ავადმყოფის ფსიქიკა რომ არ დაზიანდეს
05-05-2014
ავადმყოფის ფსიქიკა რომ არ დაზიანდეს
სულხან-საბას არაკი "ენით დაკოდილი" გვიამბობს, რომ ცულით დაკოდილი რჩება, ენით დაკოდილი კი - არა. მას სამედიცინო ენაზე "იატროგენური დაავადება" ჰქვია. სამედიცინო ლექსიკონით - ეს არის დაავადება, რომელსაც იწვევს ექიმის, სამედიცინო პერსონალის ან სხვა პირის მიერ გაუფრთხილებელი გამოთქმა ან მოქმედება, რაც ცუდად მოქმედებს ავადმყოფის ფსიქიკაზე და აქედან - ზოგად ჯანმრთელობაზეც. ექიმი ლადო კახაძე ამბობს, რომ ასეთი დაავადების განკურნება ძალზე ძნელი და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია.

- ის, რასაც იატროგენურ დაავადებას ვუწოდებთ, შეიძლება
ასე აღვწეროთ: ეს არის ჩვენს ტვინში დათესილი ურწმუნოება, ტყუილი და აგრესია, რომელიც ამ ნიადაგიდან ზოგჯერ აღმოუფხვრელი რჩება. რახან ტვინი მთელი ჩვენი ორგანიზმის მომრიგებელი მოსამართლე, სტაბილურობის გარანტი და "მამოძრავებელი მექანიზმია", ბუნებრივია, მისი დაზიანება სიტყვით ორგანიზმის დაზიანებასაც იწვევს... მეც ვყოფილვარ იმის მოწმე, როცა რომელიმე მედიცინის მუშაკის მიერ
არასწორად და უიმედოდ თქმული სიტყვის შედეგები, მრავალი ექიმის მცდელობის მიუხედავადაც არ აღმოფხვრილა. მერე თუნდაც ათმა ექიმმაც რომ მიაწოდოს ამ ავადმყოფს მისი დაავადების სწორი ინტერპრეტაცია, მაინც გაიძახის, - ეს როგორ, როცა "იმ ექიმმა ასე მითხრაო" და აღარავის უჯერებს. მეტიც: შესაძლოა ამ პაციენტმა ათივე ექიმის დანიშნული მკურნალობა ზედმიწევნითაც კი შეასრულოს, მაგრამ რახან რეალურად არც ერთი მათგანის არ სჯერა, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღოს...

თუ პაციენტს დავმოძღვრავთ, "ნავში ჩავსვამთ, ნიჩაბს მივცემთ" და დავუსახავთ მიმართულებას დაავადებასთან შესაბრძოლებლად, უთუოდ მოგვყვება, ჩვენს სიტყვაზე ბევრად არის დამოკიდებული, როგორ შეებრძოლება თავის დაავადებას. იმის მიხედვით, სწორი იყო თუ არა ექიმის სიტყვა, მის მიერ დასახული მიმართულება, პაციენტი იმარჯვებს ან მარცხდება... მეტსაც ვიტყვი, - შეიძლება ექიმს პაციენტთან ისეთი დაავადებაც დახვდეს, რომელზეც ჯერჯერობით არაფერი იცის და უთხრას პაციენტს, საქმე ასეა და ამიტომ მკურნალობისას გარისკვა მოგვიხდებაო. ხშირად ასეთ პატიოსან სიტყვას ისეთი ჯადოსნური ძალა აქვს, რომ შეიძლება ავადმყოფი ექიმს მაინც გაჰყვეს. ხოლო როცა ექიმი და ავადმყოფი ერთად ებრძვიან დაავადებას, ხშირად ამ მესამეზე იმარჯვებენ... ჩემს მასწავლებელს, ცნობილ ექიმს, ეგნატე ფიფიას, თუკი ექიმის მიერ არასწორი სიტყვით დაავადებული პაციენტი მიუვიდოდა, ცხადია, არ აგრძნობინებდა ამას, მაგრამ პირველად სწორედ არასწორი სიტყვის აღმოფხვრით იწყებდა მის მკურნალობას...

- სამედიცინო თვალსაზრისით მაინც უფრო ხელშესახებად წარმოვაჩინოთ ამ დაავადების მექანიზმი.
- ძალზე მარტივი და ამავე დროს უსიამოვნო მაგალითით დავიწყოთ. გავიხსენოთ, როცა ადამიანს მეორე ადამიანი დედას აგინებს, ეს უკანასკნელი რა დღეში ვარდება - ხან ფითრდება, ხან წითლდება, ოფლი ასხამს და ბრაზდება. რასაკვირველია, ამ საზიზღრობას მთქმელი მართლა ხომ არ შეასრულებს, მაგრამ ადამიანს ხომ სიტყვით ანადგურებს... ახლა ბავშვებიც გავიხსენოთ, რომელთაც გამუდმებული ლანძღვა-გინებით ზოგჯერ მშობელიც კი იმდენად ანადგურებს, რომ ბავშვი შეიძლება საზოგადოების არასრულფასოვან წევრადაც გადაიქცეს. ამას სიტყვით ძალადობაც ჰქვია. თუ ბავშვს ეუბნები, დებილი, უმაქნისი და ზარმაცი ხარო, ეს ისე აბრაზებს, რომ ამ დროს მისი ორგანიზმი გამოყოფს ფერმენტებს, რომლებიც ჰორმონების ბალანსს არღვევს და ისეთი ჭარბი უარყოფითი ენერგია გამოისროლება, ბავშვმა არ იცის, სად დახარჯოს. ამიტომ ამ ენერგიით თავისსავე ორგანიზმს ინელებს... ასე რომ, ადამიანზე უარყოფითი სიტყვაც ისევე მოქმედებს, როგორც სხვა უარყოფითი გარემო. ჩვენ ხომ უჟანგავი ლითონი არ ვართ, რომ ბევრს გავუძლოთ, - ადამიანი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც სულ იცვლება და ახლდება. 100 დღეში ერთხელ ჩვენი სისხლიც კი იცვლება, - ჩვენი სისხლის შემადგენელი ნაწილაკები თავადვე შლის გარედან მიწოდებულ პროდუქტებს და თვითონვე აწარმოებს თავის საშენ მასალას.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით