პრობლემა, რომელსაც ძველი ბერძენი და ეგვიპტელი ქალებიც ებრძოდნენ - კვირის პალიტრა

პრობლემა, რომელსაც ძველი ბერძენი და ეგვიპტელი ქალებიც ებრძოდნენ

ალბათ ამქვეყნად არ არსებობს ქალი, ჭარბი თმა რომ უხდებოდეს, სწორედ ამიტომ, საქართველოში მცხოვრები მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ათასგვარ გზასა და საშუალებას მიმართავენ არასასურველი თმის მოსაცილებლად. ჩვენი სტუმარია ესთეტიკური მედიცინის კლინიკის ხელმძღვანელი, საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი - ეკატერინე უგრეხელიძე:

-  ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში - ფარაონების ეპოქის დროს, ქალები ცდილობდნენ არასასურველი თმა სხვადასხვა გზით მოეცილებინათ. ზოგიერთი მეთოდი, რომელსაც ისინი იყენებდნენ, დღესაც პოპულარობით სარგებლობს. დღესდღეობით, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ ქალმა საბოლოოდ დაივიწყოს არასასურველი თმა. ვიდრე ამ მეთოდებს განვიხილავთ, ორიოდე სიტყვით ჭარბთმიანობის მიზეზებს უნდა შევეხოთ: ჭარბთმიანობა ძირითადად განისაზღვრება ორი ტერმინით: ჰირსუტიზმი და ჰიპერტრიქოზი. ჰირსუტიზმი – ეს არის ტერმინალური (მუქი, უხეში და გრძელი) თმის გაძლიერებული ზრდა ქალებში სახეზე, მკერდზე, ძუძუს დვრილის გარშემო, მუცლის თეთრ ხაზზე, თეძოს შიგნითა ზედაპირზე, რაც უხშირესად გამოწვეულია მამაკაცის სასქესო ჰორმონების - ანდროგენების სიჭარბით. ხოლო ჰიპერტრიქოზი – ეს არის ჭარბთმიანობა სხეულის ნებისმიერ უბანზე - ხშირად იქაც კი, სადაც ეს ნორმა არ არის. ეს მოვლენა გამოწვეულია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების პათოლოგიითა და ბევრი სხვა მიზეზით. მკურნალობის შედეგიც ამ პათოლოგიების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრით განისაზღვრება. დღეს თანამედროვე ბაზარზე წარმოდგენილია თმის მოცილების მრავალი მეთოდი - როგორც დროებითი, ასევე მუდმივი. ამ უკანასკნელს ეწოდება ეპილაცია. იგი  გულისხმობს თმის ფოლიკულის, ანუ ბოლქვის საბოლოო განადგურებას. თმის სამუდამოდ მოცილების მეთოდებია: ელექტროეპილაცია, ფოტო და ლაზერული ეპილაცია, ხოლო თმის მოცილების დროებითი მეთოდია დეპილაცია, რაც თმის ხილული ნაწილის მოცილებას გულისხმობს. ასეთია ცვილით დეპილაცია, პარსვა, დეპილატორი მალამოების გამოყენება და სხვა.

- რამდენად ეფექტიანია ეს მეთოდები?

- ელექტროეპილაცია ძალზე ეფექტიანი მეთოდია, ის მუშაობს როგორც მუქი, ასევე ღია და ჭაღარა თმის შემთხვევაშიც. საჭიროებს რამდენიმე პროცედურას. უარყოფითი მხარეები - მტკივნეულობა და პროცედურის ხანგრძლივობაა. ფოტოეპილაცია თმის ფოლიკულის განადგურებაა მაღალი სიხშირის სინათლის მეშვეობით. მისი მოქმედების პრინციპი ეფუძნება თმის ბოლქვში არსებული მელანინის (პიგმენტის) მიერ სინათლის ენერგიის შთანთქმას და შედეგად თმის ბოლქვის განადგურებას. სინათლის წყაროს წარმოადგენს სპეციალური ნათურა, რომელიც განსაზღვრული სპექტრის სინათლეს ასხივებს. პროცედურების რაოდენობა საშუალოდ 3-7-ს შეადგენს.

- ამჟამად ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს ლაზერულ ეპილაციას.

- ლაზერულმა ტექნოლოგიებმა ესთეტიკური მედიცინის სფეროში დიდი გამოყენება პოვა. ამ მხრივ არც ეპილაციის პროცედურა წარმოადგენს გამონაკლისს. ამ მიზნისათვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ლაზერული აპარატები, ხოლო მათ შორის საუკეთესო ეფექტით გამოირჩევა დიოდური ლაზერი, რომელიც მთელი რიგი უპირატესობით სარგებლობს სხვა ტიპის ლაზერთან შედარებით. იგი გამოიყენება მუქი კანის ტიპის, ასევე გარუჯული კანის შემთხვევაშიც. მისთვის არა აქვს მნიშვნელობა თმის დიამეტრს, რის გამოც ღინღლის შემთხვევაშიც გამოიყენება. ასევე ეფექტიანია ეს ხერხი ღია ფერის თმის ეპილაციის დროსაც, პროცედურა უმტკივნეულოა, საბოლოოდ მიღებული ეფექტი კი - მუდმივი.

- დასასრულ, რამდენად უსაფრთხოა ეს მეთოდები, ხომ არა აქვთ გვერდითი მოვლენები და უარყოფით ზემოქმედებას ხომ არ ახდენენ კანზე?

- უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ლაზერის აპარატის მაღალი დონისა, ეპილაციის უსაფრთხოება და ეფექტი დიდად არის დამოკიდებული ექიმის კვალიფიკაციაზე. მხოლოდ ინდივიდუალურად და სწორად შერჩეული პარამეტრები განაპირობებს საუკეთესო შედეგს. ლაზერული ეპილაცია არ არის პროცედურა, რომელიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია - ეს არის ფუფუნების საგანი და შესაბამისად, იგი ძვირად ღირებული პროცედურების რიცხვს მიეკუთვნება.

ხათუნა ჩიგოგიძე