ბრტყელი ტერფი - დისკომფორტი, რომლის გამოსწორებაც შეიძლება - კვირის პალიტრა

ბრტყელი ტერფი - დისკომფორტი, რომლის გამოსწორებაც შეიძლება

ბრტყელტერფიანობას რამდენიმე ათეული წლის წინ დიდი ყურადღების ღირსად არ თვლიდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ადამიანს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. საბედნიეროდ, უკვე არსებობს საშუალებები და ბრტყელტერფიანობის გამოსწორება შესაძლებელია. სწორედ ამის თაობაზე გვესაუბრება ექიმი ტრავმატოლოგი ირინა ყიფშიძე:

- ამბობენ, ჩვილი ბავშვის ბრტყელტერფიანობა ჩვეულებრივი ამბავიაო. მაგრამ ეს ასე არ არის და ბავშვის ექიმმა რაც შეიძლება ნაადრევ ასაკში უნდა მოახერხოს ამის აღმოჩენა. ტერფი აუცილებლად უნდა შემოწმდეს ორივე მდგომარეობაში - როცა პატარა ზის და ფეხზე დგას. ბრტყელ ტერფს ხშირად თან სდევს ხერხემლის დეფორმაცია. ბრტყელი ტერფის დადგენა შეიძლება რენტგენოგრაფიითაც და კომპიუტერითაც.

- რა სიმპტომები ახლავს ბრტყელტერფიანობას, ამას როგორ უნდა მიხვდეს მშობელი?

- ბრტყელი ტერფი შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი. რაც ნაკლებია ტერფის თაღის სიმაღლე, მით უფრო ბრტყელია ტერფი. ზოგ შემთხვევაში "უბრალო" თვალიც კი შეამჩნევს, რომ ტერფის თაღის სიმაღლე შემცირებულია, უარეს შემთხვევაში, ტერფი თითქოს გაბრტყელებულია. ბრტყელტერფიანი ბავშვები ხშირად უჩივიან დაღლას მაშინაც კი, როცა ერთი შეხედვით თითქოს ამის მიზეზი არ აქვთ.

- კომპიუტერული დიაგნოსტიკა ალბათ მაინც ყველაზე ზუსტად განსაზღვრავს ტერფის მდგომარეობას.

- ცხადია, კომპიუტერული დიაგნოსტიკით ზუსტად დგინდება ტერფის ბიომექანიკური მაჩვენებლები (ნაბიჯის გადადგმის დროს თითოეულ სანტიმეტრზე წარმოქმნილი წნევა). ასეთ დროს ტერფის კომპიუტერული გამოსახულება სიარულისას იწერება და შედეგად ვიღებთ ინფორმაციას ტერფის ფორმის, სასიარულო ღერძის მდებარეობის, დასაყრდენი უბნებისა და ა.შ. შესახებ. თუ რომელიმე პარამეტრში დარღვევაა, მაშინ  პატარას ენიშნება სამკურნალო-საკორექციო ღაბაში, ანუ  სუპინატორი. არსებობს მზა სუპინატორებიც. როცა სუპინატორი კომპიუტერული რეჟიმის მიხედვით მზადდება, თითოეულ პაციენტს ტერფის ინდივიდუალური საკორექციო საშუალება ეძლევა. თანდაყოლილი გართულებული ბრტყელი ტერფის შემთხვევაში იშვიათად, მაგრამ მაინც ინიშნება ოპერაციული მკურნალობაც.

- ღაბაშით მკურნალობა რა ასაკშია ყველაზე ეფექტიანი?

- საუკეთესოა 4-დან 8 წლამდე ასაკი. ძვლოვანი სტრუქტურა სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება. პარალელურად ბავშვს სპეციალური ვარჯიშები ენიშნება. თავად ღაბაშით კორექციის პროცესი ძალზე მარტივია - ბავშვი სწორად დადის და ეს არის მისი მკურნალობა. ეფექტიანია სუპინატორი იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ტერფი მეტისმეტად ეტვირთებათ (ფეხბურთის, კალათბურთის თამაშის, ცეკვის დროს...), ღაბაში ამ დროს ბავშვებს დატვირთვის შემსუბუქებასა და ხანგრძლივ ვარჯიშში ეხმარება...

- რამდენ ხანს არის აუცილებელი სუპინატორის ტარება?

- ვიდრე პატარას ძვლის სტრუქტურა საბოლოოდ არ ჩამოუყალიბდება. წლების განმავლობაში სწორდება ღერძი, ისახება დასაყრდენი უბნები და ა.შ. არის შემთხვევები, რომ ბავშვს ტერფი ღაბაშის დახმარებით 1-2 წელიწადშიც უსწორდება, მაგრამ თუკი ფეხსაცმლიდან სუპინატორის ამოღებას ვიჩქარებთ, შეიძლება ეს შედეგი აღარც შენარჩუნდეს... დიდი მნიშვნელობა აქვს ტერფების მასაჟს, რომლის დროსაც ტერფის თაღი მუშავდება...

- გარდა ღაბაშისა და მასაჟებისა, კიდევ რა საშუალებები არსებობს ტერფის გამოსასწორებლად.

- უნდა ვეცადოთ, რომ ბრტყელტერფიანი ბავშვი ავარიდოთ სპორტის ისეთ სახეობებს, სადაც წამყვან მოძრაობად სირბილი ითვლება, რადგან ეს ტერფებისთვის მეტისმეტად მძიმე დატვირთვაა. ისე კი კარგია ვარჯიშები. მაგალითად, შიშველი ფეხებით ფეხის წვერზე ოთახში სიარული, სიარული ტერფის გარეთა კიდეებზე დაყრდნობით, ფეხისგულებით რაიმე მკვრივი საგნის გორება, ჩოქბჯენის მდგომარეობაში ფეხის წვერებსა და ხელებზე დაყრდნობით ოთახში გადაადგილება, ჩაბუქვნა, ფეხის თითებით წვრილი საგნების აღება... თითო ვარჯიშის განმეორება სასურველია 10-15-ჯერ მაინც.