რა საფრთხეს შეიცავს ხალი, მეჭეჭი და ხორცმეტი? - კვირის პალიტრა

რა საფრთხეს შეიცავს ხალი, მეჭეჭი და ხორცმეტი?

"ჩემს შვილს, რომელიც ჯერ მხოლოდ 9 წლისაა, მთელ სახეზე მცირე ზომის მეჭეჭები ამოუვიდა. ბავშვი იმდენად განიცდის, რომ სკოლაში წასვლაც აღარ უნდა. გვასწავლეს, ქრისტესისხლას წვენი შველისო, მაგრამ მაინც გვსურს ამ პრობლემის შესახებ სპეციალისტის აზრი მოვისმინოთ" - ამ თხოვნით  მკითხველმა მოგვმართა. ალბათ ყოველ მეორე ადამიანს ამოსვლია ხორცმეტი ან მეჭეჭი და ამის გამო სერიოზული დისკომფორტი შეჰქმნია. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ სიტუაციაში? - გვესაუბრება ექიმი-დერმატოლოგი ალექსანდრე ტყემალაძე:

- მეჭეჭების წარმოშობის ზუსტი მიზეზი არავინ იცის, მაგრამ ამ წარმონაქმნებში აღმოჩენილია პაპილომა ვირუსი, სპეციალისტები  ვარაუდობენ, რომ მათი წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ამ ვირუსის აქტიურობაა. რამდენადაც ცნობილია, მეჭეჭის გაჩენა არ არის საშიში სიცოცხლისათვის და არც შინაგან გართულებებს იწვევს, ეს მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტია.

არსებობს საფრთხე, რომ მეჭეჭები იმათაც გაუჩნდეთ, ვინც პაციენტთან ახლო კონტაქტშია. თუ ორგანიზმის ანტივირუსული იმუნიტეტი დასუსტებულია, შეიძლება მას ეს მეჭეჭები გადაედოს, ამიტომ, სასურველია ოჯახში იმკურნალოს ყველამ, ვინც პაციენტთან ახლო კონტაქტშია. გარდა ჩემ მიერ დასახელებული ვირუსისა, მეჭეჭის გაჩენის მიზეზად მიკროტრავმებსაც ასახელებენ: როდესაც კანი ქრონიკულად ზიანდება, თუნდაც პროფესიული საქმიანობის გამო. ნებისმიერი მოქმედება, რომელიც კანის ზედაპირს აზიანებს, მეჭეჭის გაჩენას უწყობს ხელს. ამიტომაც, ყველაზე ხშირად ზიანდება ხელის თითები. სხვათა შორის, ბავშვებს, რომლებიც ფრჩხილებს იკვნეტენ, მეჭეჭები ხშირად ამოსდით იმიტომ, რომ ისინი კანს ხშირად კბილით იზიანებენ.

- რა სახის მეჭეჭები არსებობს და რამდენად შველის მათ ხალხური საშუალებები, მაგალითად - ქრისტესისხლა?

- ცნობილია ბრტყელი მეჭეჭი, რომელიც აზიანებს სახეს და ძირითადად, ბავშვებს უჩნდებათ. ჩვეულებრივ მეჭეჭს კი ვულგარულ მეჭეჭს ეძახიან. არსებობს მეჭეჭი, რომელიც ამოდის ფეხისგულზე ან ხელისგულზე, ძალიან ჰგავს კოჟრს და საკმაოდ მტკივნეულია. მეჭეჭების მკურნალობის არაერთი მეთოდი არსებობს, მათ შორის არის ხალხური მეთოდებიც, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: ყოველთვის არის საშიშროება, რომ მეჭეჭის მოცილებასთან ერთად კანი დავაზიანოთ და იმ ადგილზე ნაწიბური დარჩეს. ამიტომ, თვითმკურნალობა სასურველი არ არის. ლეღვის წვენიც, ქრისტესისხლაც, ძლიერი მჟავებიც, ისტორიულად გამოიყენებოდა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, მაგრამ ადამიანს, რომელიც თვითმკურნალობას მიმართავს, ამ საქმეში გარკვეული გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

- ბ-ნო ალექსანდრე, რომელი მეთოდია ყველაზე ეფექტური ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

- უამრავი მეთოდი არსებობს.  კარგია ის მეთოდი, რომელიც დადებით შედეგს გვაძლევს: შეიძლება მეჭეჭის მოყინვაც, მოწვაც, ქიმიური ხსნარით დამუშავებაც, მექანიკური, ანუ ქირურგიული გზით მოცილება და ა.შ. გააჩნია მეჭეჭის ზომას, ადგილს. დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკსაც. მაგალითად: პატარა ბავშვს ნარკოზს ვერ გავუკეთებთ, ამიტომ მისი მკურნალობისას უნდა შეირჩეს ისეთი მეთოდი, რომელსაც ბავშვი აიტანს. თუ ექიმმა თავისი საქმე კარგად იცის და გამოცდილებაც აქვს, შეიძლება ნებისმიერმა მეთოდმა სასურველი შედეგი მოიტანოს, ხოლო უცოდინარ ხელში ნებისმიერი მეთოდი შეიძლება ცუდი შედეგით დასრულდეს. ამიტომ, მეჭეჭის მკურნალობისას სპეციალისტს უნდა მიმართოთ.

- მეჭეჭის მკურნალობისას საჭიროა თუ არა მისი ლაბორატორიული შესწავლა?

- თვალითაც შეიძლება გავარკვიოთ, რომ მეჭეჭი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ამას ლაბორატორია და რაიმე გამოკვლევა სულაც არ სჭირდება. როცა გვაქვს ეჭვი, რომ კანზე გაჩენილ წარმონაქმნს საეჭვო ფერი ან ფორმა აქვს, ონკოლოგიურ ცენტრში ხდება მისი გამოკვლევა. მეჭეჭს საერთოდ რომ არ ახლოთ ხელი, რაღაც დროის გასვლის შემდეგ თავისით გაქრება. ამ დროს ერთადერთი საშიშროება ის არის, რომ შეიძლება სხვაგანაც გადავიდეს, ან სხვას გადაედოს.

- გაცილებით სარისკო წარმონაქმნია ხალი...

- ხალი სულ სხვა ტიპის წარმონაქმნია. უნდა ვეცადოთ, რომ მას არ შევეხოთ, მაგრამ თუ ზომაში გაიზარდა, ქავილი ან სისხლდენა გამოიწვია, ამ შემთხვევაში ყურადღების მიქცევა აუცილებელია.  თუ ხალი არ იზრდება, არ გაწუხებს, არ არის ისეთ ადგილზე, სადაც შეიძლება მისი ხშირად დაზიანება, მაშინ საშიში სულაც არ არის.

ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ პარსვის, ეპილაციის ან თმის შეღებვის დროს ხალს უხეშად არ შეეხოს. თუ ხალი ისეთ ადგილზეა, რომ ხშირად ზიანდება, მისი ქირურგიული გზით მოშორებაა საჭირო.

- დასასრულ, დავუშვათ, პაციენტმა მოზრდილი მეჭეჭი ან ხორცმეტი მოიცილა. მის ადგილას კვალი თუ დარჩება?

- თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, კვალი არ უნდა დარჩეს, მაგრამ ზოგჯერ ადამიანს ისეთი კანი აქვს, რომელიც ძალიან ცუდად ხორცდება. ასეთ პაციენტებს კანის უბრალო გაჭრის დროსაც აჩნდებათ უხეში ნაწიბურები. ამ სიტუაციაში ექიმი ვერაფერს შეცვლის, რადგან ეს ადამიანის გენეტიკაა და შესაძლოა, მკურნალობის შემდეგ კანზე ნაწიბური დარჩეს.

ხათუნა ჩიგოგიძე