არცთუ საშიშია ქოლესტერინი - კვირის პალიტრა

არცთუ საშიშია ქოლესტერინი

გულ-სისხლძარღვების ყველაზე დიდ მტრად ქოლესტერინს მივიჩნევთ, თუმცა, ასე არ არის...

ჩვენი ორგანიზმი ქოლესტერინს საკვებიდანაც იღებს და თვითონაც წარმოქმნის. ეს ნივთიერება 80%-მდე გამომუშავდება ღვიძლში, თირკმელზედა ჯირკვლებში, საკვერცხეებსა და წვრილ ნაწლავში და მხოლოდ 20%-ს იღებს ცხოველური წარმოშობის საკვებიდან.

ქოლესტერინი საჭირო ნივთიერებაა, ის წარმოადგენს უჯრედების მემბრანის საშენ მასალას, ხელს უწყობს ნაღველმჟავას წარმოქმნას, რომელიც საჭიროა საჭმლის ნორმალურად მონელებისათვის, ასევე ხელს უწყობს ჰორმონების - ესტროგენებისა და პროგესტერონისა და D ვიტამინის გამომუშავებას. მაგრამ, როგორც ჰიპოკრატე ამბობდა, ყველაფერი არის შხამი და ყველაფერი არის წამალი, ერთმანეთისგან მხოლოდ დოზებით განსხვავდება.

ორგანიზმში ქოლესტერინი სუფთა სახით არ არის, ის მუშაობს ცილებთან და ცხიმებთან - ლიპოპროტეიდებთან ერთად. ლიპოპროტეიდები არის დაბალი და მაღალი სიმკვრივის. პირველი ითვლება "ცუდ" ქოლესტერინად, რადგან ხელს უწყობს ძარღვების კედლებზე ბალთების წარმოქმნას, მეორე კი - "კარგ" ქოლესტერინად, რადგან სპობს ამ ბალთებს.

ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას "ცუდი" ქოლესტერინი უფრო იმატებს, ვიდრე "კარგი", ჩნდება ათეროსკლეროზის რისკი, რასაც შეიძლება ხელი შეუწყოს ზედმეტმა წონამ, რაციონში ბევრმა ცხოველურმა ცხიმმა, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესმა და მავნე ჩვევებმა...

მსოფლიო კარდიოლოგების რეკომენდაციით, 20 წლის ზევით, ყველამ მინიმუმ 5 წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს სისხლის ბიოქიმიური ანალიზი. მათ კი, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადება აწუხებს, გამოკვლევა უნდა ჩაიტარონ წელიწადში არანაკლებ ერთხელ მაინც. თუ ანალიზი აჩვენებს ქოლესტერინის მაღალ დონეს, ექიმი აუცილებლად დაგინიშნავთ დიეტას და მკურნალობას, რომელიც ალყაში აქცევენ ქოლესტერინის წარმომქმნელ ფერმენტებს.

ქოლესტერინის დონის შესამცირებლად - ყველა დიეტის დროს შეზღუდული უნდა იყოს ცხოველური წამოშობის ცხიმი (ცხიმიანი ხორცი, კარაქი, ნაზუქი (ერბოში მოზელილი ცომეული) და სხვ. ცხიმიანი რძის პროდუქტი, არ მიიღოთ ძეხვეული, შებოლილი ნაწარმი, სოსისი, მაგარი ყველი.

ხშირად გაითვალისწინეთ რაციონში მცენარეული უჯრედებით მდიდარი პარკოსანი, ხილი და ბოსტნეული, რომელიც გამოდევნის ზედმეტ ქოლესტერინს. კვირაში 2-ჯერ მაინც მიიღეთ თევზი, დაიკელით წონაში (თუკი მსუქანი ხართ). 2-5 კგ-ის დაკლებაც კი მნიშვნელოვნად აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ; რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა რისკს.