ზღვა და ნაწლავური ინფექციები - კვირის პალიტრა

ზღვა და ნაწლავური ინფექციები

ზაფხულში ხშირდება ნაწლავური ინფექციების გავრცელების შემთხვევები. დაავადება, როგორც მალფუჭებადი პროდუქტებისაგან, ასევე დაბინძურებული წყლითა და სხვა

მიზეზითაც შეიძლება გაჩნდეს.

ხშირად გვეკითხებიან, არის თუ არა ნაწლავური ჩხირები ზღვაში, შეიძლება თუ არა ზღვაში ბანაობის შემდეგ ნაწლავური ინფექცია დაგვემართოსო. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, ყველა ზღვაში არის ნაწლავის ჩხირი, მთავარია, არ იყოს პათოგენური რაოდენობით... ნაწლავური ჩხირი ფეკალური დაბინძურების ინდიკატორია და მისი არარსებობა ზღვის წყალში გამორიცხულია. დასაშვებ ნორმაზე მაღალი რომ არ აღმოჩნდეს ნაწლავური ჩხირის შემცველობა, ამას გარემოს დაცვის სპეციალური ლაბორატორია აკონტროლებს.

ნაწლავურ ინფექციებზე სასაუბროდ ვეწვიეთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ თამარ გეგეშიძეს:

- ნაწლავთა ინფექცია შესაძლებელია იყოს როგორც ვირუსული წარმომავლობის, ისე გაურკვეველი ეტიოლოგიისა. იქიდან გამომდინარე, როგორია ეტიოლოგია, დაავადების დასაწყისიც სხვადასხვანაირია. ხშირად დაავადება იწყება მწვავედ, გულისრევით (შეიძლება იყოს ღებინებაც), მუცლის მოვლითი ტკივილითა და დიარეით, ანუ გახშირებული კუჭის მოქმედებით: ამ გამონაყოფს შეიძლება შეერიოს ლორწო და სისხლი.

- როგორია პირველი დახმარება?

- ღებინების შემთხვევაში აუცილებელია კუჭის ამორეცხვა უბრალო წყლით ან რეჰიდრონით. ხშირად უნდა მიიღოთ ელექტროლიტები პატარა ყლუპებით, ბავშვებმა - წვეთებით. ძალიან ხშირად პირველი ღონისძიებების მერე მდგომარეობა უმჯობესდება და შეიძლება პროცესი შეწყდეს. დაავადება თუ გაგრძელდა და დაემატა ცხელება, აუცილებლად უნდა მიაკითხონ ექიმს.

- დაავადების გადატანის შემდეგ პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს ადვილად უბრუნდებიან?

- ყველა დაავადება მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, ამიტომ ინფექციის გადატანის შემდეგ დიეტისა და რეჟიმის დაცვა ხანგრძლივად არის საჭირო. მნიშვნელობა აქვს დაავადებულის ასაკსაც. ყველაზე რთულია 2-3 წლამდე ბავშვებისა და მოხუცების დაავადების შემთხვევები.

- რას ურჩევთ მკითხველს?

- ხშირად დაიბანეთ ხელი, კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული. აუცილებლად მაღაზიაშივე შეამოწმეთ რძის პროდუქტები - ხშირად ვადიანია პროდუქტი, მაგრამ ტრანსპორტირებისას ირღვევა შენახვის პირობები და ფუჭდება.