მენინგიტი გვიტევს?!
26-05-2014
მენინგიტი გვიტევს?!
2014 წლის 24 აპრილის შემდგომ პერიოდში თბილისის სტაციონარებში მენინგიტით დაავადებული ბავშვების რიცხვმა იმატა, ქალაქში სერიოზული შიში გაჩნდა: მენინგიტი გვიტევს! სადღეისოდ რაოდენობა უკვე თითქმის 170-ია.

შემთხვევათა უპირატესი რაოდენობა თბილისშია, თუმცა შემთხვევები რეგისტრირებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში განხორციელებულმა კვლევამ მოლეკულური და სეროლოგიური მეთოდით დაადასტურა კლინიცისტთა ვარაუდი, რომ საქმე გვაქვს ენტეროვირუსულ ინფექციასთან.
პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე:


-
მენინგიტი მართლაც გვიტევს, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენთან გავრცელებული სახეობა ყველაზე მსუბუქია. მენინგიტების 80%, რომლითაც ავადდებიან ხოლმე ბავშვები, სწორედ ვირუსულია. საერთოდ, ყოველწლიურად მენინგიტით ავადდება 150-170 ბავშვი. დღეს, აპრილიდან მოყოლებული, უკვე 170 პაციენტია
დაფიქსირებული. ეს ენტეროვირუსი რამდენიმე წელიწადში ერთხელ მატულობს ხოლმე. ჩვენთან ენტეროვირუსული ინფექციის გავრცელება აღწერილი იყო 2006 და 2010 წლებში.  რაკი ის ხასიათდება დაახლოებით 4-წლიანი ციკლურობით, 2014 წლისთვის ნავარაუდევი იყო გავრცელების მორიგი ტალღა.

- რამდენი შემთხვევა დარეგისტრირდა 2006 და 2010 წლებში?

- 2006 და 2010 წლებში საქართველოში სულ დარეგისტრირდა მენინგიტების 300 შემთხვევა წლიურად. ისიც გაითვალისწინეთ, რომ შარშან როსტოვში მენინგიტის გამომწვევი ენტეროვირუსით 585 ბავშვი დასნეულდა. საგულისხმოა, რომ ამ ვირუსს ახასიათებს მაღალი მტარებლობა. ვისაც აღმოაჩნდა მენინგიტი, მათ გარდა, ბევრმა გადაიტანა ეს დაავადება ისე, რომ ვერც კი გაიგო. მათ დარჩათ იმუნიტეტი. რამდენიმე წელი ამ იმუნიტეტის გამო დაავადების შემთხვევები შემცირებული იქნება. მას მერე, რაც დაგროვდება არაიმუნურები, ეს ინფექცია ისევ გაჩნდება.

- როგორ გადადის მენინგიტი ადამიანიდან ადამიანზე, რომელი პერიოდია უფრო საშიში დაავადების გავრცელებისთვის?
- ენტეროვირუსული ინფექციით ადამიანები ავადდებიან წლის ნებისმიერ სეზონზე, თუმცა ციკლური მატების წლებში საქართველოში შემთხვევათა რიცხვის მატება ივნისიდან იწყება და შემოდგომის ჩათვლით გრძელდება. წელს ნაადრევმა დათბობამ გამოიწვია მენინგიტის მაისიდან გააქტიურება. თუმცა შემთხვევათა რიცხვი თანდათან მოიკლებს...

ვირუსული მენინგიტით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ადამიანი. მაგრამ 1 თვეზე ნაკლები ასაკის ჩვილები და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირები მაღალი რისკის ქვეშ არიან.
ვირუსული მენინგიტი ძირითადად გვხვდება 10 წელზე ქვევით ასაკის ბავშვებში. ის ყველაზე ხშირად ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ფეკალური დაბინძურებით (მაგ.: პამპერსის გამოცვლის დროს, საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ ხელების არასათანადო დაბანით).

- როგორია ვირუსული მენინგიტის კლინიკური ნიშნები?

- ვირუსული მენინგიტი ხასიათდება ტემპერატურის უეცარი მატებით, თავის ტკივილით და კისრის დაჭიმვით. ხშირად ახლავს გულისრევა, ღებინება...
ვირუსული მენინგიტით შესაძლოა დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი. ბაქტერიული (რომელიც უფრო მძიმედ მიმდინარეობს) და ვირუსული მენინგიტის სიმპტომები მსგავსია, ამიტომ პირველივე სიმპტომებისთანავე უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.

ვირუსული მენინგიტის სიმპტომები ასაკის მიხედვით განსხვავდება. ჩვილებს აღენიშნებათ: ცხელება, გაღიზიანებადობა, უმადობა, ძილიანობა. მოზრდილებს: მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი, კისრის დაჭიმვა, მკაფიო სინათლეზე სენსიტიურობა, ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, უმადობა...

- მენინგიტის შემთხვევებმა შოკში ჩააგდო თბილისელები, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება სკოლებსა და ბაღებში დროებით სწავლის შეწყვეტაზე...
- ზოგადად, სრულიად საკმარისია ჰიგიენის ნორმების დაცვა. ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით საპირფარეშოში ყოფნის, ხველების, დაცემინების შემდეგ; საჭიროა ამ პირობების შექმნა ბავშვებისთვის - სკოლაში უნდა მოდიოდეს წყალი, იყოს თხევადი საპონი და ქაღალდის ხელსახოცი, ნაცვლად ნაჭრის პირსახოცისა... ვინაიდან უფროსკლასელები ამას გაუმკლავდებიან, მათთვის საშიშროება ნაკლებია. რაც შეეხებათ  10 წლამდე ბავშვებს, მათ უჭირთ ჰიგიენის ნორმების დაცვა, ამიტომაც გადაწყდა, საბავშვო ბაღებისა და დაწყებით კლასებში დროებით სწავლის შეწყვეტა.

მენინგიტი 5-7 დღე გრძელდება და მერე უკვალოდ ქრება... უფრო საშიშია წითელას ინფექცია, რომელიც ისევ გრძელდება. საერთოდ, მინდა იცოდეთ, რომ წითელას და ყბაყურას გართულების შემთხვევაში განვითარებული მენინგიტი უფრო საშიშია... ამიტომაც არის აუცილებელი თქვენი და ბავშვის აცრა. არ არსებობს ვაქცინა ვირუსული მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევის - არაპოლიომიელიტური ენტეროვირუსების საწინააღმდეგოდ. ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება საკმაოდ რთულია, რადგან ზოგჯერ ინფიცირებული ადამიანი არ გამოიყურება ავადმყოფივით, მაგრამ ავრცელებს ვირუსს.

- დაბოლოს, რაკი წელს მენინგიტის გამომწვევი ენტეროვირუსი გააქტიურებულია, ხომ არ იქნება საშიში ზღვაზე დასვენება, რომ წყლის საშუალებით არ მოხდეს დაავადების გადადება?
- ხშირად გაიგონებთ, ზღვაზე ბავშვს ენტეროვირუსი შეხვდაო - ძირითადად იმ შემთხვევაში, როცა მას ფაღარათი ემართება. ეს არ არის ენტეროვირუსი, ეს არის რინოვირუსები, ან როტავირუსები, ან ნოროვირუსები... მენინგიტის გამომწვევი ენტეროვირუსი ზღვის სეზონამდე იმდენად დაიკლებს, რომ შემთხვევათა რიცხვი ჩვეულებრივი რაოდენობისა გახდება, ისე, როგორც ეს შარშან ან შარშანწინ იყო... ასე რომ, განსაკუთრებულად საშიში აღარ არის...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით