როდესაც ადამიანს "ჯანსაღი" კბილები სცვივა... - კვირის პალიტრა

როდესაც ადამიანს "ჯანსაღი" კბილები სცვივა...

ყველას უნდა ჯანსაღი, ლამაზი კბილები ჰქონდეს და ეს სილამაზე დიდხანს შეინარჩუნოს. კბილების სიჯანსაღე კი, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საღ ღრძილებზე. როგორ ზიანდება ღრძილები, ან რა იწვევს მას? - ამ კითხვებზე გვიპასუხებს სტომატოლოგი თამარ მეგრელიშვილი:

- ღრძილების ანთებას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მათ შორის უნდა გამოვარჩიოთ: დაქვეითებული იმუნიტეტი, ჰიგიენის ნორმების დაუცველობა, პირის ღრუს არასწორი მოვლა, კბილების არასწორი ხეხვა... რბილი და მაგარი ნადები, რომლის მოცილებაც აუცილებელია. ადამიანი წელიწადში ორჯერ მაინც უნდა მივიდეს სტომატოლოგთან კონსულტაციისათვის, ნადების მოსაცილებლად და პაროდონტოლოგიური მკურნალობისთვის.

- ქ-ნო თამარ, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ღრძილების ანთება გვეწყება?

- როცა მწვავე ფორმასთან გვაქვს საქმე, ამის გაგება ძალიან ადვილია: იწყება სისხლდენა ღრძილიდან, ვითარდება ღრძილის რეცესია, ანუ ფესვის მიდამო შიშვლდება - გგონია, კბილმა ზევით ამოიწიაო. ამას თან ახლავს შეშუპება და უსიამოვნო სუნი. მაგრამ არსებობს გაცილებით რთული - მშრალი ფორმები, როდესაც პაციენტს ერთი შეხედვით არაფერი აწუხებს, კბილებს ვიზუალურადაც არაფერი ეტყობა, მაგრამ დაზიანების პროცესი უჩუმრად მიმდინარეობს.

- ანთებითი პროცესი ერთი კბილის ირგვლივ იწყება, თუ ღრძილები ერთბაშად ზიანდება?

- ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია და ღრძილების ანთებაც ყველასთან სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. შეიძლება ერთ ადგილას დაიწყოს და როცა იქ პათოლოგიური მიკრობები ანთებით პროცესს გამოიწვევს, მთელ პირის ღრუში გავრცელდეს. ამიტომ, ვიდრე პაციენტი კბილებს დაკარგავს, ეს სახიფათო პროცესი დროულად უნდა შევაჩეროთ. კბილების ცვენა პაროდონტიტის ბოლო სტადიაა. ეს პროცესი ასე მიმდინარეობს: თავიდან იწყება კბილის ყელის მიდამოს გაშიშვლება, რასაც მოსდევს კბილ-ბუდისა და ფესვების თანდათანობითი განლევა, კბილის ირგვლივ ქსოვილები ზიანდება და ერთი შეხედვით საღი კბილები ირყევა. ასეთ დროს პაციენტები ამბობენ: სრულიად ჯანმრთელი კბილები დამცვივდაო, რაც შეცდომაა, რადგან ჯანსაღი კბილი კბილ-ბუდიდან არ ამოვარდება. ეს კბილი მხოლოდ გარეგნულად ჩანდა ჯანმრთელი - კბილის სიჯანსაღე არ არის მხოლოდ ვიზუალური მხარე, მთავარი - მის ირგვლივ არსებული გარემოა. რაც უნდა საღი ჩანდეს კბილის გვირგვინოვანი ნაწილი, ეს სულაც არ ამტკიცებს, რომ პაციენტის პირის ღრუ ჯანმრთელია. უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ფესვებს, კბილის ირგვლივ ქსოვილებს და იმ გარემოს, რომელშიც ის იმყოფება.

-  ღრძილების ანთება რამდენად არის დამოკიდებული პაციენტის ასაკზე?

- სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ ხანდაზმულების პრობლემა. შეიძლება ბავშვებს აღმოაჩნდეთ უმწვავესი გინგივიტი. გახშირებულია ორსულთა გინგივიტიც. ღრძილები ზოგჯერ 5-6 წლის ბავშვებსაც კი უავადდება. მკურნალობა ნებისმიერ ასაკში აუცილებელია. მართალია, ხუთი წლის ბავშვი მოიცვლის ამ კბილებს და ახალი ამოუვა, მაგრამ ის ახალი კბილი ნორმალურ გარემოში ხომ უნდა მოხვდეს? ასე რომ, ეს დაავადება ნებისმიერ ასაკში საშიში და საყურადღებოა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ღრძილები ხანდაზმულებს უფრო ხშირად უზიანდებათ. ამას თავისი მიზეზი აქვს: ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში ჰორმონული ცვლილებები მიმდინარეობს და ადამიანმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს პირის ღრუს სიჯანსაღეს. უფრო ხშირად უნდა მივიდეს კვალიფიციურ პაროდონტოლოგთან და თუ საეჭვო ნიშნებს შეატყობს, იმკურნალოს.

- რამდენად ეფექტიანია ღრძილების ანთების დროს თვითმკურნალობა?

- ღრძილების დაავადებების დროს თვითმკურნალობას რთულ შედეგებამდე მივყავართ. პაციენტები პირის ღრუში ივლებენ ათასგვარ სავლებს, რაც ამ დაავადებას ქრონიკულად აქცევს, დალექილი ნადები ღრძილების შიგნით კონსერვდება, მერე ეს მიკრობები განაგრძობენ უარყოფით ზემოქმედებას, ბოლოს, პაციენტი სავალალო შედეგებამდე მიდის. ამიტომ საეჭვო ნიშნების აღმოჩენისას დროულად უნდა მივაკითხოთ ექიმს. კვალიფიციური ექიმი განსაზღვრავს, როგორ უშველოს თქვენს კბილებსა და ღრძილებს, ან რომელი მეთოდია თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური: ღრძილების მკურნალობა ლაზერული, თუ ულტრაბგერითი გზით.

- ქ-ნო თამარ, კბილების გასათეთრებლად ათასგვარ მეთოდსა და საშუალებას იყენებენ, მათ შორის სოდას... როგორ მოქმედებს ეს ნივთიერებები ღრძილებზე?

- გააჩნია, რა ფორმით, ან რა მეთოდებით ითეთრებენ, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ამ დროს ღრძილები იწვება, ხალხური მეთოდებით კბილების გათეთრება მინანქარზეც ძალიან ცუდად მოქმედებს. ეს შეიძლება შევადაროთ ლეღვის ნახარშით გარუჯვის მცდელობას. სოდა კბილებს არ ათეთრებს. კბილების გათეთრება არ არის მარტო მინანქრის გათეთრება - მთავარია, კბილის შიგნითა შრე გათეთრდეს. თუ გარედან ხშირად იხეხავთ სოდით, მიმდინარეობს ტუტერეაქცია, რაც მთელ მინანქარს ჩამორეცხავს.  სოდას ლიმონსაც აწვეთებენ და ასე იხეხავენ... ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა ხდება ამ დროს: სოდას აქვს ტუტერეაქცია, ლიმონს - მჟავე, მათ რომ ერთმანეთში შეურევ, მართალია, ეს ზედმეტ ნადებს ჩამოფხეკს, მაგრამ კალციუმსაც გამოიტანს, ფოსფორსაც და ამის ნაცვლად იქ პიგმენტი შევა. რა აზრი აქვს ასეთ გახეხვას, თუ კბილის გარსს დავაზიანებთ? მეორე-მესამე დღეს ასეთი კბილი შეიძლება უფრო გამუქდეს. წყალბადის ზეჟანგით და სოდით კბილების ინტენსიური გახეხვა არ შეიძლება, რადგან ეს არის კბილების ზედაპირული, ზერელე გათეთრება. კბილების მოსაწესრიგებლად და მინანქრის გასათეთრებლად არსებობს სპეციალური პასტები. მათ ახლავს ანოტაცია, რომელსაც ყურადღებით უნდა გავეცნოთ: ზოგი პასტა ყოველდღიური მოხმარებისთვისაც უსაფრთხოა, ზოგი - თვეში ორჯერ ან ერთხელ უნდა გამოვიყენოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე