რომელმა დაავადებებმა მოიმატა ან მოიკლო საქართველოში... - კვირის პალიტრა

რომელმა დაავადებებმა მოიმატა ან მოიკლო საქართველოში...

არსებობს რიგი ინფექციური დაავადებებისა, რომლებიც სავალდებულო აღრიცხვას ექვემდებარება. ავადობის შემთხვევები წლიდან წლამდე აღირიცხება და წინა მონაცემებთან შედარებით განისაზღვრება, რომელი დაავადების შემთხვევები გაიზარდა ან პირიქით, შემცირდა. ეჭვგარეშეა, რომ დაავადებათა შარშანდელ სტატისტიკაში გრიპით ავადობის შემთხვევები რეკორდულად მაღალი იქნება, მაგრამ ზრდის ტენდენციით სხვა დაავადებებიც ხასიათდება.

მაგალითად, შარშან მოიმატა მენინგიტის შემთხვევებმა, მათ შორის ყველაზე მეტი ბაქტერიული მენინგიტი გამოვლინდა. გაიზარდა მწვავე, დუნე დამბლის გამოვლენის ფაქტები. იმატა სალმონელოზის, ბაქტერიული საკვებისმიერი მოწამვლისა და ლეპტოსპიროზის შემთხვევებმა.

წინა წლების მონაცემებთან შედარებით მკვეთრად შემცირდა ბოტულიზმის,  A,  B  და C ჰეპატიტით დაავადების შემთხვევები. იკლო წითელას, წითურასა და ყბაყურათი ინფიცირებამ.

პაატა იმნაძე (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი): - მაშინ, როცა ლაპარაკია ბაქტერიულ საკვებისმიერ მოწამვლებზე, ათასობით შემთხვევის ფონზე, დაახლოებით 8%-იანი ზრდა მაღალ მაჩვენებლად ვერ ჩაითვლება. საერთოდაც, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე წელია, დაავადებათა სტატისტიკის მაჩვენებელი სტაბილურია და მნიშვნელოვანი კლება თუ მატება არ შეინიშნება.

- არცთუ ისე დიდი იყო შარშან გრიპით დაავადებულთა რიცხვიც - 3110 კაცი. ეს 2008 წელთან შედარებით მხოლოდ 1,9%-ით მეტია..

- საქმე ის გახლავთ, რომ ეს მხოლოდ წინა წლის ცხრა თვის მონაცემებია და როცა მთელი წლის მონაცემები დაჯამდება, სამწუხაროდ, ამ დაავადების მკვეთრი ზრდა გვექნება წინა წლებთან შედარებით. გრიპის ამდენი შემთხვევა, რამდენიც შარშან დეკემბერში აღირიცხა, საქართველოში ჯერ არ ყოფილა. ეს არ არის დაზუსტებული მონაცემები, მაგრამ მხოლოდ ნოემბერ-დეკემბერში დაახლოებით 140 ათასზე მეტმა კაცმა გადაიტანა გრიპი და ზემო სასუნთქი გზების ინფექცია. გრიპის პანდემიაა მსოფლიოში და დაავადების ასეთი მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამას უკავშირდება.

- სტატისტიკური მონაცემებით, შარშან გაიზარდა ბაქტერიული მენინგიტების შემთხვევებიც, სულ გამოვლინდა 79 ავადობის ფაქტი...

- წლის ბოლოს ბაქტერიული მენინგიტით დაავადების შემთხვევები კიდევ გაიზარდა, მაგრამ თითქმის იგივე ფონური მაჩვენებელი მივიღეთ, რაც 2008 წელს იყო - 62 შემთხვევა. იგივე შეიძლება ითქვას მენინგოკოკურ მენინგიტებზე. 2008 წელს საქართველოში მენინგოკოქცემიის 33 შემთხვევა აღირიცხა, შარშან კი ამ დაავადებით 34 კაცი დაავადდა.

- გაზრდილია ათაშანგის შემთხვევებიც. მაგალითად, 2008 წელს თუ ეს დაავადება 231 კაცს დაუდასტურდა, შარშან მხოლოდ ცხრა თვის განმავლობაში ამ დაავადების უკვე 385 შემთხვევა იყო აღრიცხული. რას უკავშირებთ ავადობის ასეთ ზრდას?

- ვფიქრობთ, დაავადების შემთხვევების აღრიცხვა გაიზარდა. შესაძლოა ეს მონაცემიც არ იყოს დაავადების ზუსტი მაჩვენებელი და რეალურად გაცილებით მეტი იყოს ავადობის შემთხვევა. დროთა განმავლობაში დაავადებათა სტატისტიკა კიდევ უფრო დაიხვეწება და რეალურ სურათს მივუახლოვდებით.

- შარშანდელი მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ასევე გაზრდილია შიდსის  შემთხვევები...

- სამწუხაროდ, აივ-ვირუსის გამოვლენის შემთხვევები მართლაც იზრდება, მაგრამ ამას არა აქვს დრამატული ხასიათი. 2008 წელს შიდსით ინფიცირების 178 შემთხვევა იყო, გასული წლის ცხრა თვის მონაცემებით კი შიდსის დიაგნოზი უკვე 219 კაცს დაუდასტურდა. ეს რიცხვი წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდებოდა. თუმცა არის დაავადებები, რომელთა გამოვლენა, პირიქით, მცირდება. მაგალითად, უკვე წლებია აღარ გვქონია მუცლის ტიფით ავადობის შემთხვევა. ჩვენი გეოგრაფიული არეალისა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, დაავადებათა ფონური მაჩვენებელი დაშვებულ ნორმებს შეესაბამება. რაც მთავარია, ვაკონტროლებთ იმ დაავადებებს, რომლებიც ვაქცინაციით იმართება, მათ შორის მწვავე პოლიომიელიტს, წითელას, წითურასა და სხვა ინფექციურ დაავადებებს.