოტაციაზე ალბათ წაგიკითხავთ, რომ მისი მიღება რომელიმე სხვა წამალთან ერთად, საზიანოა. თუმცა, ამას ხშირად ვერც ექიმი და ვერც პაციენტი ვერ ვითვალისწინებთ და წამალს შხამად ვაქცევთ, არადა, სწორად თუ გამოვიყენებთ, შხამი სამკურნალოა. მკითხველთა თხოვნით, ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილ წევრს, პროფესორ რამაზ გახოკიძეს ვთხოვეთ, ესაუბრა სამკურნალო ქიმიური პრეპარატების ურთიერთგავლენის შესახებ, რომლის გაუთვალისწინებლობა ჯანმრთელობის დაზიანებით მთავრდება.

-  სამკურნალო პრეპარატების ბიოლოგიური აქტიურობა არა მარტო სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, არამედ საკვებთან და ორგანიზმის ცხოველმოქმედების პროცესში გამოყოფილ ბიოლოგიურ აგენტებთან ურთიერთმოქმედების შედეგადაც კი შეიძლება შეიცვალოს. ამას ემატება ორგანიზმთან წამლის ინდივიდუალური შეუთავსებლობა. მაგალითად, თუკი რომელიმე ინფექციას ვმკურნალობთ და ამ დროს გავცივდით და შესაბამისი წამლების მიღებაც დავიწყეთ, შეიძლება ვერც ინფექცია მოვირჩინოთ და არც გაცივების სიმპტომები ალაგდეს, იმიტომ, რომ ერთი წამალი ამცირებს მეორის ეფექტიანობას. უარეს შემთხვევაში კი შეიძლება მდგომარეობაც დავიმძიმოთ.

- სამედიცინო ქიმიის ფუძემდებლის, პარაცელსიუსის გამონათქვამი გამახსენდა: "ყველაფერი შხამია და ყველაფერი წამალია".

- სხვანაირად: ყველაფერი შხამია. მხოლოდ დოზას შეუძლია შხამი შეუმჩნეველი გახადოს. თუ ბევრს დალევს, ჩვეულებრივი წყალიც კი კლავს ჯანმრთელ კაცს. სტრიქნინი შხამია, მაგრამ 1 მგ წარმატებით კურნავს პარეზს, დამბლას, დაღლილობას, მხედველობითი აპარატის ფუნქციურ დარღვევებს. ჩრდილოეთში თეთრი დათვის ღვიძლით მძიმე და თვით სასიკვდილო მოწამვლის შემთხვევები დაფიქსირებულა, რადგან მასში A ვიტამინი გროვდება (300 გ შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს), მაგრამ ეს ვიტამინი განსაზღვრული დოზით სამკურნალოა. ასევე, ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერიებიდან მიღებული 3 კგ ნივთიერება საკმარისია მთელი კაცობრიობის გასაწყვეტად და ამ დროს ბოტულინტოქსინის პრეპარატით, "ბოტოქსით",–წარმატებით მკურნალობენ შაკიკს, კუნთოვან სპაზმებს,  გასალამაზებლადაც კი იყენებენ...

ტროპიკულ ქვეყნებში ზოგიერთი შხამიანი მცენარის ტოტებსა და ფოთლებს წყალში ავლებდნენ, თევზს ხოცავდნენ და შემდეგ მშვიდად მიირთმევდნენ - მათ იცოდნენ დოზა და მოხმარების გზა. მაგალითად, სულემა - ვერცხლისწყლის დიქლორიდი (მალამოების და ხსნარების სახით) გარეგანი მოხმარებისას კარგია კანის დაავადებათა სამკურნალოდ და სადეზინფექციოდ. მაგრამ შინაგანი მიღებისას იწვევს სასიკვდილო მოწამვლას. ასევე, იოდი წამალია გარეგანი მოხმარებისას, მაგრამ შხამია შინაგანი მიღებისას...

- სხვადასხვა წამლის ერთდროულად მიღებისას როგორი ქიმიური ურთიერთმოქმედება მიმდინარეობს ორგანიზმში?

- ხშირად ხდება, რომ ადამიანს სხვადასხვა პროფილის ექიმთან უწევს ერთდროულად მკურნალობა. მაგალითად, თერაპევტი უწერს ერთ წამალს, კარდიოლოგი მეორეს, სტომატოლოგი მესამეს... პაციენტმა ექიმი უნდა გააფრთხილოს იმის შესახებ, რომ რომელიმე დაავადების სამკურნალო საშუალებას უკვე იღებს, თორემ თუ არ იქნება გათვალისწინებული წამალთა ურთიერთშეთავსება, გაცივების მკურნალობაც შეიძლება სავალალოდ დამთავრდეს.  წამალთა შეუთავსებლობა განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ქრონიკული დაავადებებისას. მაგალითად, ძილის მომგვრელი საშუალება ფენობარბიტალი მკვეთრად აქვეითებს სისხლის შედედების დამამუხრუჭებელი პრეპარატების, აცენოკუმაროლისა და ფენონდიონის ეფექტიანობას. ფენობარბიტალი აჩქარებს ამ წამლების დაშლას და ამით ასუსტებს მათ სამკურნალო მოქმედებას. ხშირად ერთი წამალი ანელებს მეორის გამოტანას, რითაც იზრდება ზედმეტი დოზირების რისკი. განსაკუთრებით საშიშია სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები. ცალკე განსახილველია ანტიბიოტიკები, რომლებიც მოქმედებს როგორც ერთმანეთთან, ისე სხვა ფარმაცევტული ჯგუფის წამლებთან. ზოგიერთი მათგანი აბსოლუტურად შეუთავსებელია. ზოგიერთი წამლის ერთობლივად დანიშვნა იწვევს სიყრუეს. ერითრომიცინის მიღება არ შეიძლება ნიფედიპინთან (ჰიპერტონიის სამკურნალო), ტამოქსიფენთან (ანტიესტროგენი), თიანელინთან (ანტიდეპრესანტი), ქინიდინთან (ანტიარითმიული საშუალება), მიდაზოლამთან (საძილე საშუალება), დაფსონთან (ანტიბაქტერიული პრეპარატი) ერთად. არ არის სასურველი ნეომიცინისა და კანამიცინის ერთდროული მიღება არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად (ნოვოკაინამიდი, ქინიდინი) ორგანიზმში კალიუმის იონების სწრაფად შემცირების გამო, რაც იწვევს ჰიპოკალიემიის განვითარებას. ტეტრაციკლინების აქტიურობა მთლიანად ქრება კალციუმის მარილებთან ერთად მიღებისას უხსნადი კომპლექსების წარმოქმნის გამო. არ შეიძლება ანტიბიოტიკების მიღება სიცხის დამწევ, საძილე და ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან ერთად.

- რას იტყვით სხვა ფართო მოხმარების წამლების ერთმანეთთან შეუთავსებლობაზე?

- ეს გრძელი სიაა. მაგალითად, ასპირინის მიღებამ ტრენტალთან და ჰორმონებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს კუჭის და ნაწლავების სისხლდენა. დაუშვებელია ომეპრაზოლის (წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატი), ამიოდორონის (არითმიის სამკურნალო საშუალება) მიღება დიაზეპამსა და მედაზეპამთან (დამამშვიდებელი) და ფენიტოინთან (არითმიის საწინააღმდეგო) ერთად. ეთერით ნარკოზის წინ დაუშვებელია ანაპრილინის მიღება, რადგან ამ დროს, შესაძლოა, განვითარდეს ბრონქიალური სპაზმა. არ შეიძლება საგულე გლიკოზიდებისა და კალციუმის ქლორიდის ერთდროული შეყვანა ორგანიზმში, რადგან ამ შემთხვევაში მკვეთრად იზრდება კალციუმის იონთა კონცენტრაცია გულის კუნთში და ვითარდება ტაქიკარდია. არ შეიძლება ამინაზინის დანიშვნა გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს გლიკოზიდშემცველ პრეპარატებთან ერთად. ამინაზინი აქვეითებს საგულე გლიკოზიდების აქტიურობას. გარდა ამისა, მისი მოქმედებით დაბლა ეცემა სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა...

იგივე შეიძლება ითქვას ვიტამინებზე. ეს ძალიან დიდი სიაა და ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ექიმის მონაწილეობით არის შესაძლებელი.