ჯიბლიბო ინფექციური დაავადებაა - კვირის პალიტრა

ჯიბლიბო ინფექციური დაავადებაა

თვალები გაგიწითლდათ და გტკივათ? ყველაფერში დამნაშავეა მიკრობები. ჯიბლიბო ქუთუთოების ანთებითი პროცესის - ბლეფერიტის ნაირსახეობაა. იწვევს ინფექციები (უმეტეს შემთხვევაში სტაფილოკოკები). ძლიერ იმუნიტეტს შეუძლია გაუმკლავდეს მას. თუ ორგანიზმი დასუსტებულია (რასაც ხელს უწყობს ხშირი გაცივება, სტრესი, ქრონიკული უძილობა, გადატანილი დაავადებები, ვიტამინების უკმარისობა), ინფექციებს უადვილდება ორგანიზმში შეჭრა და იწვევს ანთებას.

ჯიბლიბომ შეიძლება მკურნალობის გარეშეც გაიაროს, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესი ხანგრძლივია. ეს პროცესი შეიძლება დავაჩქაროთ მშრალი სითბოთი. მაგალითად, ულტრაიისფერი სხივებით ანთება სწრაფად ჩაქრება.

ცნობისთვის: თუ ჯიბლიბოს დროს ტემპერატურამ აგიწიათ, გადიდდა ლიმფური კვანძები და რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ ანტიბიოტიკებს, არასტეროიდულ ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატებს და სხვ.

დაიხსომეთ! ჯიბლიბო ხელით ან ნემსით არ გამოირწყათ, რადგან ჩირქი შეიძლება მოხვდეს სისხლძარღვებში და გამოიწვიოს ქუთუთოების აბსცესი, სეფსისი ან მენინგიტი, ე.ი. საავადმყოფოში მოგიწევთ მკურნალობა.

ჯიბლიბოს სამკურნალოდ შეიძლება გამოიყენოთ ბუნებრივი ანტისეპტიკები, გაიკეთოთ სველი საფენები და კომპრესები: მაგალითად, ჩაის ნაყენი, რომელსაც ანთებსაწინააღმდეგო თვისება აქვს (ან გვირილის, გულყვითელას, ალოეს ფოთლები). ეს მცენარეები ბუნებრივი ანტისეპტიკებია, სწრაფად ხსნის ანთებას და ტკივილს.

ცნობისთვის: თვალები რომ ინფექციებისგან დაიცვათ, ხშირად არ შეეხოთ ხელით, გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი პირსახოცი, ცხვირსახოცი, არ გამოიყენოთ სხვისი კოსმეტიკა, ყოველ საღამოს დაიბანეთ სახე და მოიშორეთ მაკიაჟი.