რატომ იგვიანებს სასწრაფო? - კვირის პალიტრა

რატომ იგვიანებს სასწრაფო?

"სამწუხაროდ, უმანქანობის გამო ბევრი ბრიგადა ვერ მუშაობს"

ქუთაისში, გრიპის ვირუსის შედეგად დასნებოვნებულ დედაჩემს ასთმური შეტევა დაეწყო, რაც ძალიან სახიფათო იყო მისი გულისთვის. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოსაძახებლად 112-ზე დავრეკე, სადაც მიპასუხეს, რომ ბრიგადა მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ შეძლებდა მოსვლას - ბევრი გამოძახებაა და  მანქანები არ გვყოფნისო.

ამ გამაოგნებელი ინფორმაციის შემოწმება ჯანდაცვის სამინისტროში ვცადე, დავრეკე და ვკითხე, ჰქონდა თუ არა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ამდენი ხნით დაგვიანების მიზეზი? სამწუხაროდ, უმანქანობის გამო ბევრი ბრიგადა ვერ მუშაობს, ასე რომ, საიმედოს ვერაფერს გეტყვითო, - მიპასუხეს, თან მაშინვე დამაიმედეს, სულ მალე 300-მდე ავტომობილს შევიძენთ და პრობლემაც მოგვარდებაო. სასწრაფო დახმარების მოსვლას მართლაც კარგა ხანი დასჭირდა. ექიმებმა მითხრეს, ქუთაისის მეზობლად მდებარე სოფლიდან მოვდივართო. თურმე ქუთაისსა და იმერეთის ზონას ზესტაფონამდე  სასწრაფო დახმარების მხოლოდ ცხრა მანქანა ემსახურება. წინათ მარტო ქუთაისში 22 ბრიგადა მუშაობდა, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებით მხოლოდ ცხრა ბრიგადა დარჩაო, დანანებით დაამატეს.

მას შემდეგ ორ თვეზე მეტი გავიდა. სამწუხაროდ, არც ახალი შეძენილი ავტომობილები ჩანს და მდგომარეობაც კიდევ უფრო უარესდება. მაგალითად, თბილისში, ნაცნობთა ოჯახებში, სასწრაფო დახმარება ერთგან საათნახევრიანი ხვეწნა-მუდარის შემდეგ მივიდა, ერთგან კი მდგომარეობა იმდენად კრიტიკული იყო, რომ ნათესავებმა ავადმყოფი ხელში ატატებული მიიყვანეს საავადმყოფოში.

სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი "კვირის პალიტრასთან" საუბარში აცხადებს, რომ პრობლემები ნამდვილად არსებობს, რადგან მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ ამორტიზირებული ავტომობილების და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის სახით.

- 2011 წლიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრების ოპერირების უფლება სადაზღვევო კომპანიებს გადაეცა. შარშან, დეკემბრის ბოლოს, ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი "სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი" და დაიბრუნა  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები- პირველ თებერვალს 24 რაიონული ცენტრი გადმოვიბარეთ, პირველი მარტიდან - 19 ცენტრი, პირველი აპრილიდან კი, თბილისისა და ბათუმის გარდა, ამ სამსახურს  მხოლოდ ჩვენ ვმართავთ.

აჭარის  მთავრობა თანახმაა, სახელმწიფომ მართოს აჭარის სასწრაფო დახმარების სამსახური, მაგრამ ფინანსური საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი. ბათუმის მერია სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს  სახელფასო დანამატს აძლევს. ახლა სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ. თუ ვერ შევთანხმდით, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადმოსული ექიმის ხელფასი შემცირდება და უკმაყოფილებაც გაიზრდება. ვფიქრობთ, როგორ მოგვარდეს ეს  საკითხი. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური არის მერიის დაფუძნებული და მისი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ვეჭვობ, ამ შემთხვევაში არჩევნების დასრულებამდე რამე შეიცვალოს.

- სხვა რეგიონებშიც მოგვარდება დაგვიანების პრობლემა?

- მალე დამთავრდება ავტომობილების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი. ბრიგადებიც დაემატება და ამით დაგვიანების პრობლემა მოგვარდება. ამორტიზებული ავტომობილები გვყავს, რადგან ძველი მანქანები გადმოვიბარეთ. ორი-სამი თვის სტატისტიკის გაანალიზების შემდეგ ზუსტად გვეცოდინება, სად რა პრობლემაა, სად უნდა დავამატოთ ან მოვაკლოთ ბრიგადები. აღსანიშნავია ისიც, რომ შესამჩნევად მოიმატა გამოძახებების რაოდენობამ, რასაც ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის ისიც, რომ უმნიშვნელო პრობლემაზეც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას იძახებენ. უნდა Uამუშავდეს და გაფართოვდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემა, რათა იკლოს ასეთმა გამოძახებებმა.