პოლინოზი - სეზონური ალერგია - კვირის პალიტრა

პოლინოზი - სეზონური ალერგია

საზაფხული ალერგიულებისთვის მძიმე პერიოდია. სეზონურ ალერგიას - პოლინოზს ახასიათებს კანზე გამონაყარი, ქავილი, თვალების სიწითლე, შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, სურდო, ცრემლდენა. სეზონურ ალერგიას იწვევს ხეების, ბალახების ყვავილები (სუნი და მტვერი) და ზოგიერთი სოკოს სპორები.

პოლინოზი ძალიან წააგავს გაცივებას, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაა. პოლინოზის დროს ანტივირუსული მკურნალობა ამაოა, სამაგიეროდ, ანტიჰისტამინური პრეპარატებით მკურნალობა დადებით შედეგს იძლევა. ალერგიას იწვევს სახლის მტვერი, ცხოველების ბეწვი, სოკოს და ბაქტერიული ალერგენები. დროთა განმავლობაში შეიძლება ჩამოყალიბდეს ბრონქული ასთმაც.

საბედნიეროდ, დღეს უკვე არსებობს პოლინოზის მკურნალობის ეფექტიანი მეთოდები. მაგალითად, ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპია - ორგანიზმი ეჩვევა ალერგენს და აღარ თვლის უცხო ობიექტად, რომლისგანაც თავი უნდა დაიცვას. მკურნალობა გრძელდება თითქმის 3-5 წელი.

ყვავილობის პერიოდში სპეციალისტები პოლინოზით დაავადებულებს ურჩევენ:

თავი შეიკავონ ქარიან და მშრალ ამინდში ქუჩაში ყოფნისგან, არ ისეირნონ პარკებში, სასურველია, შინიდან არ გამოვიდნენ დილის 11 საათამდე, ოთახში არ იქონიონ ყვავილების თაიგული, მით უმეტეს - გამხმარი. გამოიყენონ ჰაერის დამატენიანებელი, ქუჩაში ატარონ მზის სათვალე, შინ დაბრუნებისას მიიღონ შხაპი, გულდასმით დაიბანონ თვალები და ცხვირი, რაციონიდან უნდა ამოიღონ: მზესუმზირის თესლი, ზეთი, მაიონეზი, მდოგვი, ჰალვა, შეზღუდონ ციტრუსები, თაფლი, ჭარხალი, ისპანახი, ნესვი და ბანანი.

ცნობისთვის: თანამედროვე (ახალი თაობის) ანტიჰისტამინური საშუალებები არ იწვევენ ძილიანობას, მოდუნებას, მათი მიღება შეიძლება ტრანსპორტის მართვის დროსაც.